ფოტოები, რომლებიც მახინჯ ისტორიას ლამაზ კადრებად ასახავს
ფოტოგრაფმა, გორდონ პარკსმა თავის ფირზე იმ ღრმა, მტკივნეული საკითხების აღბეჭდვა შეძლო, რომლებიც დიდი ხანია, აშშ-ის ისტორიის ნაწილადაა ქცეული. BBC-ის ჟურნალისტი, ენდრიუ დიქსონი იკვლევს იმ ადამიანის ნამუშევრებს, რომელმაც თავისი კამერა იარაღს შეადარა, თუმცა კადრები პოეტის თვალით დაიჭირა.
"თავისუფლება ან სიკვდილი", "ჩვენ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ" — მოჩანს მკვეთრი, შავი წარწერები თეთრ ბანერებზე. ვერაფრით გაარჩევ, ვის უჭირავს პლაკატები — ეს ადამიანები ჩრდილის მანტიით არიან მოსილნი, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც, დიდი ალბათობით, აფროამერიკელია. ერთადერთი სახე, რომელიც ნათლად ჩანს, პოლიციის ოფიცრისაა. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებს მისთვის ლამის ალყა შემოურტყამთ, ის უძრავად დგას, თითქოს მოწყენილიც კი ჩანს. ის თეთრკანიანია.
პოლიციის ძველებური სტილის უნიფორმას რომ არ ვხედავდეთ, თავისუფლად ვიფიქრებდით, რომ ეს სურათი 2020 წლის მაის-ივნისში, ნიუ-იორკის ან მინეაპოლისის ცენტრში გამართულ, ჯორჯ ფლოიდისთვის მიძღვნილ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული.
სინამდვილეში, გორდონ პარკსის ეს სურათი — მარტივი სახელით, ჰარლემის მიტინგი — თითქმის 60 წლისაა. მისი შექმნის ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. მხოლოდ ის ფაქტია ცნობილი, რომ ფოტო გადაღებულია ნიუ-იორკის შავკანიანთა უბანში, 1963 წელს, სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე.
1963 წლის ივნისში ჯორჯ უოლესმა, ალაბამის გავლენიანმა სეგრეგაციის მომხრე გუბერნატორმა, გადაწყვიტა, შავკანიანი სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში რეგისტრაციის უფლება შეეზღუდა. ამის შედეგად წარმოშობილი დაპირისპირება ეროვნული გვარდიის მობილიზაციაში გადაიზარდა. აგვისტოში მარტინ ლუთერ კინგი ვაშინგტონში თავისი აწ უკვე ლეგენდარული სიტყვით, "მე მაქვს ოცნება", 250 ათასი ადამიანის წინაშე წარდგა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები დღეს ისტორიის ნაწილია, აფროამერიკელთა საჩივარი, რომ ისინი "პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრობენ", დღესაც რელევანტურია.
დემონსტრაციის ამსახველი ეს ფოტო ერთ-ერთია გორდონ პარკსის იმ მრავალფეროვანი კოლექციიდან, რომელმაც ხელოვანი თავისი ეპოქის გამორჩეულ შავკანიან ფოტოგრაფად აქცია.
გარდა იმ ფოტოებისა, რომლებიც 1950-იანი და 60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობას უკვდავყოფენ, პარკსს ეკუთვნის ჰარლემის ცხოვრების აღმბეჭდავი ცნობილი ფოტოგრაფიული სერია, უჩინარი კაცი. ეს სერია რალფ ელისონის 1952 წლის იმავე სახელწოდების რომანის თემების ვიზუალურ მედიუმში ვირტუოზულად გადათამაშების ნიმუშია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ფოტოების კიდევ ერთი სერია, რომელშიც ჰარლემისეული ყოფა ჯიმ ქროუს მმართველობის პერიოდშია ასახული. ძაფი, რომელიც ამ სერიებს ერთმანეთთან აკავშირებს, პარკსის ფოტოგრაფიის მთავარი თემატიკაა: რა გრძნობაა, იყო ამერიკელი და, ამასთან, შავკანიანი და რას წარმოადგენს ის საშიში ნაპრალი, ამ ორ სიტყვას შორის რომ წარმოქმნილა.
