აშშ-ს კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ეფექტიანობა 79%-ია
აშშ-ში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა Covid-19-ის წინააღმდეგ ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს. დღეს, 22 მარტს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ვაქცინა მოსახლეობას ვირუსით გამოწვეული ყველაზე ცუდი შედეგებისგან იცავს და მას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გააჩნია.
უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ანალიზი საფუძვლად დაედო კვლევაში მონაწილე 32 449 ადამიანის მონაცემებს, რომლებშიც კორონავირუსის 141 სიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ს კვლევამ AstraZeneca-ს შესახებ, რომლის შედეგებიც AstraZeneca-ს რელიზშია აღნიშნული, შესაძლოა, ხელი შეუწყოს საზოგადოების ნდობის აღდგენას აღნიშნული ვაქცინის მიმართ. თუმცა, ახალი მონაცემები აშშ-ს შემთხვევაში ბევრს არაფერს ცვლის, რადგან ვაქცინა ქვეყანაში ჯერ არ არის ავტორიზებული და მისი გამოყენება აქ შეიძლება არც გახდეს საჭირო.
მონაცემებმა AstraZeneca-ს კომპანიისთვის საშინელ მომენტში მოუსწრო. ამ თვეში თორმეტზე მეტმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა ვაქცინაცია მისი შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო, ამან კი საბოლოოდ შეარყია ნდობა ვაქცინის მიმართ როგორც საზოგადოებაში, ასევე საჯარო მოხელეებში.
ხუთშაბათს ევროკავშირის წამლების მარეგულირებლის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. ამის შემდეგ, ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა ვაქცინაციის პროცესის განახლება. მიუხედავად ამისა, მათ მიერ ვაქცინაციის შეჩერების სიჩქარემ AstraZeneca-ს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მიმართ გამოიწვია იმაზე ბევრად მეტი ეჭვის გაჩენა, ვიდრე მოსახლეობას სხვა ვაქცინების მიმართ ჰქონდა.
AstraZeneca ვაქცინა უკვე 70-ზე მეტ ქვეყანაშია ავტორიზებული, თუმცა ამერიკის მარეგულირებლების განცხადება კომპანიისთვის ამ რთულ მომენტში ძალიან სასარგებლო იქნება.
აშშ-ს კვლევის თანახმად, რომელშიც მოხალისეები მონაწილეობდნენ, AstraZeneca-ს ეფექტიანობა 79%-ია სიმპტომური ინფექციების მიმართ. იგი განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა მძიმე დაავადების თავიდან ასაცილებლად, რაშიც მან 100% ეფექტიანობა აჩვენა.
მისი ეფექტიანობა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ამას აქამდე ჩატარებული კლინიკური კვლევები გვთავაზობდნენ.
კვლევაში მონაწილეებს სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოუვლინდათ. აღსანიშნავია, რომ ევროპაში აცრილი ადამიანების მცირე ჯგუფს თრომბული დაავადებები და უჩვეულო სისხლდენა აღმოაჩნდათ. ამის შემდეგ, ევროპის მარეგულირებლებმა გამოთქვეს ინიციატივა უსაფრთხოების მიზნით ვაქცინის შემოწმების შესახებ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ვაქცინა თრომბული დაავადებების რისკს არ ზრდის.
AstraZeneca ვაქცინას მალე დაემატება ახალი გამაფრთხილებელი იარლიყები იმისთვის, რომ ჯანდაცვის მოხელეებმა თვალყური ადევნონ გვერდითი ეფექტების შესაძლო ნიშნებს.
კომენტარები