მსოფლიოში პირველი ქარხანა, რომელიც პლასტმასის ყველა ფორმის გადამუშავებას შეძლებს
ჩვენ პლასტიკთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს. Plastics Europe-ის მონაცემებით, წლიურად 350 მილიონი ტონა პლასტმასი იწარმოება და აქედან მხოლოდ 9%-ის გადამუშავება ხდება. ეს ძალიან ცუდი სტატისტიკაა. პლასტმასი აბინძურებს ოკეანეებს და ზოგადად მთლიან დედამიწას.
უფრო საგანგაშო პროგნოზებიც გვაქვს — მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, 2025 წლისთვის ეს პრობლემა ათჯერ გაიზრდება.
ეს აჩენს შეკითხვას, თუ რატომ არ ვაქტიურობთ ამ მხრივ?
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ბრიტანეთში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Mura-მ გამოაცხადა, რომ ქმნის მსოფლიოში პირველ კომერციულ ქარხანას, რომელიც "ჰიდროთერმული" პროცესის გამოყენებით, პლასტიკის ყველა ფორმის ნარჩენს გადაამუშავებს.
ახალი ტექნოლოგია გადამუშავების მოწინავე პროცესებს გამოიყენებს. ამით აქამდე გადაუმუშავებელი პლასტმასის გადამუშავებაც მოხდება. კომპანია ირწმუნება, რომ ქარხანა 2022 წლისთვის ამუშავდება და მას წელიწადში 80 000 ტონა პლასტმასის გადამუშავება შეეძლება.
"ჩვენ კატასტროფის წინაშე ვართ. დროა ავიღოთ ინიციატივა და დავასრულოთ პლასტიკური დაბინძურება. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ." — ამის შესახებ Mura Technology-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ მაჰონმა განაცხადა.
ეს განცხადება დროულია, იმიტომ, რომ კომპანიები, ისევე როგორც სახელმწიფოები მსგავს გადამამუშავებელ ტექნოლოგიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ.
ამასთან, კომპანია Unilever-მა აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის შეფუთვაში პლასტიკის რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს, ხოლო ნესტლემ 2025 წლისთვის 100% გადამუშავებად და მრავალჯერად შეფუთვაზე გადასვლა დააანონსა.
"პრობლემა პლასტმასში არ არის, ის მის გადამუშავებაშია. ჩვენ გვსურს შევცვალოთ ის ხედვა, რაც მსოფლიოს პლასტმასის მიმართ აქვს. დღეს პლასტმასი ერთჯერად და გადასაგდებ მასალად აღიქმება. ჩვენ ამას შევცვლით და პლასტმასს მრავალჯერად, გადამუშაბეად მასალად ვაქცევთ. ის იქნება უფრო გამოსადეგი და რაც მთავარია, პლანეტას აღარ დააბინძურებს." — ამბობენ Mura Technology-ში.
კომენტარები