რა არის ფინანსური პორტფელი?
პორტფელი ადამიანთა უმრავლესობისთვის აქციებთან, ობლიგაციებთან და ნაღდ ფულად სახსრებთან ასოცირდება. ფართო გაგებით კი, ის სხვა სახის აქტივებსაც მოიცავს, მაგალითად: ოქროს, ხელოვნების ნიმუშებს, უძრავ ქონებასა და კერძო კომპანიებში ინვესტიციებს. ის, თუ როგორი სახის პორტფელის შექმნა გსურთ, დამოკიდებულია თქვენს გეგმებზე, ამასთან, იმაზეც, თუ რამდენად რისკიანი ხართ ფულადი სახსრების მართვისას.
როგორც აღინიშნა, ინვესტირებისას მნიშვნელოვანია სწორად მოახდინოთ თქვენი რისკებისა და ამონაგების შეფასება. ამისათვის მნიშვნელოვანია იცოდეთ რა არის დივერსიფიკაცია. დივერსიფიკაცია ესაა რისკების მართვის ჭკვიანური სტრატეგია, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო პორტფელის იმგვარად დაყოფას, რომ იგი აერთიანებდეს სხვადასხვა ტიპის აქციებს, ობლიგაციებსა თუ სხვა ტიპის აქციებს, რომელთაც განსხვავებული ქცევა ახასიათებთ საფონდო ბირჟებზე. შესაბამისად, თუ რომელიმე მათგანი წარუმატებელი იქნება, ჯამურ ინვესტიციას და შესაბამისად, ინვესტორის ფინანსურ მდგომარეობას საფრთხე არ მიადგება. დივერსიფიცირებული ინვესტიციის მქონე ინვესტორი არ არის დამოკუდებული ერთი კონკრეტული სახეობის პროდუქტისა თუ ფასიან ქაღალდის წარმატება-წარუმატებლობაზე.
რა არის პორტფელი?
პორტფელი ფინანსური აქტივების კრებულია და მოიცავს აქციებს, ობლიგაციებს, ნაღდი სახის ფულად სახსრებს, უძრავ ქონებასა ან/და ალტერნატიულ ინვესტიციებს.
იდეალურ შემთხვევაში, საუკეთესო პორტფელი მაქსიმალური სარგებლის მომტანი უნდა იყოს. ამასთან, მისი შექმნისას გასათვალისწინებელია ყველა რისკ-ფაქტორი, რომელიც ფინანსურ საქმიანობას თან სდევს. თქვენს პორტფელში აქტივები უნდა გადანაწილდეს თქვენივე ფინანსური საჭიროებების მიხედვით და იმის გათვალისწინებით, რამდენი ხნით გსურთ კონკრეტული აქტივის ფლობა.
არსებობს სხვადასხვა სახის პორტფელი. ზოგჯერ ისინი მოიცავენ მხოლოდ ერთი ტიპის აქტივს, მაგალითად აქციებს, ან ობლიგაციებს. ამასთან, უკვე არსებობს წინასწარ განსაზღვრული რეკომენდაციების კრებული, რომელიც პორტფელის შექმნასა და მართვას უკავშირდება. ზოგადი რეკომენდაციების მიუხედავად, პორტფელის შექმნისას გასათვალისწინებელია ინვესტორის ინდივიდუალური მახასიათებლები. პორტფელში აქტივების გადანაწილება დამოკიდებული იმაზეც, თუ რამდენს გამოიმუშავებს ინვესტორი, როდის აპირებს პენსიაზე გასვლას, როგორია მისი ცხოვრების წესი და რისკისადმი დამოკიდებულება.
მაგალითად, ადამიანს სურს 1000 დოლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელოს და მისი მიზანია, აღნიშნული თანხა სხვადასხვა ტიპის აქტივში დააბანდოს. ვთქვათ, პირველ რიგში, ინვესტორმა შეიძინა 250 დოლარის ღირებულების აქციები Apple-ში და 150 დოლარის ღირებულების აქციების პაკეტი — Nike-ში. ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია პორტფელის დივერსიფიცირება, რათა მისი კაპიტალი არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ორი კომპანიის საქმიანობაზე. ვინაიდან მის მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები ამის საშუალებას იძლევა, მას შეუძლია დამატებით შეიძინოს 330 დოლარის ღირებულების მუნიციპალური ობლიგაციები და 270 დოლარი დააბანდოს რომელიმე ინდექს ფონდში. ამ შემთხვევაში, კონკრეტული ინვესტორის პორტფელში 67%-ს აქციები($670), ხოლო 33%-ს ობლიგაციები($330) დაიკავებს.
