10 რამ, რაც შეგიძლია 1 საათში დედამიწისთვის გააკეთო
თანამედროვე ეპოქაში მცხოვრები ადამიანების უმეტესობას საკუთარი დღის განრიგი მკაცრად, წუთიდან წუთამდე აქვს გაწერილი. ყოველდღიურობის ძირითად ასპექტებში, ვერ ვიტყვით, რომ საზრუნავი იმაზე მეტია, ვიდრე წარსულში: სწავლა, სამსახური, ახლობლებისთვის და საკუთარი თავისთვის დათმობილი დრო მეტ-ნაკლებად არ შეცვლილა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. თუმცა, საზოგადო საზრუნავს სხვა გლობალურ გამოწვევებთან ერთად დაერთო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები — კლიმატის კრიზისი, დაბინძურება, ნარჩენების რაოდენობის ზრდა და სხვა.
მკაცრად გაწერილ განრიგში ამ საზოგადო საზრუნავის გათვალისწინება, სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება. შესაძლოა, ყოველდღიური წვრილმანი პრობლემების მსგავსად მისმა უგულებელყოფამ დაუყოვნებლივი შედეგები არ მოიტანოს, თუმცა, ადრე თუ გვიან, ყველა არაჯანსაღი პროცესი კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცევა ხოლმე. სწორედ ასე მოხდა კლიმატის ცვლილების შემთხვევაში — და ეს პრობლემა მწვანე პოლიტიკის გატარების გაჭიანურების პარალელურად ზრდას განაგრძობს.
როგორც იტყვიან, დრო არ იცდის, მსოფლიო ლიდერებს კი კარდინალური ცვლილებების მიღება კონსუმერული კულტურის გავლენის ქვეშ უჭირთ. ამ დროს ინდივიდუალური ძალისხმევის როლი იკვეთება.
დედამიწის საათი, რომელიც ყოველწლიურად იმართება, გარემოს დასაცავად ინდივიდუალური ძალისხმევის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ღონისძიებაში ჩართული ადამიანები 1 საათით ელექტროგანათებას თიშავენ, რაც, ერთგვარად, პლანეტის ზრუნვისთვის გამოყოფილი დროის სიმბოლოა.
თუმცა, 1 საათი მხოლოდ სიმბოლო როდია. დედამიწის საათის ლოგოზე არის წარწერა "60+", რომელიც პლანეტის მოსახლეობას ახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ 1 საათის საქმე არაა. წელიწადში, დაახლოებით, 8 765 საათია და მხოლოდ 60 წუთით გამორთული ელექტროენერგია ყველა იმ პრობლემას ვერ მოაგვარებს, რომლის წინაშეც დღეს ვიმყოფებით.
და მაინც — კიდევ რისი მოსწრება შეგიძლია 1 საათში, ჩვენი პლანეტის სასიკეთოდ?
1. ნარჩენების დახარისხება
რამდენიმე წლის წინ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ნაგვის ურნები, რომლებიც ნარჩენების დახარისხების საშუალებას იძლევა. ქაღალდი, პლასტმასა, შუშა და შერეული — ამგვარად განაწილებული სათავსოები მოქალაქეებს წვრილმანი "ნაგვის" დახარისხებას სთავაზობს.
ასეთი მოქცევა ყოველთვის შეიძლება. გარდა იმისა, რომ ქაღალდის არასაჭირო ნაწარმისგან გათავისუფლება მისი მაკულატურაში ჩაბარებით შეგიძლია (ან — მაკულიტერატურაში — წიგნების სანაცვლოდ), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პლასტმასას გამოცალკევება. მისით დაბინძურების პრობლემის შესახებ ალბათ თავადაც ბევრი რამ იცი, აქ, უბრალოდ, პატარა სტატისტიკას წარმოგიდგენთ:
- 1950-იანი წლების შემდეგ მსოფლიოში 8,3 მილიარდი ტონა პლასტმასა დამზადდა.
- ბოლო 50 წლის განმავლობაში პლასტმასის მოხმარების რიცხვი გაორმაგდა.
- ყოველ წუთში მსოფლიოში მილიონამდე პლასტმასის ბოთლი იყიდება.
- პლასტმასა ყოველწლიურად 1,1 მილიონ ცხოველსა და ზღვის ფრინველს კლავს.
2. წყლის დაზოგვა
ხშირად წყლის რესურსს გაუცნობიერებლად (ან, სამწუხაროდ, გაცნობიერებულად) ისე ვეპყრობით, რომ არ ვითვალისწინებთ არც არსებულ მდგომარეობას და არც რესურსის რაოდენობას. ყველამ ვიცით, რომ დედამიწის უმეტესი ნაწილი წყალს უკავია, თუმცა, სკოლაში იმასაც გვასწავლიან, რომ მტკნარი წყალი მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტამდეა.
