შინაგან საქმეთა სამინისტროში ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ტექნიკური მოწყობილობების ამოღებისა და დალუქვის მიზეზად პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეს ასახელებენ.

უწყების ინფორმაციით, ამ მოწყობილობების ამოღება სასამართლომ კანონიერად ცნო.

შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელებს შესთავაზეს მოწყობილობების დაბრუნება, თუმცა მათ სამინისტროში გამოცხადებაზე უარი თქვეს.

"ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა", — ვკითხულობთ უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმის შესვლისა და ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ოფისიდან "წაღებულია სერვერები და არქივი განადგურებული". ამავე დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ სერვერები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოიღეს.

ნიკა მელია სპეცრაზმმა 23 თებერვალს დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.