რა არის პორტფელის შექმნის მიზანი?
პორტფელების დახმარებით შესაძლებელია ერთ სივრცეში მოაქციოთ თქვენი ფულადი სახსრები, რათა გამარტივდეს თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მონიტორინგი და მართვა.
პორტფელის მონიტორინგი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, მუშაობს თუ არა წინასწარ გათვლილი ფინანსური სტრატეგია. სურვილის შემთხვევაში, პორტფელი დაგეხმარებათ საკუთარი აქტივების დივერსიფიცირებაში — მისი მართვის პროცესში შეძლებთ, შეცვალოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები.
პორტფელის შექმნის გზები
ადამიანთა უმრავლესობა პორტფელის შექმნას რამდენიმე აქციის შეძენით იწყებს — ეს პორტფელის საბაზისო, მარტივი ფორმაა. თუმცა, კვლევები აჩვენებენ, რომ პორტფელი უნდა წარმოადგენდეს აქტივების კრებულს. ეს რისკების ეფექტიანად მართვასა და შემოსავლების ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ.
პორტფელის შექმნის სამი ძირითადი გზა არსებობს:
1. ინდივიდუალური აქტივების შერჩევა ინვესტორის მხრიდან;
2. ინვესტიციის განხორციელება ორმხრივ/საინვესტიციო ფონდში, რომელიც სხვადასხვა ტიპის აქტივებს აერთიანებს;
3. ფინანსური მრჩევლის დაქირავება;
როგორც აღინიშნა, შეგიძლიათ დამოუკიდებლად აირჩიოთ აქციების ნაკრები ან გააკეთოთ აქციებისა და ობლიგაციების ნაზავი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებებს თავად იღებთ და მხოლოდ საკუთარი ძალებით აშენებთ პორტფელს.
მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულების ალტერნატივაა ინვესტიციის ჩადება საინვესტიციო ფონდში, რომელსაც პროფესიონალი მართავს. ის აქციების, ობლიგაციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების ნაზავში ინვესტირების საშუალებას იძლევა.
კიდევ ერთი შესაძლებლობა ფინანსური მრჩევლის დაქირავებაა, რომელიც საინვესტიციო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ და თქვენს ფულად სახსრებს მართავს.
პორტფელის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ ორი ძირითადი ფაქტორი:
- რისკების მართვა — თქვენი რისკისადმი დამოკიდებულების გააზრება მართებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ;
- დროითი ჰორიზონტის განსაზღვრა — მნიშვნელოვანია გათვალოთ, რამდენი წლის განმავლობაში აპირებთ აქტიურ ფინანსურ საქმიანობას;
ეს იმის გააზრებაში დაგეხმარებათ, თუ რა ტიპის პორტფელის შექმნა გსურთ და რა სახის ინვესტიციებია თვენთვის ხელსაყრელი. როგორც წესი, მაღალი რისკიანობა ახასიათებთ იმ ინვესტორებს, რომლებსაც გრძელვადიანი გათვლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც მალევე აპირებს გაყიდოს საკუთარი აქტივები.
მაღალი რისკი და გრძელვადიანი პოლიტიკა ახასიათებთ აგრესიულ ინვესტორებსაც, რომლებიც სხვადასხვა სახის აქციებსა და უძრავ ქონებას ყიდულობენ. მათი მიზნების განხორციელება გარკვეულ დროს მოითხოვს, რის გამოც პორტფელის ეფექტიანობა რისკის ქვეშ დგება.
დაბალი რისკი და მოკლევადინი პოლიტიკა კი ახასიათებთ კონსერვატიულ ინვესტორებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ფინანსურ სტაბილურობას და მეტად პროგნოზირებად შემოსავალს. ხშირად კონსერვატიული ინვესტორები საკუთარი ფულის დიდ ნაწილს შემოსავლებზე ორიენტირებულ ინვესტიციებში აბანდებენ და ნაკლები რისკის ფასად გარანტირებული შემოსავლების მიღებას თანხმდებიან.