მაშინ, როდესაც დედამიწაზე მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავაც არ აქვს წვდომა მტკნარ წყალზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვმართებს მისი მოხმარებისას. უფრო კონკრეტული ნაბიჯები რომ შემოგთავაზოთ, შეგიძლიათ, მაგალითად, კბილების გახეხვისას ონკანი დაკეტოთ, ან იმაზე სწრაფად მიიღოთ შხაპი, ვიდრე აქამდე აკეთებდით.
ამ "პატარა" ქმედებებით, ძველი სანტექნიკის გამოცვლით (რომელიც უფრო მეტ წყალს მოიხმარს — ტუალეტის ჩარეცხვისას, მაგალითად), ან არსებულის შეკეთებით (როცა ონკანი წვეთავს), არა მხოლოდ წყლის რესურსს დაზოგავთ, მასზე დაწესებულ გადასახადსაც შეამცირებთ ოჯახის ბიუჯეტის სასიკეთოდ.
3. ენერგომოხმარების წყაროების ეკომეგობრული ალტერნატივებით ჩანაცვლება
წყლის რესურსის მსგავსად, ფულის დაზოგვაში დაგეხმარება ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების საშუალებებიც. ალბათ 1 საათზე ნაკლები დრო დაგჭირდება, რომ ახლომდებარე მაღაზიაში გახვიდე, შეიძინო ენერგოეფექტური ნათურები და მათით შეცვალო სახლში არსებული სინათლის ხელოვნური წყაროები.
გარდა იმისა, რომ ენერგოეფექტური ნათურები უფრო გამძლეა, ვიდრე მისი ტრადიციული ალტერნატივები, მათი საშუალებით შესაძლებელია ნახშირბადის ემისიების შემცირებაც.
4. ფეხით/ველოსიპედით სიარული
სტატიის დასაწყისში ხსენებული თანამედროვე ცხოვრების დინამიკური სტილი ამოსუნთქვის ან თუნდაც ფეხით გასეირნების დროს არ გვიტოვებს. სამაგიეროდ, გვიტოვებს ჩვევას, რომ ვიჩქაროთ ყველგან და ყოველთვის. ამის გამო, ზოგჯერ ალბათ არცთუ შორს მდებარე მაღაზიაში მანქანით წასვლაზე უარს არ ვამბობთ.
გადატვირთული მოძრაობა და მანქანების გამონაბოლქვი მსოფლიოს არაერთ დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, დიდ პრობლემად რჩება. შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში, აუცილებლად წადი ფეხით ან ველოსიპედით — ეს, ერთი მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების წესია, მეორე მხრივ, ეკომეგობრული ალტერნატივაა, მესამე მხრივ კი დროის და ნერვების დაზოგვის საშუალება, რადგან საცობში დგომა არ მოგიწევს. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, გადაადგილებას ნამდვილად მოახერხებ 1 საათში.
5. მაღაზიაში პარკზე უარის თქმა, მის ნაცვლად კი მრავალჯერადი ჩანთის გამოყენება
იცოდით, რომ საქართველოში თითოეული ადამიანი წელიწადში, დაახლოებით, 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს? უფრო გლობალური სტატისტიკით კი:
- ყოველ წუთში მსოფლიოში 2 მილიონ პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ.
- ამგვარი პარკის მოხმარების საშუალო დრო 12 წუთია.
და რა ხდება 12 წუთის შემდეგ? პარკები, რა თქმა უნდა, ნაგავსაყრელზე ხვდებიან და იმის გამო, რომ მის დაშლას, საშუალოდ, 450 წელი სჭირდება, ამდენი ხნის განმავლობაშივე რჩება გარემოში და კლავს ცოცხალ ორგანიზმებს.
პროდუქციის დამზადებას, ცხადია, მასზე მოთხოვნა უზრუნველყოფს. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ მაღაზიაში დასმულ კითხვას — "პარკი გნებავთ?" — უარით უპასუხებ და საკუთარ მრავალჯერად ჩანთას გამოიყენებ.
6. გადასახადების ონლაინგადახდა
კიდევ ერთი მარტივი გზა, რომელიც ნარჩენების შემცირებაში და კვლავაც გარემოზე ზრუნვაში დაგეხმარება, გადასახადების ონლაინგადახდა, ან, შეიძლება ითქვას, ქვითრებზე უარის თქმაა. რაც უფრო ნაკლებად გამოიყენებ ნაბეჭდ ქაღალდს და უპირატესობას მიანიჭებ მის ციფრულ ვერსიებს (ეს კი მხოლოდ ქვითრებს არ ეხება), მით მეტად შეამცირებ მოთხოვნას ქაღალდის პროდუქციაზე. ამ პროდუქციის წარმოება კი გაუტყევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
7. შესაძლებლობის შემთხვევაში მრავალჯერადი პირბადის გამოყენება
საზოგადოდ, კორონავირუსის პანდემიით დაპაუზებულ მსოფლიოში მობილობის შემცირება სასიკეთოდ აისახა გარემოს მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, ნარჩენებით დაბინძურების პრობლემას კიდევ ერთი ნივთი დაემატა — ერთჯერადი გამოყენების პირბადე.
