წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც მცენარეებთან კომუნიკაცია შეგიძლიათ. მაგალითად, ვაშლის ხეს ეკითხებით, თუ როდის ჯობია მისგან მოსავლის აღება. ერთი შეხედვით ეს სრული ფანტასტიკაა, მაგრამ მცენარეებთან კომუნიკაცია ბევრად რეალურია, ვიდრე ამას შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ.

სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ინსტრუმენტი, რომელსაც მცენარესთან ელექტრო სიგნალების მიტანა შეუძლია. ეს ელექტროსიგნალები კი მასთან კომუნიკაციისთვის გამოიყენება.

მოწყობილობის დეტალური აღწერა Nature Electronics-ში და Advanced Materials-ში გამოქვეყნდა. ამ ინოვაციური ტექნოლოგიით მცენარესთან პირდაპირ საუბარს ვერ შეძლებთ, მაგრამ მისგან გაიგებთ თუ როგორ რეაგირებს გარემოზე და მისთის "შეტყობინების" გაგზავნაც შეგეძლებათ.

ამის მისაღწევად, მკვლევრები მცენარეებთან ელექტროსიგნალებით კომუნიკაციას ცდილობენ. ჩვეულებრივ, ელექტროსტიმულაცია ელექტროდების საშუალებით ხორციელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი გამოყენება შეუძლებელია, რადგან მცენარის თმიან და უხეშ ზედაპირზე ელექტოიდების დაკავშირება რთულია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მკვლევარებმა სპეციალური "მორფული" ელექტროდი შექმნეს, რომელსაც მცენარის ზედაპირზე მიერთება შეუძლია.

ამ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, სმარტფონით მცენარისთვის ელექტრული იმპულსის გაგზავნაა შესაძლებელი.

ვენერას ბუზიჭერიას ექსპერიმენტები

როდესაც მსგავსი ექსპერიმენტი ვენერას ბუზიჭერიაზე ჩატარდა, ელექტროიდმა იმ სიგნალების დაჭერა შეძლო, რომელსაც მცენარე ასხივებდა. მეცნიერები ამით არ დაკმაყოფილდნენ და მცენარესთან "საუბარი" მოუნდათ.

მათ შეძლეს და სპეციალური სიგნალის გაგზავნით მცენარეს ფოთლების დაკეტვა მოსთხოვეს. მცენარემ მკვლევრებს "დაუჯერა".

"ჩვენი მოწყობილობა სხვდასხვა მცენარის ზედაპირზე მაგრდება. ეს მცენარეებთან კომუნიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამით მცენარეებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარებას შევძლებთ." — ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი ლოჰ სიაუნ ჯუნი.

პერსპექტივები

მცენარეებთან მსგავსი "კომუნიკაციის" განვითარება მოსავლის მონიტორინგის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ უფრო აქტუალური შეიძლება გახდეს კლიმატის ცვლილებასთან ერთად.

"მცენარეთა ელექტრული სიგნალების მონიტორინგით, ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ შესაძლო დისტრესული სიგნალები და ანომალიები. მსგავსი ტექნოლოგიებით ფერმერებს მცენარეებში მიმდინარე პროცესებზე ბევრად მეტი ინფორმაცია ექნებათ. ეს მცენარეებში დაავადებების პრევენციისთვისაა საჭირო. ეს მოსავლიანობაზე კარგად აისახება." — ამბობენ მკვლევრები.

მეტიც, ამ ტექნოლოგიას რობოტების და მცენარეების დაკავშირებაც შეეძლება. რაც რობოტიკაში კიდევ ერთ ახალ მიმართულებას განავითარებს.