"მისი ნამუშევრები ყოველდღე უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენენ", — ამბობს ხელოვნებათმცოდნე, ჯეკ შეინმენი, — "ეს იგივე ბრძოლაა. ეს კადრები გასულ ზაფხულს შეიძლება ასახავდნენ, ან გუშინდელ დღეს, ან სულაც ხვალინდელს".
პარკსის ნამუშევრებს დღეს ბევრგან შეხვდებით. მას ახლახანს მიუძღვნეს გამოფენები ლონდონში, ნიუ-იორკში, კანზასსა და სხვა ქალაქებში. გასულ ზაფხულს კი MoMA-მ შეიძინა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგამოძიებო სერია, 1957 წლის დანაშაულის ატმოსფერო, რომლის ფოკუსშიც აშშ-ის სისხლის სამართლის სისტემაა მოქცეული — კიდევ ერთი სფერო, სადაც დღემდე იკვეთება დისკრიმინაციული ტენდენციები.
წარსულსა და აწმყოს შორის გამოძახილების აღმოჩენა არ უნდა გვაკვირვებდეს, აღნიშნავს ლესლი პარკსი, ფოტოგრაფის შვილი. მამამისმა თავისი ფოტოგრაფიული თვალი იმგვარად გაწვრთნა, რომ შეეძლო აღმოეჩინა და აღებეჭდა ღრმა, მტკივნეული საკითხები, რომლებიც აშშ-ის ისტორიის ნაწილს ოდითგანვე წარმოადგენდა.
"ის აღბეჭდავდა იმას, რაც მის გარშემო იყო", — იხსენებს ლესლი პარკსი, — "ის არ ფიქრობდა მომავალზე, მაგრამ, ვფიქრობ, მან იცოდა, დროის სვლასთან ერთად რამხელა მნიშვნელობას შეიძენდნენ მისი სურათები".
ამ ვარაუდის სისწორეში დასარწმუნებლად პარკსის ცხოვრების ისტორიის გაცნობაც საკმარისია. ის კანზასში, პატარა ქალაქ ფორტ სკოტში დაიბადა და 15 და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი იყო. ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, სკოლები კი სეგრეგირებული გახლდათ. 11 წლის ასაკში პარკსი თეთრკანიანი ბიჭების ბანდამ ადგილობრივ მდინარეში ჩააგდო, იმის იმედით, რომ მას ცურვა არ ეცოდინებოდა (ეს სცენა პარკსმა 1963 წელს, როდესაც თავის მშობლიურ ქალაქს კვლავ ეწვია, თავის ფოტოგრაფიულ ნამუშევარში გააცოცხლა. ფირზე მან პატარა ბიჭის მკლავი მდინარიდან ჰაერში ამოწეული აღბეჭდა). 14 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ, პარკსი, თავისი თაობის ბევრი სხვა აფროამერიკელის მსგავსად, ქვეყნის ჩრდილოეთით გაეშურა და მინესოტის შტატის ხმაურიან ქალაქ სენტ-პოლში დასახლდა. პარკსმა თავისი პირველი ხელფასი ადგილობრივ ბორდელში ფორტეპიანოზე დაკვრით მოიპოვა.
1937 წელს რკინიგზის მტვირთავად მუშაობის დაწყების შემდეგ, უდიდესი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის, დოროთეა ლანჟის შემოქმედებით შთაგონებულმა პარკსმა ლომბარდიდან ფოტოაპარატი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ პარკსი თვითნასწავლი გახლდათ, რამდენიმე წელიწადში ის უკვე თავისი ეპოქის წამყვან ფოტოჟურნალისტებთან ერთად მუშაობდა. ფედერალური სააგენტოს, საფერმო მრეწველობის უსაფრთხოების დაცვის ადმინისტრაციის ფოტოგრაფიის განყოფილებაში ყოფნისას ის საზოგადო ცვლილებების მშფოთვარე პერიოდში თავისი კამერით აღბეჭდავდა ამერიკის ლანდშაფტებს და ამერიკელ ხალხს.
