ბედნიერება არასრულყოფილებაშია — ანუ როგორ უნდა გააჩუმო შინაგანი პერფექციონისტი
დაბადების დღისთვის დედაჩემმა უცნაური საჩუქარი მომიმზადა: ჩემი ერთ-ერთი ნახატი მოიპარა, საკონდიტროში წაიღო და სახლში უზარმაზარი ტორტით ხელდამშვენებული დაბრუნდა. ტორტზე ჩემი არასრულყოფილი ნახატი დამხვდა. დედაჩემი რომ ასე რამდენიმე წლის წინ მოქცეულიყო, ალბათ, ჩემი გაურკვეველი "ნაჯღაბნის" სტუმრების წინაშე გამოაშკარავების გამო სირცხვილისგან დავიწვებოდი. თუმცა როდესაც ჩემს ულამაზო ნახატს შევხედე, ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა — იმ ბედნიერების, რომელიც მხოლოდ არასრულყოფილების სიყვარულსა და ჩემს საყვარელ იაპონურ კონცეფციას — ვაბი-საბის მოაქვს.
სიმართლე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ დედაჩემი ასეთ საჩუქარს ნამდვილად ვერ მომიმზადებდა, რადგან გამომშრალი საღებავები და ძველი ფუნჯები რომელიღაც მტვრიან უჯრაში მქონდა შეჩურთული. მიუხედავად იმისა, რომ ფანქრისგან გაშავებული ხელები, ფუნჯები და საღებავის სუნი ძალიან მიყვარდა, როგორც კი უჯრის გამოღებას დავაპირებდი, ჩემს სხეულში მცხოვრები პერფექციონისტი მიჩურჩულებდა: შენგან ვან გოგი, პიკასო და გუსტავ კლიმტი ვერასდროს დადგება. თუ ფუნჯით მწვერვალებს ვერ დაიპრობ, მისთვის ხელის მოკიდებას საერთოდ რა აზრი აქვს?
თუ მსგავსი ფიქრები შენც გქონია, დიდი ალბათობით, პერფექციონიზმის ციებ-ცხელებამ შენამდეც მოაღწია. პერფექციონიზმი თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია. შეიძლება, ბევრისთვის ეპითეტი "პერფექციონისტი" კომპლიმენტია, მაგრამ ჩემთვის ის მუდმივ სტრესთან და უარყოფით ემოციებთან ასოცირდება. იდეალური გარეგნობა, სამსახური, სახლი, სიყვარული, მეგობრები. დრო შეზღუდულია, მისაღწევი კი — ბევრი. საზოგადოების თვალში შენს ფასს ხშირად მიღწეული წარმატებები და დაპყრობილი მწვერვალები განსაზღვრავს, ამიტომ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გაქვს: უდიდესი მიზანი უნდა დაისახო და ვიდრე მას არ მიაღწევ და იდეალური არ იქნები — ბედნიერებისა და კმაყოფილების შეგრძნება უნდა დაივიწყო.
რატომაა პერფექციონიზმი საზიანო?
მუდმივი განვითარების სურვილი, მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად თავდაუზოგავი მუშაობა, თავისი არსით, რა თქმა უნდა, კარგია. მწვერვალების დაპყრობის სურვილიც მისასალმებელია, თუმცა პერფექციონიზმს ყველა ჩამოთვლილი თვისება, ვფიქრობ, არაჯანსაღ სიმაღლეებზე აჰყავს. და მაინც, რატომაა იდეალურობისკენ სწრაფვა ხშირად საზიანო?
- მარცხის შიში: პერფექციონიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი მარცხის შიშია. წლების განმავლობაში ვთვლიდი, რომ მხოლოდ იმ საქმისთვის უნდა მომეკიდა ხელი, რომელიც კარგად გამომივიდოდა და ხელშესახებ შედეგს, წარმატებას მომიტანდა. არადა, პირველ ჯერზე ხშირად არც არაფერი გამოგვდის, ამიტომ მას მაშინვე თავს ვანებებთ, ან უარესი — არც კი ვიწყებთ.