პორტფელთან დაკავშირებული რისკები
მარტივი გაგებით, რისკი ფულის დაკარგვის ალბათობაა. ფულის დაბანდებამდე მნიშვნელოვანია, გაერკვეთ რომელი ტიპის ინვესტორი ხართ: აგრესიული, კონსერვატიული თუ ზომიერად რისკის გამწევი. საკუთარი რიკისადმი ტოლერანტობის გათვალისწინებით, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი აქტივების მართვის სტრატეგია და პორტფელი ეფექტიანად მართოთ.
აქტივების მართვისას განასხვავებენ სპეციფიკურ და პორტფელის რისკებს.
ძირითადად, "სპეციფიკური რისკები" ინდივიდუალური აქციებისთვისაა დამახასიათებელი. არსებობს შანსი, რომ სპეციფიკურმა ფაქტორმა გავლენა მოახდინოს კონკრეტული კომპანიის საქმიანობაზე (მაგ: კომპანიამ დაკარგოს მენეჯერი, მსხვილი მიმწოდებელი გაკოტრდეს და ა.შ). მაგრამ როდესაც საფრთხე ექმნება იმ სეგმენტს, რომელშიც თქვენი პორტფელის ძირითადი ნაწილია კონცენტრირებული, ინვესტორი "პორტფელის რისკის" წინაშე დგება.
გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტულ სეგმენტში კონცენტრირებული პორტფელი შეიძლება უფრო მეტად არამდგრადი იყოს, ვიდრე დივერსიფიცირებული. მაგალითად, თუ ძირითადად უძრავი ქონების სფეროში ჩადებთ ინვესტიციებს და ეს სეგმენტი ბაზარზე მკვეთრად შემცირდება, თქვენი პორტფელი მნიშვნელოვანი დანაკარგების წინაშე აღმოჩნდება. შესაძლებელია, რომ ამ ტიპის პორტფელის სპეციფიკური რისკი დივერსიფიკაციის გზით შემცირდეს.
რისკების მართვა დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად გრძელვაიანი ან მოკლევადიანიანია თქვენი გეგმები. მაგალითად, ინვესტორს, რომელსაც სურს, მალევე იყიდოს სახლი, შეუძლია შეამციროს რისკი და შედარებით მცირე, მაგრამ გარანტირებულ შემოსავალს დასჯერდეს. თუმცა, მათთვის, ვისაც პენსიაზე გასვლამდე ბევრი დრო დარჩათ, მეტად გამართლებულია გრძელვადიანი მიზნები დაისახონ და მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით, რისკები ეფექტიანად მართონ.
რატომ არის მნიშვნელოვანი პორტფელის დივერსიფიცირება?
პორტფელის დივერსიფიცირება დანაკარგების შემცირებისა და რისკების დაზღვევის მიზნით ხდება. როგორც წესი, დივერსიფიცირებული პორტფელი აქციების, ობლიგაციებისა და ფულად სახსრების ნაზავს მოიცავს . აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების, ოქროსა და სხვა აქტივების დამატებამ შესაძლებელია, გააძლიეროს დივერსიფიცირებული პორტფელი.
გასათვალისწინებელია, რომ ფულადი სახსრების აქტივების ერთ კლასში დაბანდება მაღალი რისკის შემცველია. მაგალითად, თუ თქვენს მფლობელობაში არსებული აქციების ფასი დაეცემა, თქვენი პორტფელის ეფექტიანობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ აქციების პარალელურად შეიძინოთ ობლიგაციებიც, რაც უფრო მეტად სტაბილური შემოსავლის მიღების საშუალებას მოგცემთ.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ დივერსიფიცირებული პორტფელი რისკებისგან ბოლომდე დაზღვეული არ არის, თუმცა ფინანსების ამგვარი მართვა შესაძლო დანაკარგებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
მაჩვენე შენი პორტფელი და გეტყვი, ვინ ხარ შენ
ადამიანები პორტფელებს საკუთარი მიზნებისა და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ქმნიან. როგორც უკვე ვახსენეთ, დაბალი რისკის შემცველ ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდება "კონსერვატიული ინვესტორებისთვის" არის დამახასიათებელი, ხოლო მაღალი რისკის გაწევისა და ამის ხარჯზე მაღალი სარგებელის მიღებას "აგრესიული ინვესტორები" არჩევენ. აღსანიშნავია, რომ პორტფელის შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს დროითი ფაქტორები და მოლოდინები, რათა განხორციელებულმა ინვესტიციამ მაქსიმალური სარგებელი მოიტანოს.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები