მარსის რობოტებისთვის ეს ნამდვილად დიდი კვირაა. გასული წლის ივლისში მარსისკენ სამი მისია გაეშურა. ისინი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ჩინეთმა და აშშ-მ გაუშვეს. მისიების ერთი თვის (ივლისის) განმავლობაში გაშვების მიზეზი შემდეგია — ამ პერიოდში მარსი და დედამიწა ორბიტებზე ერთმანეთთან უახლოეს წერტილებში იმყოფებიან.

სამი მისიიდან პირველი, წითელ პლანეტამდე სწორედ დღეს მიაღწევს. თქვენ ამის ყურება აქ შეგეძლებათ. კოსმოსური ხომალდი, Hope, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეკუთვნის და ის დღეს მარსის ორბიტაზე გავა.

თუ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, UAE მეხუთე სახელმწიფო იქნება, რომელმაც მარსამდე მიაღწია და მისიას ასრულებს. აქამდე ეს აშშ-ს, საბჭოთა კავშირის, ინდოეთის და ევროპის კოსმოსური სააგენტოების ხომალდებმა შეძლეს.

ეს პროცესი ჩვენი დროით 19:30-ზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ პროგრესის შესახებ სიგნალს, დედამიწამდე მოსაღწევად 11 წუთი დასჭირდება.

მიზანი

ხომალდის მიზანი მარსის ამინდზე დაკვირვება და მისი შესწავლაა. ეს ზოგადი სურათისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, მისი გამოყენება სამომავლოდ მარსის კოლონიზაციისთვისაც შეგვეძლება.

კოსმოსური ხომალდი მარსის გარშემო 687 დღის განმავლობაში იმოძრავებს და პლანეტის ატმოსფეროს დააკვირდება. ხოლო მიღებული მონაცემების გამოგზავნას, 2021 წლის სექტემბრისთვის დაიწყებს.

ამით ჩვენ უფრო მეტი გვეცოდინება როგორც პლანეტაზე, ისე მის კლიმატზე.

რისკი

2020 წლის ივნისში გაშვებული მისია, ამ მომენტისთვის ყველაზე კრიტიკული და რთული მანევრისთვის ემზადება. ოფიციალური წყაროების ცნობით, ამ ურთულესი მანევრის შესრულების და მარსის ორბიტაზე გასვლის შანსები 50-50-ზეა.

ურთულესი მანევრის ფარგლებში, ხომალდმა სვლა სწრაფად უნდა შეაჩეროს, რათა მარსის გრავიტაციამ მისი "დაჭერა" მოახერხოს. ამისთვის Hope-ს ექვსივე Delta-V გამწევი ძრავის დაწვა მოუწევს და ეს ყველაფერი 27 წუთში.

ხომალდის პროგრესს თვალი შეგიძლიათ აქ ადევნოთ.