NASA უცხოპლანეტელებზე დაბინძურების ძიებით "ნადირობას" იწყებს
NASA-ს მეცნიერებმა არამიწიერი სიცოცხლის საპოვნელად ჭკვიანურ მიდგომას მიაგნეს — ისინი ეგზოპლანეტებზე აზოტის დიოქსიდით ჰაერის დაბინძურების ნიშნებს ადევნებენ თვალს.
დედამიწის ატმოსფეროში ჭარბად გავრცელებლი ჰაერის დამაბინძურებლები, როგორებიცაა აზოტის დიოქსიდი (NO2) და სათბურის აირები იმის მაჩვენებელს წარმოადგენენ, რომ ჩვენს პლანეტაზე ადამიანები — განვითარებული არსებები ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე, NASA-ს მეცნიერთა გუნდი მსგავს დამაბინძურებლებს სხვა, ცხოვრებისთვის პოტენციურად ხელსაყრელ ეგზოპლანეტებზე ეძებს. ამას მეცნიერები უცხოპლანეტებელის ტექნოხელწერას, ანუ განვითარებული ცივილიზაციის არსებობის ნიშანს უწოდებენ. მათი კვლევა, რომელიც მოგვიანებით The Astrophysical Journal-შიც დაიბეჭდა, პირველია, რომელიც უცხოპლანეტელების ტექნოხელწერის მაგალითად აზოტის დიოქსიდსაც განიხილავს, ეს კი მეცნიერებს სამყაროში არამიწიერი სიცოცხლის ძიების ახალ ხერხს სთავაზობს.
დაბინძურების საფუძველზე კოსმოსში უცხოპლანეტელების ძებნა სიახლეს სულაც არ წარმოადგენს, მაგრამ ტექნოხელწერისთვის NO2-ის დამატება, რომელიც სატრანსპორტო საშუალებებსა თუ ელექტროსადგურებში წიაღისეული საწვავის წვის შედეგად თანმდევ პროდუქტად გამოიყოფა, კვლევის გაფართოებას უწყობს ხელს.
"შესაბამისად, აზოტის დიოქსიდის დაფიქსირებამ სიცოცლხისთვის ხელსაყრელ პლანეტებზე, შესაძლოა, მასზე ინდუსტრიული ცივილიზაციის არსებობაზე მიანიშნოს", — ამბობს თავის პრესრელიზში რავი კოპარაპუ, კვლევის მთავარი ავტორი და NASA-ს გოდარის კოსმოსური ფრენების ცენტრის მკვლევარი.
პრობლემას მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ ზოგიერთი პლანეტის ატმოსფეროში NO2 შესაძლოა ბუნებრივად არსებობდეს, ამაში კი განსაკუთრებით მაშiნ დავრწმუნდებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ნივთიერება შესაძლოა ვულკანური აქტივობის დროსაც გამოიყოს. ამიტომ, კვლევის ერთ ნაწილს წარმოადგენდა იმ გზის პოვნა, რომლითაც მეცნიერები სხვადასხვა ეგზოპლანეტაზე აზოტის დიოქსიდის იმ რაოდენობის მოდელირებას შეძლებდნენ, რაც წესით მათ ატმოსფეროებში განვითარებული სიცოცხლის ჩარევის გარეშეც უნდა არსებობდეს.
"თუ პლანეტის შესწავლისას მასზე იმაზე მეტი რაოდენობით NO2 დაიკვირვება, ვიდრე ეს ჩვენი მოდელით იქნება გათვალისწინებული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ზედმეტი რაოდენობის აზოტის დიოქსიდის არსებობა ატმოსფეროში სწორედ სამრეწველო საქმიანობას უკავშირდება", — ამბობს თავის რელიზში კვლევის თანაავტორი და გოდარის ცენტრის მკვლევარი, გიადა ანრი.
კომენტარები