11 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდება იყო — "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის ქვეშ".

დებატებზე ესპანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის სირცხვილია, საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხოლოდ რუსეთის დახმარების გამო განვიხილვა. მისივე განმარტებით EU-მ უნდა იმოქმედოს.

"დღეს სომხეთის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე, როგორც აუცილებელ ნაბიჯზე. მათ [საქართველოს ხელისუფლებამ] უკუაგდო ევროპული პერსპექტივა, რამაც უარყოფითი კვალი დატოვა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ჩანასახში მყოფი ქართული დემოკრატია და ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების გრძელი სია დევნის ობიექტი გახდა. ჩვენ დავასახელეთ ელენე ხოშტარია, მაგრამ მასთან ერთად დემოკრატიული ჯგუფების წარმომადგენელი უამრავი ადამიანი ჩააგდეს ციხეში დემოკრატიის მხარდასაჭერად ხმის ამაღლების გამო.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.

ევროკავშირისთვის სირცხვილია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხოლოდ რუსეთის დახმარების გამო განვიხილავთ და არა დემოკრატიის მხარდამჭერების დაპატიმრებების გამო. თურქეთში, აზერბაიჯანში, ცენტრალურ აზიაში, ეგვიპტეში — მათ შეუძლიათ, რეპრესიები მოუწყონ საკუთარ ხალხს იმდენი, რამდენიც სურთ. ბრიუსელი მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როდესაც ეს ხელისუფლებები მხარს რუსეთს უჭერენ. მე არ ვისურვებდი ასეთ მორალურად არამყარ ნავში ყოფნას", — განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა ( მის სიტყვას "პუბლიკა" ავრცელებს).

აღნიშნულ დებატებზე ისაუბრა ევროდეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელიც სულ ახლახან რეფორმების სიმბოლო იყო, ახლა კორუფციაში, რეპრესიებსა და პოლიტიკურ ძალადობაში იძირება. მისივე თქმით, რეჟიმი ანტიდასავლური პროპაგანდითა და დეზინფორმაციით მუშაობს , ისევე, როგორც რუსეთი და ამიტომ ევროკავშირმა სანქციებუ ინდა დააწესოს არა მხოლოდ პროპაგანდისტულ მედიაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე პასუხისმგებელი პირებზეც.

"ქვეყანა, რომელიც სულ ახლახან რეფორმების სიმბოლო იყო, ახლა კორუფციაში, რეპრესიებსა და პოლიტიკურ ძალადობაში იძირება. 150 ადამიანი ციხეშია პოლიტიკური ნიშნით, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები, სტუდენტები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ისჯებიან თავიანთი შეხედულებებისა და ბუნებით მშვიდობიანი პროტესტის გამო. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამის თვალსაჩინო მაგალითია. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფაქტი არ არის ნახსენები გუშინ შეთანხმებულ რეზოლუციაში. ეს მაკვირვებს. ეს მაშფოთებს. პოლიტიკური თამაშებისთვის დრო არ არის. ჩვენ ნამდვილად უნდა ვებრძოლოთ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის ნაკლებობას. მე წარვადგინე შესწორებები ამ მიმართულებით.

ერთი რამ უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ: რეჟიმი მუშაობს ანტიდასავლური პროპაგანდითა და დეზინფორმაციით, ისევე, როგორც რუსეთი. ასე რომ, ევროკავშირმა სანქციებით უნდა მოიცვას არა მხოლოდ პროპაგანდისტული მედია, არამედ საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე პასუხისმგებელი პირები. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ თბილისს, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ბუნებით მჩაგვრელი კანონები უნდა გაუქმდეს. ეს ერი იმსახურებს კარგ და ჯანსაღ მომავალს და ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს მას", — განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ ("პუბლიკა").

