ევროპელი სოციალისტების დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტში დააკლდათ. მისი თქმით, მელია "დაამშვენებდა პარლამენტს" და უფრო მეტი სარგებლის მიტანა შეეძლო საკანონმდებლო ორგანოში ყოფნით.

"დაგვაკლდა, აი. ნამდვილად გეტვყით, რომ ნიკა მელიას გაცილებით მეტი შეუძლია მოიტანოს პარლამენტის დარბაზში, ვიდრე ეხლა ის სხვის თამაშს თამაშობს", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ვის თამაშს თამაშობს მელია, ინჯია ამბობს, რომ ეს საკითხი "კარგად აქვს დალაგებული თავში". ის პოლიტიკურ მოვლენებს ახსენებს, რომელთა შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებც მიათვალა.

"ეს ცალკე საუბრის საგანია, 2 სიტყვით მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ კარგად ვიცი. კარგად დალაგებულია ჩემს თავში, როგორ დაიწყო გავრილოვი, გავრილოვის შემდეგ ის ღამე, იმის შემდეგ გმირი გაფრინდაშვილი, მერე არჩევნები, მერე გაყოფა და დაშლა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, მერე მცდელობა მათი რეანიმაციის და რომ დავამთავროთ, გინდაც კაფე-ბარები ჯაფარიძის. ეს ერთი თამაშია, ერთი სცენარია".

ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა, რითიც პროკურატურას ისევ მისცა მისი დაკავების უფლება. მმართველ გუნდში ამ განმარტებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ მათ არა დაპატიმრების, არამედ პატიმრობის მოთხოვნის უფლება გასცეს და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი პროკურატურას მელიას დაპატიმრების უფლებას აძლევს. 2019 წლის 26 ივნისს 91 ხმით, 0-ის წინააღმდეგ, ქართულმა ოცნებამ იგივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მაშინაც მსჯელობის საგანი იყო ნიკა მელიას ბრალდება 20 ივნისის საქმეზე. კენჭისყრის დღეს ოპოზიციის სკამები ცარიელი იყო და მელია მმართველი გუნდის პირისპირ მარტო იჯდა. თუმცა ქართულ ოცნებაშიც არ ყოფილა ყველა "მომხრე". სამმა დეპუტატმა: მირიან წიკლაურმა, რომან კაკულიამ და ბექა ოდიშარიამ მაშინ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, მარიამ ჯაშმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

მაშინ პროკურატურამ ქართული ოცნებისგან პატიმრობის უფლება მიიღო, სასამართლოსგან კი არა. მელიას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეეფარდა, რომელიც ენმ-ის ლიდერმა ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რასაც უწყებიდან მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.

ერთკვირიანი ვადა, რომელიც პროკურატურამ მელიას გირაოს გადასახდელად მისცა, ამოიწურა ისე, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია. სწორედ ამიტომ, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და ქართულმა ოცნებამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.