- ჰობზე უარის თქმა: ჩემს ცხოვრებაში ჰობმა ადგილი დაკარგა. რადგანაც საყვარელი საქმიანობები — წერა, ხატვა თუ სიმღერა კარგად არასდროს გამომდიოდა, ვთვლიდი, რომ მათი ადგილი ჩემს ცხოვრებაში არ იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ხატვის უფლება მხოლოდ პიკასოს ჰქონდა, წერისა კი — ტოლკინს. იმ საქმიანობით დაკავების დრო, რომელსაც ვერ სრულვყოფდი, ნამდვილად არ მქონდა და ჩემი სურვილები უმნიშვნელო იყო.
- სტრესი: პერფექციონიზმი სტრესულია. მუდმივი შფოთვა, მუშაობა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება და დანაშაულის გრძნობა, რომელიც დასვენებისას გეუფლება — ეს ყოველივე, საბოლოოდ, მენტალურ ჯანმრთელობას უდიდეს ზიანს აყენებს.
- სხვებთან შედარება: პერფექციონიზმი საკუთარი თავის მუდმივად სხვებთან შედარებას გულისხმობს. სოციალური ქსელები სავსეა იდეალური გარეგნობისა და ცხოვრების მქონე ადამიანებით; გენიოსებით, რომლებმაც შენზე პატარა ასაკში გამოიგონეს, შექმნეს, მილიარდები გამოიმუშავეს. ეს პერფექციონიზმს მოჯადოებულ წრედ აქცევს, რომელსაც თავს ხშირად ვერასდროს ვაღწევთ.
- სრულყოფილების მოთხოვნილება: პერფექციონისტი თვლის, რომ ბედნიერებასა და კმაყოფილების შეგრძნებას მხოლოდ მაშინ დაიმსახურებს, როდესაც სრულყოფილებას მიაღწევს. სრულყოფილება რომ აბსტრაქტული და მიუწვდომელია, ეს ყველამ კარგად ვიცით. შესაბამისად, პერფექციონისტი არასდროსაა ბედნიერი.
ეს იმ მიზეზების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც ჩემს სხეულში ჩაბუდებულ პერფექციონისტს ბრძოლა გამოვუცხადე და გამარჯვებულმა თავი ვაბი-საბის კონცეფციას, როგორც ბედნიერების ნავსაყუდელს, ისე შევაფარე.
რა არის ვაბი-საბი?
ვაბი-საბის კონცეფცია ბუდისტური ფილოსოფიიდან მომდინარეობს. თუ იაპონური ენის თავისებურებებს იცნობ, არ გაგიკვირდება, რომ მისი პირდაპირ თარგმნა შეუძლებელია. თავდაპირველად, "ვაბი" ბუნებაში, ადამიანებისგან შორს ცხოვრების მარტოობას უკავშირდებოდა, "საბი" კი — დროისა და წარმავლობის იდეას. მე-14 საუკუნიდან აღნიშნული სიტყვების შერწყმამ უფრო დადებითი მნიშვნელობა შეიძინა. დღეს ვაბი-საბის კონცეფცია არასრულყოფილების მშვენიერებით ტკბობასა და მის მიმღებლობას, წარმავლობის იდეისთვის თვალის გასწორებას გულისხმობს. ამით ვაბი-საბი სილამაზის აღქმის დასავლურ მოდელს — იდეალურობის, სიმეტრიულობისა და სრულყოფილი პროპორციების იდეებს დაუპირისპირდა.
იაპონიაში ვაბი-საბი ასიმეტრიული თიხის ნაკეთობების, დიზაინისა და არქიტექტურის სახით გვხვდება. იაპონურ ჩაის ცერემონიაში თიხის ჭურჭელი ხანდახან ძალიან უბრალო და ასიმეტრიულია, თუმცა ეს ფაქტი ჩაის არომატით ტკბობას ხელს არ უშლის. მე თუ მკითხავთ — უცნაურ მომხიბვლელობასაც კი სძენს. თუმცა ვაბი-საბი ხელოვნებით არ შემოიფარგლება და მისი ელემენტების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა შესაძლებელია.
რატომაა ვაბი-საბი მნიშვნელოვანი?
