Android 20-ჯერ მეტი მოცულობის ინფორმაციას აგროვებს თქვენზე, ვიდრე iOS — კვლევა
ტექნოლოგიური კომპანიები მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე და მათი ინფორმაციის დაცულობაზე ხშირად საუბრობენ და ამაყობენ კიდეც ამით. მაგალითად, Apple მუდამ აცხადებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს მათზე უკეთ არავინ იცავს. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ასეთი კომპანიები კოლოსალურ ინფორმაციას თვითონვე აგროვებენ მომხმარებლების შესახებ.
ტრინიტის კოლეჯის მკვლევარმა, დუგლას ლეითმა თავის ნაშრომში აჩვენა, რომ Google 20-ჯერ უფრო დიდი მოცულობის ინფორმაციას აგროვებს Android-ის მომხმარებლებისგან ვიდრე Apple iOS-იდან.
კვლევაში განხილულია ის ტელემეტრიული ინფორმაცია, რომელსაც ორივე ოპერატიული სისტემა მათ შემქმნელებს, Google-სა და Apple-ს, გადასცემს.
თუ ამ კვლევას დავუჯერებთ, ორივე ოპერატიული სისტემა ინფორმაციას აგროვებს და უგზავნის სერვერს მაშინაც კი, თუ მომხმარებელს ამაზე უარი აქვს ნათქვამი.
"ორივე, iOS-იცა და Android-იც გზავნის ტელემეტრიულ ინფორმაციას მფლობელ კომპანიებთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებელს არ აქვს ავტორიზაცია გავლილი ან სპეციალურად აქვს არჩეული პარამეტრები ისე, რომ წესით მათი ინფორმაციის გადაგზავნა არ უნდა ხდებოდეს. ორივე სისტემა გზავნის ინფორმაციას Google-თან და Apple-თან ისეთ უბრალო ქმედებებზეც კი, როგორიც SIM ბარათის სმარტფონში ჩადება ან უბრალოდ პარამეტრების გვერდის ნახვაა. მეტიც, მაშინაც კი, როდესაც სმარტფონი დაბლოკილია, ორივე სისტემა ყოველ 4,5 წუთში უკავშირდება სერვერს", — განაცხადა დუგლას ლეითმა.
iOS ავტომატურად აგროვებს ინფორმაციას Siri-დან, Safari-დან და iCloud-დან. Google ამას უფრო მეტი წყაროდან შვება და ინფორმაცია Chrome-დან, YouTube-დან, Google Docs-დან, Safetyhub-დან, Google Messenger-დან, Clock-დან და ძებნიდან მაშინაც კი მიაქვს, როდესაც თქვენ ანგარიშში შესული არ ხართ.
"ყოველ 12 საათში ერთხელ ანდროიდი გუგლს 1 მეგაბაიტ ინფორმაციას უგზავნის, ხოლო iOS, იმავე პერიოდში, 52 კილობაიტ მონაცემს აგროვებს. მხოლოდ ამერიკის მასშტაბით, Android ყოველ 12 საათში 1,3 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაციას აგროვებს, ამ დროში iOS მხოლოდ 5,8 გიგაბაიტის შეგროვებას ასწრებს" — აღნიშნავს დუგლას ლეითი
Apple-სა და Google-ის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადეს, რომ კვლევა არაზუსტი მეთოდოლოგიითაა ჩატარებული და შეიძლება მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს. ინფორმაცია, რომელიც სისტემების მიერ გროვდება უმეტესწილად მათსავე განახლებებისა და უსაფრთხოების შემოწმებას ემსახურება. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ მკვლევარი ნაშრომზე მუშაობისას იყენებდა Google Pixel 2-ს, რომელიც გასული წლის Android 10 ვერსიაზე მუშაობდა, ხოლო მეორე სმარტფონად iPhone 8-ს, რომელზეც დაჯეილბრეიქებული iOS 13 ეყენა.
Google-ის სპიკერის თქმით, ანდროიდი და Google-ის API-ები ისეა მოწყობილი, რომ ბევრ განსხვავებულ სმარტფონსა თუ ტაბლეტზე ერთნაირად უნდა იმუშაოს, სწორედ ამისათვისაა საჭირო გარკვეული ინფორმაციის შეგროვება მოწყობილობებიდან.
"ეს ნაშრომი მნიშვნელოვნად აცდენილია რეალობას, ჩვენ გავუგზავნეთ კვლევის მეთოლოგიები ავტორს, მანამ სანამ ნაშრომ გამოაქვეყნებდა", — განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.
Apple-ის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, Ars Technica-სთან საუბრისას განაცხადა, რომ Apple პერსონალური ინფორმაციის შეგროვების პროცესს გამჭვირვალედ ახორციელებს და მომხმარებლებს აქვთ კონტროლი იმ ინფორმაციაზე, რომელსაც კომპანია აგროვებს. ასევე, მათ აქვთ საშუალება არ გასცენ თავისი ადგილმდებარეობა და არ გაუგზავნონ Apple-ს ინფორმაცია ამის შესახებ.
კომენტარები