ვენერას ახალმა ფოტომ მეცნიერები გააოცა — აი, რატომ
NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა — Parker Solar Probe, რომლის მისია მზის მაგნიტური ველისა და ატმოსფეროს შესწავლის გარდა, ვარსკვლავის ფოტოების გადაღებაცაა, გასულ წელს საინტერესო რამ გამოუგზავნა მეცნიერებს.
NASA-ს მიხედვით, ზონდმა 2020 წლის 11 ივლისს ვენერას შესანიშნავი ფოტო გადაუღო, რომელზეც პლანეტის ზედაპირზე საინტერესო დეტალების გარჩევაც შეიძლება. ფოტო, რომელიც Parker ზონდმა ვენერადან 1130 კილომეტრის მანძლიდან გადაიღო, NASA-მ ამ კვირაში გამოაქვეყნა, ხოლო მასზე აღბეჭდილმა მეცნიერების გაოცება გამოიწვია.
აღნიშნული ფოტო ზონდმა თავისი მაღალტექნოლოგიური გადამღები მოწყობილობის — WISPR-ის საშუალებით გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ იგი შექმნილია მზისთვის ფოტოების გადასაღებად, მან თერმული ინფორმაციაც აღიქვა. საინტერესო ისაა, რომ NASA-ს თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რომ ინსტრუმენტს ამის გაკეთებაც შეეძლო.
"WISPR ხილულ სინათლეზე დაკვირვებისთვისაა შექმნილი", — განმარტავს ანჯელო ვურლიდასი, WISPR პროექტში მონაწილე მკვლევარი ჯონ ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიიდან. "ჩვენ გვეგონა, რომ ფოტოზე ღრუბლებს დავინახავდით, სანაცვლოდ კი კამერამ პირდაპირ პლანეტის ზედაპირის აღბეჭდვა მოახერხა".
ვენერას ფოტოს ცენტრში, მისი ზედაპირის ნაწილი შედარებით მუქ ფერებში ჩანს. ამ ადგილს აფროდიტეს მიწა ეწოდება და ეს ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია პლანეტაზე. განსხვავებული ფერის მიზეზი კი ისაა, რომ ამ რეგიონში ტემპერატურა მის შემგარენთან შედარებით 30oC-ით უფრო დაბალია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ WISPR-ს ხილულ სინათლესთან ერთად, თერმული მონაცემების აღქმაც შეუძლია.
"ნებისმიერ შემთხვევაში, წინ შესანიშნავი სამეცნიერო აღმოჩენები გველის", — ამბობს ანჯელო ვურლიდასი.
ზონდმა პლანეტას 20 თებერვალს მესამედ ჩაუფრინა.
კომენტარები