სოციალური მედია, გამუდმებით სხვისი ცხოვრების ყურება და მათთან თავის შედარება — თანამედროვე სამყარო სავსეა ისეთი მიზეზებით, რომლებიც არარეალური იდეალების დასახვისკენ გვიბიძგებს და ყოველდღიური ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების საშუალებას არ გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ წარმატების მიღწევის სურვილში ცუდი არაფერია, რაც გვაქვს, იმის დაფასება მაინც მნიშვნელოვანია. პერფექციონიზმის ეპოქაში ყოველდღიური ბედნიერებების მოხელთება ხშირად ძალიან რთულია, ამიტომ ჩემთვის ვაბი-საბი პერფექციონიზმის მარწუხებისგან ხსნას უკავშირდება.
პერფექციონიზმისგან განსხვავებით, ვაბი-საბი ნაკლოვანებების სიყვარულს გვასწავლის. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემთვის პერფექციონიზმი შედეგთან, ვაბი-საბი კი — პროცესთან ასოცირდება. პერფექციონიზმი უშუალოდ შედეგზეა ორიენტირებული. მისთვის მნიშვნელოვანი მწვერვალზე ასვლის ფაქტია, მანამდე გავლილი გზა კი — უმნიშვნელო. მწვერვალისკენ მიმავალი გზა პერფექციონისტისთვის უაზროდ დახარჯული დროა, თუ მწვერვალზე ასვლა ვერ მოახერხა. თუმცა საქმე ისაა, რომ რეალურ ცხოვრებაში მწვერვალებს ხშირად ვერ ვაღწევთ და ის შედეგი არ დგება, რომლისთვისაც ვიბრძოდით, რომლის იმედიც გვქონდა. შედეგის გარეშე კი პერფექციონისტს მხოლოდ უიმედობა და შიში რჩება, რაც, შესაძლოა, დეპრესიასა და მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებშიც კი გადაიზარდოს.
ვფიქრობ, ვაბი-საბი უფრო დიდ მნიშვნელობას პროცესს ანიჭებს. მწვერვალის შემყურეს არ ავიწყდება, რომ მიზნის მიღწევას მაშინ აქვს აზრი, თუ გზად პატარ-პატარა ბედნიერებების პოვნა და მათი დაფასება შეგიძლია. მთავარია, მუშაობის პროცესი განიჭებდეს ბედნიერებას, ახვალ თუ არა მწვერვალზე — მეორეხარისხოვანია. ვაბი-საბის დახმარებით, წინსვლის მიზეზი შეცდომებითა და ნაკლოვანებებით სავსე პროცესის სიყვარულია და არა — ხშირად მიუღწეველი, არარეალური მიზნები. სწორედ ამიტომ ხატვისთვის შუქ-ჩრდილების სიღრმისეული ცოდნა, წერისთვის განსაკუთრებული ნიჭი, სიმღერისთვის კი — არაამქვეყნიური ხმა საჭირო არაა. ყველაზე არასრულყოფილი რაღაცაც კი შეიძლება მშვენიერი იყოს, რადგან მის მიღმა ისტორია, პიროვნება და თავად ნაკლოვანებებით სავსე ცხოვრების ციკლი იმალება.
რეალობა და სამყარო ასიმეტრიული ფორმებით, შეცდომებით, მარცხითა და უსიამოვნებებითაა სავსე. ვაბი-საბი ასეთ არასრულყოფილ სამყაროშიც კი სილამაზის დანახვის შესაძლებლობასა და ამ გზით, პიროვნული ზრდის, ცვლილებებისადმი ჯანსაღ დამოკიდებულებასა და ცხოვრების არაფრით გამორჩეული მომენტებით ტკბობას გვასწავლის. არასრულყოფილებისა და წარმავლობის იდეისთვის თვალის გასწორება, მიღება და მათი მშვენიერების აღქმის უნარი — ეს პერფექციონისტების სამყაროში გადარჩენისთვის ხშირად ერთადერთი გზაა.
როგორ ვაქციოთ ვაბი-საბი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად?