ფრანგმა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ პარტიიდან "განაახლე ევროპა" თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ არსებობს ერთი ევროპული ინსტიტუტი — ევროპარლამენტი, რომელიც იცავს ევროკავშირის ღირსებას, როდესაც საქმე საქართველოს ეხება. მისივე განმარტებით, ევროსაბჭო და ევროკომისია ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ნატალი ლუაზომ თქვა ისიც, რომ ამ პოზიციით ვლადიმერ პუტინს საშნელ მესიჯს უგზავნიან

"კოლეგებო, საბედნიეროდ არსებობს ერთი ევროპული ინსტიტუტი, ჩვენი პარლამენტი, რომელიც იცავს ევროკავშირის ღირსებას, როდესაც საქმე საქართველოს ეხება. თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს. ოპოზიციის წევრებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს რეპრესია შეიძლება ნებისმიერ დროს დაატყდეთ თავს.

ჩვენს პარლამენტში ევროკავშირისგან მკაცრი ზომებისკენ მოვუწოდებთ, მაგრამ რას ვხედავთ საბჭოში? არანაირი ნება მნიშვნელოვანი სანქციების გამოყენების ან თბილისის ხელისუფლების იზოლაციისა.

ხოლო კომისია? როგორც ჩანს, მათ ხაზი გადაუსვეს საქართველოს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო.

ვლადიმერ პუტინი გვიყურებს და ჩვენ საშინელ მესიჯს ვგზავნით: ნაცვლად იმისა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პროცესებს, ჩანს, თითქოს რუსეთის მხრიდან ამისთვის გაწეული ძალისხმევა ღირდა.

საქართველოზე დროის დახარჯვა ღირს, მაგრამ როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, თუ კომისია და საბჭო არაფერს აკეთებენ იქ დემოკრატიისთვის?", — თქვა ნატალი ლუაზომ. ("პუბლიკა")

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში იღებენ კიდევ ერთ კანონს, რომელიც კრძალავს ელემენტარულ აქტივიზმსაც კი და მისივე განმარტებით, ევროკავშირმა ამას ბოლო უნდა მოუღოს. მან ასევე თქვა რომ, დუმილი და უმოქმედობა მხოლოდ ათამამებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და აგზავნის სახიფათო სიგნალს, რომ ევროპა ყოფილი კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეების რეპრესიებს სათანადო შედეგების გარეშე ტოვებს.

"ელენე ხოშტარიას დაკავება და პატიმრობა საქართველოს დემოკრატიის ვარდნის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯია. ელენე დააკავეს მმართველი პარტიის საწინააღმდეგო საპროტესტო გზავნილების დაწერისთვის და ახლა მას მრავალწლიანი ციხე ემუქრება. ის ერთ-ერთია მრავალთაგან, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესებისა და მომიტინგეებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე გაძლიერებული რეპრესიების ნაწილია. ეს გადაიზარდა დემოკრატიის სრულ ეროზიასა და ანტიდემოკრატიული ძალების კონსოლიდაციაში.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტში იღებენ კიდევ ერთ კანონს, რომელიც კრძალავს ელემენტარულ აქტივიზმსაც კი. ევროკავშირმა ამას ბოლოს და ბოლოს უნდა უპასუხოს მიზნობრივი სანქციებით პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

არ მაინტერესებს, თუ წევრი სახელმწიფოებიდან ორი ამას საბჭოში დაბლოკავს. რა ვუყოთ დანარჩენ 25 წევრ სახელმწიფოს? მათ არ შეუძლიათ სანქციების გამოყენება? რა უშლით ხელს? წინააღმდეგ შემთხვევაში, დუმილი და უმოქმედობა მხოლოდ ათამამებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და აგზავნის სახიფათო სიგნალს, რომ ევროპა ყოფილი კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეების რეპრესიებს სათანადო შედეგების გარეშე ტოვებს", — განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ ("პუბლიკა").

საქართველოს საკითხზე იასუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმაც, რომელმაც ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების აუცილებლობას მის მიერ პოლიტიკაში, საზოგადოებაში, ეკონომიკასა და ყველა ქართველის ცხოვრებაში შესრულებული დამანგრეველი როლის გამო.

