ასტეროიდის ზედაპირზე პირველად აღმოაჩინეს წყალი და ორგანული ნივთიერებები
მეცნიერთა გუნდმა, რომელიც ასტეროიდ იტოკავადან მიღებულ ნიმუშს იკვლევს, საინტერესო რამ აღმოაჩინა — აღნიშნული ნიმუში შეიცავს მიწიერი სიცოცხლის მთავარ ელემენტებს — ორგანულ ნაერთებსა და წყალს.
კვლევის მიხედვით, რომელიც ხუთშაბათს ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, როიალ ჰოლოვეის, ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრები პირველები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ასტეროიდების ზედაპირზე ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს. გარდა იმ ჰიპოთეზის გამყარებისა, რომ წყალი და სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო სხვა მოლეკულები ჩვენს პლანეტაზე სწორედ ასტეროიდებმა შემოიტანეს, ეს აღმოჩენა სრულებით ცვლის ჩვენს წარმოდგენას კოსმოსური "ქვების" შესახებ.
პატარა ნიმუში სახელად "Amazon" მეცნიერებმა იაპონიის 2010 წლის Hayabusa მისიის ფარგლებში ასტეროიდ იტოკავაზე მოიპოვეს. ნიმუშებზე დაკვირვებით გაირკვა, რომ არსებობის მანძილზე იტოკავა ერთხელ მაინც დაშალა და შემდეგ ისევ აღდგა თავისი ნაწილებიდან. იქიდან გამომდინარე, რომ დაზიანების კვალი ნიმუშების მხოლოდ ნაწილზე აღინიშნებოდა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაშლამდეც და დაშლის შემდეგაც, მოგზაურობის დროს ასტეროიდმა სხვა სხეულებიც მიიერთა.
"ეს აღმოჩენა ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია, რადგან იგი მიანიშნებს ასტეროიდის ისტორიის კომპლექსურ დეტალებზე და მისი ევოლუციური გზის მსგავსებაზე პრებიოტური დედამიწის ევოლუციასთან", — ამბობს თავის პრეს რელიზში კვლევის თანაავტორი და ლონდონის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ქუინი ჩანი.
ყველა სიკეთესთან ერთად, ეს აღმოჩენა მეცნიერებს დაეხმარება, უფრო ეფექტიანად შეიმუშაონ სტრატეგიები მომავალი ასტეროიდების მისიების დაგეგმვისას.
პრეს რელიზის მიხედვით, აქამდე ჩატარებული კვლევებისა და პროექტების უმეტესობა, რომელთა მიზანი იყო დედამიწაზე სიცოცხლის შემომტანი ელემენტების პოვნა ასტეროიდებზე, უმეტესად ორიენტირებულნი იყვნენ ნახშირბადით მდიდარ C ტიპის ასტეროიდებზე, იტოკავა კი S ტიპის ასტეროიდია. საინტერესო ისაა, რომ დედამიწაზე S ტიპის ასტეროიდების შემოჭრა უფრო ხშირი მოვლენა იყო C ტიპთან შედარებით.
კომენტარები