პერფექციონიზმის დაძლევასა და ვაბი-საბის ფილოსოფიის ათვისების სრულყოფილი რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, სილამაზე არასრულყოფილებაში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამიტომ ჩემს არასრულყოფილ, მაგრამ მაინც მშვენიერ რეცეპტს შემოგთავაზებ:
დააკვირდი ბუნებას
თუ პერფექციონიზმის ვაბი-საბით ჩანაცვლებას გეგმავ, მაგალითი ბუნებისგან უნდა აიღო. სხვადასხვა ფერის ასიმეტრიული ფოთლები, უსწორმასწორო სანაპიროები, სხვადასხვა ზომის ხეები და მოულოდნელ ადგილებში ამოსული ყვავილები — ბუნება სრულყოფილების საზოგადოებაში მიღებულ კანონებს არ ემორჩილება, თუმცა მისი სილამაზის დანახვა იშვიათად გვიჭირს. რატომ არ შეიძლება, იგივე მიდგომა ადამიანებზეც ვრცელდებოდეს?
შეწყვიტე შენი თავის სხვებთან შედარება
ეს პერფექციონიზმის დაძლევისკენ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. უნდა გახსოვდეს, რომ ადამიანებს განსხვავებული გამოცდილება, წარსული, მიზნები, უნარები და პრიორიტეტები აქვთ, შესაბამისად, მათთან შედარებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რასაც ამით იღებ გადამეტებული თვითკრიტიკა და უარყოფითი ემოციებია.
დაიჭირე წამი
ვაბი-საბის ერთ-ერთი ელემენტი წარმავლობა და ცვალებადობაა. მშვენიერი წამი აღარასდროს განმეორდება, ამიტომ გამუდმებით შორეულ მომავალსა და არარეალურ მიზნებზე ნერვიულობას მშვენიერი წამის ხელიდან გაშვების უფლება არ უნდა მისცე.
დღეში ერთი პატარა ბედნიერება
პერფექციონიზმი ბედნიერებას მხოლოდ იდეალური შედეგის მიღწევაში ხედავს, შესაბამისად, ყოველდღიურობის განუყოფელი პატარ-პატარა ბედნიერებები ხშირად ხელიდან გვისხლტება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დღის ბოლოს ერთი პატარა ბედნიერება მაინც გაიხსენო, რომელმაც დღეს მცირე მშვენიერება მაინც შესძინა. შორს წასვლა და დიდხანს ფიქრი არაა საჭირო. ასეთი ბედნიერება შეიძლება უბრალოდ კარგი ამინდი, დავიწყებული სიმღერის ხელახლა აღმოჩენა, ჯიბეში ფულის პოვნა ან კეთილი გამყიდველი იყოს.
ერთი ნაბიჯის გადადგმაც წინსვლაა
ყოველდღიურად მთების გადადგმა აუცილებელი არაა. ერთი პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი მნიშვნელოვანია. ამასთან, საკუთარი თავისთვის მადლობის გადახდა და საკუთარი მიღწევების, თუნდაც უმნიშვნელოს, დაფასება ბედნიერებისა და კმაყოფილების შეგრძნებაში დაგეხმარება.
არასრულყოფილება ინდივიდუალურობაა
თუ ოდესმე გიოცნებია, რომ შენ შესახებ ვინმეს წიგნი დაეწერა, გილოცავ! შენი ქმედებებით წიგნს თავად წერ. ყველაფერი, რასაც ქმნი, შენს ისტორიას ინახავს. არასრულყოფილება კი ყველაზე კარგი მთხრობელია. ნაუცბათევად გადაღებული უხერხული ფოტო, შენი ძაღლის თათების კვალი ახლადდასხმულ ცემენტზე, დედის მიერ მოქარგული სურათის ოთხკუთხა კვალი კედელზე — არასრულყოფილება ინდივიდუალურობაა, ის ისტორიაა, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის.
მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ, ამ რჩევებს ყოველდღე მივყვე, ჩემს სხეულში ჩაბუდებული პერფექციონისტი ხანდახან მაინც იღვიძებს. ასეთ დროს ვიხსენებ, რომ დაბადების დღის ტორტზე ჩემი არასრულყოფილი ნახატი დამხვდა და ჩემს შინაგან პერფექციონისტს ამ სიტყვებით ვაჩუმებ: განა ბევრი მხატვარი იცი, რომელსაც ტორტზე საკუთარი ნახატის ხილვის ბედნიერება ჰქონდა?
ამავე თემაზე:
კომენტარები