ცხადია, ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია და პირბადის ტარება ამის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტია პანდემიის პერიოდში, თუმცა, კვლავაც შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში — თუკი ღია სივრცეში იმყოფები ან სხვა ადამიანებისგან ფიზიკურად დისტანცირებული ხარ — უმჯობესია, მრავალჯერადი პირბადე გამოიყენო. სხვა მხრივ, რადგან ერთჯერადი პირბადის განსასვენებელიც ნაგავსაყრელია, მხოლოდ იზრდება ნარჩენების რაოდენობა;
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელმაც მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში არსებული სიტუაცია შეაფასა, თუკი ყველა ადამიანი ერთჯერად პირბადეს მხოლოდ ერთი დღით გამოიყენებდა, წლის განმავლობაში 66 ათას ტონა გახრწნად ნარჩენთან ერთად, 57 ათასი ტონა პლასტმასის შეფუთვა აღმოჩნდებოდა გარემოში. OceanAsia-ის მონაცემებით კი, 2020 წელს ოკეანეში 1,56 მილიარდი პირბადე მოხვდა.
8. ცხოველური წარმოშობის პროდუქციის მოხმარების შემცირება/შეზღუდვა
კიდევ იცით, რა არის გაუტყევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი? მეცხოველეობა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ინდუსტრია.
შვედ გარემოს დამცველ აქტივისტს, გრეტა თუნბერგს, რომელიც ვეგანია, არაერთხელ უსაუბრია, რა კავშირია კლიმატის კრიზისსა და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის მოხმარებას შორის. გარდა იმისა, რომ ფერმების გასაშენებლად ხშირად იჩეხება ტყეები — ფერმერების სახელზე ყოველდღიურად გაჩეხილი, დაახლოებით, 200 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტყეა — მეცხოველეობა პასუხისმგებელია სათბურის აირების ყველაზე დიდი რაოდენობის გამოყოფაზეც. სხვათა შორის, ამაზონის გაუტყევების უმთავრესი მიზეზიც ხორცპროდუქტების ინდუსტრიაა.
თუკი ვეგანური ან ვეგეტარიანული ცხოვრების სტილის არჩევა შენს გეგმებში ჯერჯერობით არ შედის, შეგიძლია, ხორცის მოხმარება, შესაბამისად, მასზე მოთხოვნა, საკუთარი სურვილით შეამცირო და ლანჩისთვის გამოყოფილ 1 საათში, მაგალითად, სალათა მიირთვა.
9. ხის დარგვა
ალბათ ყველაზე ეკომეგობრული საქმე, რომლის გაკეთებაც შეგიძლია, ხის დარგვაა. ჯერ კიდევ კლიმატის კრიზისის არსებობამდე, ქართულ კულტურაში ტყის მნიშვნელობაზე ყურადღება იყო გამახვილებული — ვალდებულება, რომ ცხოვრებაში ერთი ხე მაინც უნდა დარგო და "ტყე შეუნახო შვილებსა".
დღეს კი ეს ქმედება პირდაპირ მიემართება პლანეტის გადარჩენას. ამ მარტივად გასაკეთებელი საქმით ჰაერის გაჯანსაღება, ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლა და ველური ბუნების დახმარებაა შესაძლებელი. სხვა ყველა სარგებელთან ერთად, ბევრი ხის საშუალებით ენერგიის დაზოგვაც შეიძლება — ზაფხულში, მაგალითად, გაგრილების სისტემების საჭიროების არქონის გამო;
ამასთან, ხეების არსებობის სასიკეთო გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე დასტურდება კვლევებით: ფანჯრიდან ხეების დანახვა პაციენტებს მკურნალობის პროცესში ეხმარება, სკოლის გარშემო მწვანე გარემოს არსებობა კი ბავშვების მოტივაციასაც აუმჯობესებს.
ისე, 1 საათში 1 ხეზე ბევრად მეტის დარგვას მოასწრებ.
10. ინფორმაციის გავრცელება
არათუ 1 საათი, 1 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარებას. გარდა ამისა, გარემოს დაცვის საქმეს დიდად წაადგება, თუკი აქტიურად გაავრცელებ არა მხოლოდ ამ სტატიაში წარმოდგენილ რჩევებს, არამედ ინფორმაციას კლიმატის კრიზისისა და დედამიწაზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
ინფორმაცია — ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი — შეგიძლია, დაუპირისპირო კლიმატის ცვლილებების პროცესს და კონსუმერულ საზრისსაც, რომელიც პლანეტის და მისი მობინადრეების ინტერესებს უგულებელყოფს.
კომენტარები