"ძვირფასო კოლეგებო, ქართველმა ხალხმა ეს ჯერ კიდევ ათწლეულების წინ განმარტა. მათ სჯერათ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოსი, რომელიც ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების ერთპარტიული მმართველობა, პუტინის მეთოდების გამოყენებით, ქვეყანას საპირისპირო მიმართულებით მიაქანებს.

ჩვენ მოწმენი ვართ მშვიდობიან მომიტინგეებზე განმეორებითი თავდასხმების, ჟურნალისტების გაჩუმებისა და იმ ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვისა, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პროევროპული ხმები ამჟამინდელი რეჟიმის მსხვერპლთა შორის არიან. მათ წლობით პატიმრობა ემუქრებათ მხოლოდ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო.

როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, ჩვენ არ შეგვიძლია გულხელდაკრეფილი ვისხდეთ მაშინ, როცა ფუნდამენტური თავისუფლებები ითრგუნება და ილახება. მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასევე, მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების აუცილებლობას მის მიერ პოლიტიკაში, საზოგადოებაში, ეკონომიკასა და ყველა ქართველის ცხოვრებაში შესრულებული დამანგრეველი როლის გამო", — თქვა მან ("პუბლიკა").

დეპუტატმა "მემარცხენე ჯგუფიდან", იონას შიოსტდედმა კი განაცხადა, რომ ქარული ოცნება კოშმარად იქცა საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და დემოკრატიის. მისივე განმარტებით, ევროპარლამენტის ამოცანაა ამ ხალხის გვერდით დგომა. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ "დადგა დრო, გავაძლიეროთ ზეწოლა ქართულ რეჟიმზე და დადგა დრო მათი ლიდერების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციებისთვის".

"საქართველოში სიბნელე ისადგურებს. მმართველი პარტია ქართული ოცნება კოშმარად იქცა საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და დემოკრატიის. და სიბნელე საქართველოს თავზე არის მოსკოვის მიერ გადმოფენილი ჩრდილი. ისინი სულ უფრო მეტად იყენებენ რუსული რეჟიმის მეთოდებს ქართული ოპოზიციის გასანადგურებლად.

ელენე ხოშტარიას მსგავს ადამიანებს ციხეში ყრიან. ის ერთ-ერთია მრავალთაგან. ქართული რეჟიმი წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის ემზადება. მომიტინგეებს მინიმალური მიზეზების გამო პატიმრობას უსჯიან. ხალხს ებრძვიან ჯარიმებითა და აკრძალვებით.

მაგრამ ყოველ საღამოს ასობით, ხშირად ათასობით ქართველი იკრიბება პარლამენტის წინ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის დემონსტრირებისთვის. ჩვენი ამოცანაა მათ გვერდით დგომა. დადგა დრო, გავაძლიეროთ ზეწოლა ქართულ რეჟიმზე და დადგა დრო მათი ლიდერების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციებისთვის", — განაცხადა იონას შიოსტდედმა ("პუბლიკა").

ევროკომისარმა კლიმატის ვოპკე ჰოეკსტრამ თავის სიტყვაში განმარტა, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში თვითნებურად დააკავეს, ვისაც სასტიკად ეპყრობოდნენ ან დააპატიმრეს, მათ შორის ელენე ხოშტარიას. მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომელთა მთავარი ნაწილი პოლიტიკური პლურალიზმია.

"ჩემი პირველი გზავნილი მიემართება საქართველოს ხელისუფლებას: ასეთი ქმედებებითა და კანონებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ რეალური გზა არ გააჩნია — არც 2030 წლისთვის, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს, და საერთოდ არც ერთ შემთხვევაში, თუ ეს კურსი გაგრძელდება. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს აქვს ვალდებულება, პატივი სცეს, დაიცვას და აღასრულოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.

ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების მკაცრი, გაუმართლებელი და თვითნებური შეზღუდვა.
მეორე, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში თვითნებურად დააკავეს, ვისაც სასტიკად ეპყრობოდნენ ან დააპატიმრეს, მათ შორის ელენე ხოშტარიას.

ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი.

წამება და არასათანადო მოპყრობა აბსოლუტურად აკრძალულია საერთაშორისო სამართლით, ხოლო სამართალდამცავთა მხრიდან დარღვევებზე დაუსჯელობა უნდა დასრულდეს. ოპოზიციის ლიდერები შეეჩეხნენ ძალადობას, დაპატიმრებებს, ასევე მოსალოდნელია მათი კონსტიტუციური აკრძალვა. ასეთი რეპრესიული ტაქტიკა მოგვაგონებს იმ მეთოდებს, რომლებსაც ავტორიტარული ქვეყნები იყენებენ განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად.

ევროკავშირი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომელთა მთავარი ნაწილი პოლიტიკური პლურალიზმია", — თქვა მან ("პუბლიკა").

დებატების პარალელურად ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ პარტია დროას ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას წერილი წაიკითხა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატი მადლიერებას გამოხატავს მისი საკითხით დაინტერესებისთვის, მაგრამ წერს, რომ "მთავარი " ქართველი ხალხია, რომელმაც წარმოუდგენელი გამძლეობა გამოავლინა რუსეთთან ბრძოლაში".

"ძვირფასო რასა,

სიტყვებით ვერ გამოვხატავ, თუ როგორი მადლიერი ვარ, როდესაც თქვენს ურყევ, უწყვეტ მხარდაჭერას და ერთგულებას ვხედავ საქართველოს მიმართ, ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლის მიმართ. ფასდაუდებელია თქვენნაირი მეგობრების ყოლა ამ რთულ დროს.

ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩემი სახელი საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის დღის წესრიგის ნაწილია. თუმცა ცხადია, რომ მთავარი მე კი არა, ქართველი ხალხია, რომელმაც წარმოუდგენელი გამძლეობა გამოავლინა რუსეთთან ბრძოლაში. ეს არ არის ბრძოლა ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის; ეს არის ბრძოლა ერის ღირსებისა და მისი ევროპული არჩევანის დასაცავად.

მინდა, იცოდეთ, რომ მზად ვარ, ციხეში იმდენ ხანს ვიყო, რამდენიც საჭირო იქნება და პირადად ჩემი დაპატიმრების გამო არ ვწუხვარ. გაცილებით მნიშვნელოვანია, საკმარისი ყურადღება მიექცეს იმ სტრატეგიულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ევროპა დგას საქართველოში. ამას კი თქვენ ნამდვილად წარმატებით ახერხებთ.

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი გამოყენება სავაჭროდ მოინდომოს, როგორც მძევლების. ეს არ უნდა დავუშვათ. ჩემი მიზანი ჩემი პირადი თავისუფლება არ არის; ჩემი მიზანია თავისუფლება ქართველი ხალხისთვის.

როგორც იცით, ოპოზიციამ მოახერხა ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანება, რაც, მჯერა, დამატებით ბიძგს მისცემს საქართველოს საკითხს.

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ბოლო დროს დაწესებულმა სანქციებმა აჩვენა, თუ რამდენად ეფექტურია ეს ზომები.

სანამ ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძვის, მტკიცედ ვიბრძვით ჩვენც, პოლიტიკური პატიმრები, და თქვენი, ჩვენი მეგობრების, მტკიცე მხარდაჭერა ამ ბრძოლაში მაძლევს რწმენას, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას!", — ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.

ევროპარლამენტარმა იუკნევიჩიანემ ასე დაასრულა თავისი გამოსვლა დებატებზე: "საქართველოვ და ქართველებო, თქვენ არ ხართ დაკარგულები ჩვენთვის, ევროკავშირისთვის!

ცნობისთვის, ამ თემაზე რეზოლუციას 12 მარტს ეყრება კენჭი.