ჭყონდიდში მომხდართან დაკავშირებით კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის შსს-ს მიმართავს და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ უწყებამ უნდა შეისწავლონ საქმიანობაში ხელშეშლისა და სხეულის დაზიანების ფაქტები.

"მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები", — წერია განცხადებაში.

დღეს, 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის აივანზე მოაჯირის ჩანგრევის შედეგად 10-მდე ადამიანი გადავარდა. არიან დაშავებულები, მათ შორის, ჟურნალისტებიც. დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

გარდა ამისა, ეპარქიაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს. როგორც ის აცხადებს, "შენს რეზიდენციაში, როცა შენ ხარ მასპინძელი, ადამიანები 4-5 მეტრის სიმაღლიდან რომ გადაცვივდებიან, მთელი პასუხიმგებლობა შენზეა". თუმცა, მიტროპოლიტმა სტეფანემ დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად "გალობა" დაიწყო.

ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე შსს-მს გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.