საქნახშირის ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას სახნახშირი ავრცელებს.

"კომპანია საქნახშირის ადმინისტრაციასა და N4 მომპოვებელი უბნის თანამშრომლებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ჩართულობით, 12 თებერვალს, მეშახტეებთან გამართული თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100%-ით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა დამატებით 1340.31 ტონა ქვა-ნახშირს მოიპოვებენ. მას შემდეგ, რაც გადაჭარბების მაჩვენებელი აღნიშნულ 1340.31 ტონას აცდება, შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ჩვეულებრივ, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით გაგრძელდება", — აცხადებს საქნახშირის ადმინისტრაცია.

On.ge დაუკავშირდა ერთ-ერთ მეშახტეს, რომელმაც ინფორმაცია შეთანხმების შესახებ დაადასტურა, თუმცა ასევე, აღნიშნა, რომ ის ისევ მეშახტეების დაზარალების ხარჯზე შედგა.

"შეთანხმება შემდგარია, მაგრამ ეს შეთანხმება არის მეშახტეების დაზარალების ხარჯზე ისევ შემდგარი და იქედან, რაც სიტყვიერად იყო შეთანხმებული, მხოლოდ ერთი პუნქტი შესრულდა ადმინისტრაციიდან, დანარჩენი არ შეუსრულებია კომპანიას და კიდევ ერთხელ მოატყუა კომპანიამ დეპუტატთან ერთად მეშახტეები. მე ვგულისხმობ იმ პუნქტს, რომ არ უნდა განხორციელებულიყო პროტესტში მონაწილე მეშახტეებზე დევნა, ერთ-ერთი პუნქტი ეს არის და უნდა ანზღაურებულიყო ის მოცდენილი დღეები, რომელიც კომპანიის მიზეზის გამო მოხდა ამ მეშახტეების გაფიცვა და კომპანიის მიზეზის გამო მოხდა ამ დღეების მოცდენა. დაზარალდნენ კიდევ ერთხელ მეშახტეები", — ამბობს რუსლან ბუცხრიკიძე.

ძიძიგურის შახტში დასაქმებული ამბობს, რომ დევნა კომპანიის მხრიდან არ ყოფილა, თუმცა შეთანხმების დოკუმენტში ეს პუნქტი მოხსენიებული აღარ იყო, მეშახტეები კი უკვე იყვნენ სამუშაო ადგილზე გასული. კომპანიის მიერ შესრულებული ერთადერთი პუნქტი, რაც შესრულდა არის ის, რომ კომპანია ამ თვეში მეშახტეებს ხელფასს სესხის სახით მისცემს, რისი გასტუმრებაც მათ მიერ მოხდება.

"დაპირება იყო სიტყვიერად პირველ დღეს, დანარჩენი მეტი ოფიციალურად არაფერზე კომპანიას პასუხისმგებლობა არ აუღია", — ამბობს რუსლამ ბუცხრიკიძე.

მისი თქმით, მეშახტეები სამსახურს დაუბრუნდნენ, პროტესტს აღარ აგრძელებენ, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ კომპანია მათ უფლებებს აღარ დაარღვევს.

11 თებერვალს On.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 9 მუშა პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიოდა. ისინი კომპანიის მხრიდან განახევრებული ხელფასების დარიცხვას აპროტესტებენ.

"არასწორი დაგეგმარება იყო. გეგმა მოგვცეს ძალიან ზედმეტი [გეგმა]. შემდეგ ეს გეგმა ვერ შევასრულეთ. გაზი იყო და ვერ შევდიოდით სამუშაო ადგილზე, გაგვაცდინა ამან", — ამბობდა ერთ-ერთი მეშახტე.

პროფკავშირების წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, იანვარში დაგეგმილზე ნაკლები ქვანახშირის მოპოვების გამო, მეშახტეებს კომპანიამ ნაკლები ხელფასი დაუანგარიშა, რასაც დასაქმებულების პროტესტი მოჰყვა.

კომპანია საქნახშირში დასაქმებულების პროტესტს გაურკვეველს უწოდებდნენ. მათი მტკიცებით, N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით, შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებდნენ, რამაც, როგორც კომპანია ირწმუნებოდა, უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის შახტში დასაქმებულები ადგილზე არსებულ სამუშაო პირობებს ხშირად აპროტესტებენ. გასული წლის მარტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 5 მეშახტე მოიწამლა. მეშახტეები მოწამვლას ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ გვირაბში დაგროვილ მხუთავ აირებს უკავშირებდნენ.