ამ გამოცდილებას მოჰყვა ჰონორარები ჟურნალებიდან Vogue, Life და შავკანიან მკითხველზე ორიენტირებული გამოცემიდან, Ebony. სულ მალე კი პარკსი პირველი აფროამერიკელი ფოტოგრაფი გახდა, რომელიც თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჟურნალში, Life, სრული განაკვეთით დასაქმდა. 1970-იან წლებში პარკსის ყურადღება კინოინდუსტრიამაც მიიპყრო და ის შავკანიანთა ექსპლუატაციის თემატიკაზე გადაღებული ერთ-ერთი პირველი ფილმის, შაფტის რეჟისორი გახდა. პარკსი კომპოზიტორიც იყო. ის დაუღალავად წერდა მუსიკას, პოეზიას და ასევე მემუარებს. ხელოვანის უკანასკნელი პოეტური კრებული მის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, 2006 წელს გამოქვეყნდა.
ლესლი პარკსი აღნიშნავს, რომ არაფერი იყო ისეთი, რის გაკეთებასაც მამამისი ვერ შეძლებდა, თუ მოინდომებდა. "მისი ენერგია ოთახს აცოცხლებდა, მასთან ყოველთვის გეუფლებოდა წინ და წინ სწრაფვის განცდა, უკვალოდ ქრებოდა დანებება და ეჭვი".
ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელმაც პარკსს პოპულარობა მოუტანა, 1942 წლის ამერიკული გოთიკაა.
ეს სურათი პარკსმა საფერმო მრეწველობის უსაფრთხოების დაცვის ადმინისტრაციაში მუშაობისას გადაიღო. ის შთაგონებული იყო გრანტ ვუდის ძალიან ცნობილი, ამავე სახელწოდების ნახატით, რომელშიც ასახულია რესპექტაბელური თეთრკანიანი ფერმერი და მისი შვილი, რომლებიც თავიანთი რესპექტაბელური, თეთრად შეღებილი შუადასავლური ყაიდის სახლის წინ დგანან.
პარკსმა ამერიკული სოფლის ამსახველი ეს საკულტო ნამუშევარი სატირული, რასობრივი ირონიით გააცოცხლა: მისი ფოტოს სუბიექტი შავკანიანი დამლაგებელი, ელა უოტსონია, რომელსაც ერთ ხელში ცოცხი, ხოლო მეორეში იატაკის საწმენდი ჯოხი უჭირავს და მშვიდად დგას აშშ-ის ვარსკვლავებითა და თეთრი ზოლებით შემკობილი დროშის წინ. ეს კადრი დღეს უფრო მეტად რელევანტურია, ვიდრე ოდესმე. დონალდ ტრამპის ხელისუფლების ქაოტური დასასრულის დღეებში, როცა დაძაბულობა კაპიტოლიუმზე თავდასხმით დაგვირგვინდა, ინციდენტის ამოწურვის შემდეგ სწორედ შავკანიან დამლაგებლებს მოუწიათ იქაურობის მოწესრიგება. ლესლი პარკსი ამბობს: "თუ ეს თქვენში არანაირ გრძნობას არ აღძრავს — განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე — მაშინ არ ვიცი, რას უყურებთ".
პარკსი ადამიანების ფირზე აღბეჭდვისას ყოველთვის ცდილობდა, მათი შინაგანი სამყაროს მრავალწახნაგოვნება ეჩვენებინა. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ამსახველი მისი სურათებიდან ზოგიერთი მკაცრად ფაქტობრივია, ბევრი სხვა ფოტო ჩახლართულ ან სახალისო ამბებს ჰყვება.
მისი ერთ-ერთი ფერადი ფოტო აღბეჭდავს ჰარლემელ აფროამერიკელ ბიჭს, რომელიც ჩვენგან ზურგშექცეული აკვირდება სამაყროს: ის გულგრილად ეყრდნობა ბარიერს, რომელზეც ნათქვამია, "არ გადაკვეთო", და ამ ფაქტით სულაც არ ჩანს შეწუხებული.
პარკსის სურათებში ასევე ვხედავთ მის აღტაცებას ხელებისადმი — მქადაგებლის აწეული ხელები ღვთისადმი მოწიწებას გამოხატავენ, ხალხის ცისკენ აღმართული ხელები კი — ერთიანობის შეგრძნებით გამოწვეულ აღტაცებასა და სიხარულს. შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო უფლებების ფოტოების თემა სწორედ ერთიანობაა. ისინი ნაკლებად აგრესიული და მეტად ოპტიმისტური მუხტით არიან გაჯერებულნი. "ერთად ვდგავართ", ამბობენ ისინი, "ერთად ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ".
