ონლაინ გადახდის სისტემების მომავალი და საქართველო
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ციფრული სამყარო სულ უფრო აქტუალური ხდება. ბიზნესები ციფრული მომსახურების განვითარებას და მის მომხმარებლებისთვის მორგებას ცდილობენ. რაც მთლიანობაში სასარგებლოა როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
ამ სტატიაში ერთ-ერთ ასეთ ციფრულ მომსახურებაზე, კონკრეტულად კი, გადახდის სისტემებზე ვისაუბრებთ.
რა არის ონლაინ გადახდის სისტემა?
ონლაინ გადახდის სისტემა საბანკო გადახდის პლატფორმაა, რითაც მომხმარებელს საკრედიტო ბარათით პროდუქტის შეძენა და მომსახურების მიღება შეუძლია.
გადახდის სისტემები, პირდაპირ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. ამით ის თქვენთვის უფრო მოქნილ, სწრაფ და მარტივ პროცესებს უზრუნველყოფს. თუ ადრე თანხის მიღებას 3 დღე სჭირდებოდა, ტექნოლოგიების განვითარებით ამ პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდა. დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, თანხის მიღება და გააგზავნა მომენტალურად შეგვიძლია. ამის კარგი მაგალითია, მსოფლიო გიგანტი PayPal — ელექტრონული საგადასახადო სისტემა, რომელიც 200-ზე მეტი სახელმწიფოს ფარგლებში ფუნქციონირებს.
დღეს თითქმის ყველა გადახდის სისტემა აპლიკაციების სახით არის წარმოდგენილი. მათი გადმოწერა სმარტფონით შეგვიძლია, რაც ნიშნავს, რომ აპლიკაციის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივად არის შესაძლებელი. მომხმარებელს მარტივად შეუძლია ნახოს ბალანსი, გააგზავნოს ან გადაიხადოს თანხა, როგორც ონლაინ მაღაზიაში, ასევე ფიზიკური გადახდის ადგილებში.
ამასთან, უმეტესწილად გადახდის სისტემები იყოფა ორ ნაწილად, ფიზიკური პირებისათვის და იურიდიული პირებისათვის.
რა ხდება საქართველოში?
ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარზე, ჩვენთან გადახდის სისტემები საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება. დღეს ეროვნული ბანკის ქვეშ 20-ზე მეტი გადახდის სისტემის პროვაიდერია რეგისტრირებული. საქართველოში დაფუძნებული, სწორედ ასეთი ორი კომპანიაა UniPAY და eMoney, რომელთაც საქართველოში, გადახდის სისტემების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ვესაუბრე.
როგორც UniPAY-ში მითხრეს, მათი კომპანია საქართველოში ონლაინ გადახდებს 2010 წლიდან ავითარებს და ამ ეტაპზე, 750-ზე მეტ ონლაინ მაღაზიას ემსახურება.
"UniPAY საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ბიზნეს პარტნიორია, როგორიც არის Shopify, Wix, Ecwid, Magento და Bigcoomerce. ჩვენი მთავარი უპირატესობა 10 წლიანი გამოცდილება და მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიური პროდუქტებია. გარდა ბიზნეს სექტორისა, ჩვენ ფიზიკურ პირებსაც ვემსახურებით და მათ ელექტრონულ საფულეს ვთავაზობთ. ამის გამოყენება ონლაინ გადახდებისთვის და ფულადი გზავნილებისთვისაა შესაძლებელი.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ გაქვთ მაღაზია და გსურთ ონლაინ გადახდების მიღება, ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ UniPAY-ზე. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში უკვე შეგეძლებათ სრულიად გააციფრულოთ თქვენი ბიზნესი და დაიწყოთ ონლაინ გაყიდვები", — ამბობენ UniPAY-ში.
რაც შეეხება eMoney-ს, კომპანია 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ისინი მომხმარებელს ისეთი სერვისებით სარგებლობას სთავაზობენ, როგორიც არის: კომუნალური გადახდები, საბანკო გადარიცხვები, საერთაშორისო გზავნილები და დაზღვევა. დღეს eMoney-ს საფულეს უკვე 2 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.
eMoney-ზე გადახდების რამდენიმე საშუალება არსებობს:
- Visa/Mastercard ბარათით;
- საბანკო გადარიცხვით;
- სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით.
"eMoney.ge-ზე როგორც ფიზიკურ პირს, ისე ბიზნესსაც შეუძლია მისთვის საჭირო სერვისების მიღება. ერთ-ერთი ასეთი ელექტრონული გადახდების სისტემაა. მისი დახმარებით კომპანია გადახდის თანამედროვე ინსტრუმენტებს თავის პლატფორმაზე ნერგავს.
ჩვენი სერვისი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს ეხმარება, რადგან მათ საშუალებას აძლევს მომენტალურად დაიწყონ თავიანთი პროდუქციის ონლაინ გაყიდვა, რაც დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში ადამიანების მოთხოვნებზე მორგებული გამოცდილების შეთავაზებას გულისხმობს", — ამბობენ eMoney-ში.
და მაინც, რატომ ონლაინ გადახდის სისტემები? ქვემოთ ჩამოვწერ რამდენიმე დადებით მხარეს და მგონია, რომ ესეც საკმარისია:
- ანგარიშსწორება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, MasterCard და Visa ბარათებით;
- ყიდვა-გაყიდვის წარმოება 24 საათის განმავლობაში;
- დაცულობა და გადახდების კონტროლი;
- გადახდებისთვის თვალყურის დევნება, დახარისხება და ფილტრაცია.
როგორი შეიძლება იყოს გადახდის სისტემების მომავალი
"გადახდის სისტემების მომავალი აუცილებლად იქნება დაკავშირებული ციფრულ ვალუტებთან, მაგალითად ბიტკოინთან. ახალი ტექნოლოგიები, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ხანია მსოფლიო ღია ბანკინგისკენ მიიწევს, რისი მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია ერთი აპლიკაციით მართოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებში არსებული თავისი ფინანსები.
თავის მხრივ, ამ სექტორს ახლავს რისკები და უსაფრთხოების საკითხებიც, შესაბამისად, პროცესების სწორად წარმართვასთან ერთად, მუდმივად გაჩნდება ახალი გადახდის სისტემები და სერვისები", — ამბობენ UniPAY-ში.
შეიძლება რთული იყოს იმის თქმა, თუ ზუსტად როგორი შეიძლება იყოს მომავლის გადახდები, მაგრამ ერთი რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, არის რომ ტექნოლოგიები სამყაროს შეცვლის საშუალებას გვაძლევენ და ამის კარგი მაგალითი, ონლაინ გადახდის სისტემებია, რამაც როგორც ბიზნესს, ისე ფიზიკურ პირებს, აქამდე არარსებული კომფორტი შესთავაზა.
ვნახოთ, რა იქნება გადახდის სისტემების მომავალი. ერთი რამ ფაქტია, ტექნოლოგიების განვითარება ამ მხრივ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გააჩენს.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები