MIT-ის ახალ ხელოვნურ ინტელექტს ჰოლოგრამების შექმნა რეალურ დროში, უბრალო სმარტფონითაც შეუძლია
ჰოლოგრამებმა, შესაძლოა, ვირტულაური რეალობა უფრო მიმზიდველი გახადოს, გააუმჯობესოს 3D ბეჭდვის ტექნოლოგიები და ექიმებს დიაგნოზის დასმასა და პაციენტების მკურნალობაში დაეხმაროს — თუმცა, მათი შექმნა დღევანდელი ტექნოლოგიებით საკმაოდ რთულია.
"ხშირად ამბობენ, რომ კომერციული ჰოლოგრამის დისპლეი 10 წელიწადში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა, უკვე ათწლეულებია ეს ფრაზა მესმის", — განუცხადა MIT News-ს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) მკვლევარმა, ლიანგ შიმ.
ცოტა ხნის წინ შიმ და მისმა კოლეგებმა MIT-ში შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც რეალურ დროში მოახდენს ჰოლოგრამების გენერირებას. მეტიც, მის გამოსაყენებლად არათუ სუპერკომპიუტერი, არამედ ჩვეულებრივი ლეპტოპი და სმარტფონიც საკმარისია.
რა არის ჰოლოგრამა?
ჰოლოგრამა არის ბრტყელი გამოსახულება, რომელიც სამგანზომილებიანია.
წარმოიდგინეთ სტანდარტული ფოტოსურათი, რომელზეც, მაგალითად, ვაშლია გამოსახული. როგორც არ უნდა მოაბრუნოთ თავი მასზე დაკვირვებისას, ან როგორც არ უნდა შეუცვალოთ კუთხე სურათს, იგი ყველა მხრიდან ერთნაირი ჩანს — ყველა მხრიდან ერთსა და იმავეს ხედავთ.
როგორც იცით, ბრტყელი სურათები იქმნება იმ ყველაფრიდან არეკლილი სინათლის აღბეჭდვით, რასაც კამერა ხედავს გადაღებისას. თუმცა, სტანდარტული ორგანზომილებიანი სურათებისგან განსხვავებით, ვაშლის ჰოლოგრამს აქვს სიღრმე. როდესაც თავს ამოძრავებთ, ან თვითონ ჰოლოგრამს უცვლით კუთხეს, ისეთი შეგრძნება გრჩებათ, თითქოს მას სხვა მხრიდან უყურებთ.
ჰოლოგრამების შესაქმნელად გამოიყენება სინათლე და მისი თითოეული ტალღის ფაზა. ეს ყველაფერი კი დამკვირვებელს უტოვებს იმის შეგრძნებას, რომ იგი სამგანზომილებიან ობიექტს უყურებს.
AI-ზე დაფუძნებული ჰოლოგრამა
ტრადიციულად, ჰოლოგრამები იქმნება ლაზერის სხივების გამოყენებით, თუმცა ამ მეთოდით მხოლოდ უძრავი გამოსახულებების მიღებაა შესაძლებელი.
კომპიუტერზე დაფუძნებული ტექნოლოგიებს, რომლებიც ჰოლოგრამებს აგენერირებენ, ამ შეზღუდვის გადალახვა შეუძლიათ. თუმცა, მასში გამოყენებული სიმულაციების დასამუშავებლად ძალიან დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო.
მაგალითად, სუპერკომპიუტერებს ერთი ჰოლოგრამის შესაქმნელად რამდენიმე წუთი სჭირდებათ, საბოლოო შედეგი კი, შესაძლოა, მაინც არ იყოს ფოტორეალისტური.
ჰოლოგრამების გენერირების პროცესის დასაჩქარებლად, MIT-ის მკვლევართა გუნდმა შექმნა AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომელსაც ისინი "ტენზორების ჰოლოგრაფიას" უწოდებენ.
მკვლევრებმა, პირველ ეტაპაზე, საწვრთნელი მონაცემები შექმნეს, რომელიც კომპიუტერით გენერირებულ 4 000 სურათს მოიცავს მათი შესაბამისი ფოტორეალისტური ჰოლოგრამებით და ინფორმაციით თითოეული პიქსელის შესახებ.
შემდეგ მათ AI-ის ასწვალეს, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ნებისმიერი 2D სურათის ჰოლოგრამის გენერირება. როდესაც ეს პროცესი დასრულა, AI-ს უკვე მილიწამებში შეეძლო ფოტორეალისტური ჰოლოგრამების შექმნა.
"საოცარია, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეს ტექნოლოგია", — განუცხადა მკვლევარმა ვოიჩეხ მატუშიკმა MIT News-ს.
აღნიშნული AI 1 მეგაბაიტზე ნაკლებ მეხსიერებას საჭიროებს. ინფორმაციის გამოსათვლელად საჭირო ტექნოლოგიას კი, რომელსაც იგი იყენებს, ვხვდებით დღევანდელ სტანდარტულ სმარტფონებსა და ლეპტოპებშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მოწყობილობებმა მარტივად უნდა უზრუნველყონ ჰოლოგრამების შექმნა.
"ამან შესაძლოა საბოლოოდ შეცვალოს ადამიანების მიდგომა ჰოლოგრაფიის მიმართ", — ამბობს მატუშიკი.
კომენტარები