"ეს სურათები დიდ ბრძოლას ასახავენ", — ამბობს შეინმენი, — "შენ ხედავ სიტუაციის უსამართლობას, მაგრამ ასევე გრძნობ საზოგადოების ერთიანობას, ამ მომენტის არაჩვეულებრივ ძალას".
არც პარკსის კარიერა ყოფილა ბრძოლათაგან დაცლილი. მიუხედავად შესანიშნავი წარმატებისა, ის მაინც აწყდებოდა სირთულეებს თავისი ფოტოების საჟურნალე ფორმატთან მორგებისა და თეთრკანიანი რედაქტორების უადგილო ჩარევათა სახით. 1948 წელს ჰარლემში შავკანიანთა ბანდის ლიდერზე საოცრად ღრმა და ემოციური სერიის შექმნის შემდეგ, პარკსი აღშფოთებული დარჩა, როდესაც Life-ის რედაქციამ თითქმის ყველა ინტიმური კადრი დაიწუნა და მხოლოდ ქუჩის ჩხუბის, სროლის და სხვა მსგავსი სენსაციური სცენების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა (რედ ჯექსონის ცხოვრება სავსეა შიშით, იმედგაცრუებითა და ძალადობით, ეწერა სერიას ქვესათაურად). ამის გამო უკმაყოფილების გამოთქმის მერე პარკსს უთხრეს, რომ მისი სურათები ჟურნალის გარეკანზე აღარ დაიბეჭდებოდა.
არც შავკანიანი ფოტოგრაფები ყოფილან ყოველთვის მის გვერდით: როდესაც პარკსმა უარი თქვა ფერადკანიანი ფოტოგრაფების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვაზე, ეს მას მისმა დიდმა თანამედროვე კოლეგამ, როი დეკარავამ არასდროს აპატია. ლესლი პარკსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შავკანიანთა უფლებებით პარკსი ძლიერ იყო დაინტერესებული, ის ბუნებით არ იყო მეამბოხე: "მამაჩემი ყოველთვის ამ ყველაფრის ცენტრში იყო, თუმცა როგორღაც, მაინც ახერხებდა განცალკევებით დგომას. ის საშინლად ჯიუტი იყო", — დასძენს ლესლი.
პარკსმა არაერთხელ შეადარა თავისი კამერა იარაღს. ის ამბობდა: "შენ 45 მმ ავტომატური იარაღი გაქვს მხარზე გადადებული, მე კი 35 მმ-იანი კამერა მაქვს ხელში და ჩემი იარაღი ისეთივე ძლიერია, როგორიც შენი". მართლაც, მან იარაღის ნაცვლად კამერის აღება გადაწყვიტა და ძალადობის ჩადენას მისი დოკუმენტირება არჩია. პარკსმა ეს გადაწყვეტილება სხვა სიტყვებითაც აღწერა: "ფოტოაპარატი ჩემ მიერ არჩეული იარაღია იმის წინააღმდეგ, რაც ყველაზე მეტად მძულს სამყაროში — რასიზმი, არატოლერანტულობა და სიღარიბე".
თუმცა, ალბათ მისი ყველაზე ეფექტური კადრები ისინია, სადაც პარკსი რადიკალურ აქტივიზმს გვერდზე დებს და ნებას რთავს თავის პოეტურ თვალს, წინ წაუძღვეს შემოქმედებით პროცესს. Life-მა პარკსს შეუკვეთა სერია, რომელშიც აშშ-ის სამხრეთით არსებული რასობრივი დაძაბულობა უნდა აღებეჭდა. 1955 წელს ალაბამას ქალაქ მონტგომერიში "ავტობუსის ბოიკოტისას" აფროამერიკელებმა უარი თქვეს ქალაქის ავტობუსებში განცალკევებული სავარძლებით სარგებლობაზე. პარკსს სწორედ ამ მოვლენით გამწვავებული სიტუაცია უნდა აესახა ფირზე, თუმცა მას ამ სერიასთან დაკავშირებით სულ სხვა იდეა ჰქონდა.
