Huawei ღორების ბიზნესში ერთვება
Huawei ფერმერულ ბიზნესში ერთვება, რათა სმარტფონებზე დაწესებულ შეზღუდვებს გაუმკლავდეს.
ჩინურ ტელეკომუნიკაციების გიგანტს ტრამპის ადმინისტრაციამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტებზე შეუწყვიტა წვდომა, ამის მიზეზად კი ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის უსაფრთოება დასახელდა. ტრამპის მტკიცებით, ჰუავეი ჩინეთის მთავრობას მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას აწვდიდა.
ამ ყველაფრთი გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად ჰუავეი ყველანაირ ხერხს ეძებს.
ჰუავეიმ ლოკალური საღორე ფერმებისათვის ხელოვნური ინტელექტის მქონე ტექნიკების დანერგვა დაიწყო. ამასთანავე, ისინი ქვანახშირის მომპოვებელ ბიზნესშიც ჩაერთვნენ.
ჰუავეის გაყიდვები 2020 წლის მეოთხე კვარტალში 42%-ით შემცირდა, კომპანიას, დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საკმარისი მიკროჩიპები აღარ აქვს, შესაბამისად სმარტფონების წარმოებასაც ვეღარ ახერხებს. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ მათ გუგლისგან ანდროიდის ლიცენზიაც დაკარგეს.
2021 წლისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია წარმოების 60%-ით შემცირებას გეგმავს.
"ეს ყველაფერი იმიტომ არ ხდება, რომ ჰუავეის ხარისხთან მიმართებაში რაიმე წუნი მოეძებნება. კომპანია გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეწირება" — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა BBC-სთან საუბრისას.
ჩინეთი საღორე ფერმებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა და მთელ დედამიწაზე არსებული ღორების ნახევარი სწორედ იქ იყრის თავს.
ჰუავეის წყალობით ფერმებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა დაიწყო, რომელსაც ღორებზე თვალყურის დევნება და დაავადებების წინასწარ გამორკვევა შეუძლია.
სახის ამომცნობი ფუნქციებით ყველა ღორის ინდივიდუალური გარჩევა შეიძლება, ამავდროულად სხვა ტექნოლოგიებით მათი წონის, დიეტისა და გადაადგილების მონიტორინგი ხდება.
"მეღორეობა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების დანერგვა ნებისმიერ სფეროში. ეს ყველაფერი ზრდის მათ ღირებულებას და 5G-ს ერაში მეტად კონკურენტუნარიანს ხდის", — აღნიშნავს ჰუავეის წარმომადგენელი.
კომენტარები