გალინას პირბადეები — დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა ქალმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს ასობით პირბადე შეუკერა
თბილისიდან 70 კილომეტრს თუ გაივლით, გზის მარჯვენა მხარეს, სოფელ შავშვებში, დევნილთა დასახლებას შეხვდებით. აგვისტოს ომის შემდეგ, მე-13 წელია, ეს ადგილი 780-მდე იძულებით გადაადგილებული ადამიანისთვის მეორე სახლია. ამდენივე წელია, აქ ცხოვრობს ეთნიკურად ოსი დევნილი ქალი დიდი ლიახვის ხეობიდან, რომელიც დასახლებაში ყველას იცნობს და თითოეული ოჯახის გასაჭირიც ზეპირად იცის.
გალინა (ნათელა) ქალაქ ცხინვალიდან 22 კილომეტრში, დაბა ჯავაში დაიბადა და გაიზარდა. შემდეგ კი, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქემერტში ლევან ოთინაშვილზე იქორწინა.
გალინას მეორე სახელითაც იცნობენ. 16 წლისამ, სკოლის დამთავრებისას შემთხვევით შეიტყო, რომ დაბადების მოწმობაში მისი სახელი ნათელა იყო. ასე შემორჩა ორივე სახელი — გალინა ნათელა.
25 წელი დიდი ლიახვის ხეობაში სკოლის მასწავლებლად იმუშავა. მშვიდად ცხოვრობდა მშობლიურ კუთხეში ქმარ-შვილთან და შვილშვილებთან ერთად, სანამ 2008 წლის აგვისტოში მყუდროება დაბომბვის ხმამ არ დაურღვია.
შავშვების დასახლებაში ქმართან ერთად გადმოვიდა. ჰყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყო, არსებული მწარე რეალობის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაუყრია და თავისი აქტიურობით არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო. მათთან მჭიდრო კავშირიც მალე დაამყარა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთებას შეუდგა.
"გავიარე სხვადასხვა ტრენინგი, შევიძინე ცოდნა და პროექტების წერა დავიწყე. არადა, ქორწინებამდე ქართულად ერთი სიტყვაც არ მესმოდა", — იხსენებს გალინა.
გერმანული ენის პედაგოგ გალინა ქელეხსაევას ვერ წარმოედგინა, ოდესმე საკერავ მანქანასთან თუ დაჯდებოდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ეს საქმე არ ეხერხებოდა. მით უფრო არ ეგონა, რომ პირბადეების კერვას შეუდგებოდა.
ახალი საქმე მან Covid-19-ის პანდემიის დაწყებიდან მალევე, ასოციაცია თანხმობის სატელეფონო ზარის შემდეგ დაიწყო: "გალოჩკა, მოდი, პირბადეები შეკერე", — შესთავაზეს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციიდან. მანაც უპასუხა: — "კი, შევკერავ", მონდომებაა ყველაფერიო. ასე დაიწყო 61 წლის ქალმა ახალი საქმე, რომელიც ასოციაცია თანხმობამ ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში დაიწყო და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გააგრძელა. გალინა ამბობს, რომ დაფინანსება და იდეაც დროული იყო.
Covid-19-ით გამოწვეული კრიზისისადმი დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, გალინას ფულადი მხარდაჭერის გარდა, ნედლეულიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეუძინეს. საკუთარ სახლში გახსნილ სახელოსნოში მან, ასევე, სამი ქალი დაასაქმა.
ასოციაცია თანხმობაში მიაჩნიათ, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის ის ერთ-ერთი პირობაა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ისინი ქალთა საჭიროებებს არგებენ. ქალებმა კი ყველაზე უკეთ იციან, რა საჭიროება არსებობს თემში. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს თავიანთი თემში არსებული პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად იდეით შეუძლიათ ასოციაცია თანხმობას მიმართონ.
გალინას სახელოსნოში ქალები კვირაში ასობით მრავალჯერადი მოხმარების პირბადეს ამზადებდნენ. ნიღბებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით კერავდნენ. ნაწარმს კი ადგილობრივ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უფასოდ ურიგებდნენ.
მაშინ, როცა პირბადეები აფთიაქებშიც დეფიციტში იყო, ძვირიც ღირდა და ტრანსპორტის გადაადგილებაც შეიზღუდა, გალინა მარლის ქსოვილისგან შეკერილ პირბადეებს მოსახლეობას დისტანციის დაცვით ურიგებდა.
განსაკუთრებული ემოციით სოფელ ხურვალეთის გამყოფ ხაზთან მცხოვრებთათვის პირბადეებისა და საახალწლო ნობათის დარიგებას იხსენებს, რადგან მისი სახლიც მავთულხლართებს იქით არის მოქცეული. მისმა შეკერილმა პირბადეებმა დათა პაპამდეც მიაღწია, რომელიც არაერთხელ დაუკავებიათ იმის გამო, რომ საოკუპაციო ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტება.
დათა ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თეთრეული და საახალწლო ნობათი მის ცოლს გადასცეს.
გალინას პირბადეებმა ხალხის მოწონება მალევე დაიმსახურა. როგორც თვითონ ამბობს, მიზეზი ის იყო, რომ ხარისხიანად, გულიანად კერავდნენ. პანდემიისგან შექმნილი მწვავე კრიზისის დროს პირბადეებით 1 000-მდე ადამიანი დაასაჩუქრეს.
პირბადეების გარდა, ის, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა სახის თეთრეულსაც ამზადებდა, რომელსაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს უსასყიდლოდ გადასცემდა.
დღეს უკვე სამედიცინო ნიღბების კომერციული მიზნით დამზადებაზეც ფიქრობს, თუმცა ერთმა პრომლემამ იჩინა თავი — პანდემიის შედეგად, ისევე, როგორც სხვა პროდუქციის, ნედლეულის ფასმაც მოიმატა, რის გამოც იდეის განხორციელებაზე დროებით უარის თქმა მოუწია. არადა, მოსახლეობისგან შეკვეთებსაც იღებდა, მათ შორის მიმდებარე სოფლებიდან და გორიდან. შეკვეთის სურვილი რუსთავიდანაც გამოთქვეს, ჰყავს მუდმივი მომხმარებლებიც.
კერვა გალინას ერთადერთი საქმე არ არის. ის დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის გამგეცაა, რომელიც მისივე ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გორის მერიის თანადაფინანსებით 2016 წელს აშენდა. მანამდე იქ ბაღი არ არსებობდა და ბავშვებს სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისასვლელად შორი გზის გავლა უწევდათ. ამჟამად ბაღს 25 აღსაზრდელი ჰყავს.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გალინამ დევნილთა დასახლებაში სხვა პროექტებიც განახორციელა. მათ შორისაა ახალგაზრდული კლუბი, რომლითაც ადგილობრივ ახალგაზრდებს იქ არსებული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა მიეცათ.
წინ დიდი გეგმებია. გალინა თემში არსებული პრობლემებისა თუ სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად ბევრი იდეა აქვს. იმედოვნებს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთების ენერგია მუდმივად ექნება.
თქვენც შეგიძლიათ! ეწვიეთ ბმულს და გაიგეთ, როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში.
სტატია მომზადდა პროექტის EU NEIGHBOURS east ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.
კომენტარები