პარკსის ადგილობრივი ხელმძღვანელი, Life-ის ბიუროს თეთრკანიანი უფროსი, ამტკიცებდა, რომ შტატში არანაირი რასობრივი პრობლემა არ არსებობდა. თუმცა პარკსსა და მის ასევე შავკანიან პარტნიორ რეპორტიორს პირადი მცველი მაინც დაუნიშნა. ეს უკანასკნელი კი თეთრკანიანი სუპრემატისტების ჯგუფთან დაახლოებული პირი აღმოჩნდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, პარკსი მოთმინებით მუშაობდა ადგილობრივ აფროამერიკელებთან მჭიდრო კავშირების დამყარებაზე. ის განსაკუთრებით დაუახლოვდა ქოსების ოჯახს. ისინი სხვის მიწას კი ამუშავებდნენ, თუმცა საკუთარი თავისთვის უსაფრთხო ცხოვრების შექმნა მოეხერხებინათ. პარკსი ხშირად სტუმრობდა ოჯახს და ზოგჯერ მათ ვერანდაზეც კი ეძინა; უღებდა მათ სურათებს მუშაობისა და სახლში ყოფნისას; მათთან ერთად სტუმრობდა ქალაქს; მათთან ერთად ჭამდა.
შედეგად მიღებული სურათები, კოდაქრომის ადრეული ფოტოლენტის რბილი, ოდნავ გადანათებული კადრები, საოცრად შთამბეჭდავია. ჩვენ ვხედავთ წყლის დასალევ შადრევნებს, რომლებზეც აღნიშნულია "მხოლოდ ფერადკანიანთათვის" და "მხოლოდ თეთრკანიანთათვის". უნივერმაღის აბრაზე ვხედავთ წარწერას, "ფერადკანიანთა შესასვლელი". თუმცა, ჩვენ ასევე ვამჩნევთ, თუ რამდენად უზადოდ არის ჩაცმული მისის ქოსი, როცა თავის პატარა გოგოსთან ერთად მაღაზიის წინ დგას. ისინი ღირსების, თუნდაც გლამურის, სიმბოლოებად წარმოგვიდგებიან მტვრიანი ქუჩის ფონზე.
ამ სერიის კიდევ ერთ ფოტოზე ორ შავკანიან ბიჭს ვხედავთ. მათგან ერთი იარაღით თამაშობს, რომელიც სრულიად შესაძლებელია, რომ ნამდვილი იყოს. მათ გვერდით კი თეთრკანიანი ბიჭი დგას, ჩალისფერი თმა მზეზე უელავს და კამერისთვის უდარდელად იღიმის — როგორც ჩანს, მეგობარია.
კიდევ სხვა კადრში ჩვენ ვხედავთ უილი ქოსის და მის მეუღლეს თავიანთი სახლის ვერანდაზე, მათ უკან კი კეთილმოწყობილი ბაღი მოჩანს. მისის ქოსის წინსაფრის მოზღვისფერო მწვანე სასიამოვნოდ ერწყმის მის წინ მდგარ იდენტური ფერის სარწეველას.
უდავოა, რომ პარკსის ამ ნამუშევრებში წარმოდგენილი ცხოვრება მძიმეა. მის შემოქმედებაში იგრძნობა აღშფოთება ფედერალური მთავრობის მიმართ, რომლის პოლიტიკის მიხედვითაც, შავკანიანთა და თეთრკანიანთა უფლებები იყო "განცალკევებული, მაგრამ თანაბარი" — ამ ტყუილის არავის სჯეროდა. და მაინც, ის ასევე აღწერს რეალობის ბუნდოვანებას თუ სირთულეს და გვანახებს ნამდვილ ადამიანებს, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჩაბეჭდილ სტერეოტიპებთან.
მის მიერ აღბეჭდილ სამხრეთით შავკანიანთა სეგრეგირებულ დასახლებებში უთანასწორობასთან ერთად სიმშვიდეც არსებობს. ბიჭები სათევზაოდ დადიან, გოგოები წყალში თამაშობენ, ქალები ბაღის ღობეების გასწვრივ ჭორაობენ, ოჯახები ეკლესიაში იკრიბებიან. ადამიანები, უბრალოდ, ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით.
აქვეა სილამაზეც, როგორც ლესლი პარკსი აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ პარკსმა არსებული პოლიტიკური სისტემის სიმახინჯის ასახვა განიზრახა, მან ასეთ სივრცეშიც კი ჰპოვა მშვენიერება. "ამ სურათებში მშვენიერება ჩანს", — ამბობს ის მშვიდად, — "ყოველთვის მშვენიერება".
კომენტარები