პოპულაციური იმუნიტეტის მსოფლიო ლაბორატორია: ისრაელის ვაქცინაციის ისტორია
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ხანუქას დღესასწაული აშშ-ში განთავსებულმა ისრაელის საელჩომ ონლაინ რეჟიმში აღნიშნა. ოფიციალურ ვიდეომიმართვაში ელჩმა, რონ დერმერმა მერვე ღამეს სანთლების ასანთებად Pfizer-ის ხელმძღვანელი, ალბერტ ბურლა წარადგინა. ამ მოპატიჟებას ბურლასთვის უფრო ღრმა და პირადი მნიშვნელობა აქვს. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში 50 ათასამდე ბერძენი ებრალი ცხოვრობდა. ჰოლოკოსტმა მათი რაოდენობა დრამატულად, რამდენიმე ათასამდე შეამცირა. გადარჩენილთა შორის ალბერტ ბურლას მშობლებიც იყვნენ. 75 წლის შემდეგ მათი შვილი კაცობრიობის გადასარჩენად გამართულ რბოლაში პირველი აღმოჩნდა, ვინც ვაქცინის წარმოება და გამოყენების ლიცენზიის მოპოვება ყველას დაასწრო.
ისრაელი ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომელსაც პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა. საპასუხო რეაქციაც არანაკლებ ხისტი გამოდგა — ყოველდღიურად 5 ათასი ახალი ინფიცირების საპასუხოდ ქვეყანა მესამე და ყველაზე მკაცრ ლოქდაუნში გადავიდა. 9 მილიონი მოქალაქისათვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაქცინების მოძიება ადრიდანვე დაიწყო. პანდემიასთან ეფექტიანად ბრძოლას მისთვის ახლა დიდი პოლიტიკური ფასი აქვს — 23 მარტს არჩევნებია ჩანიშნული და მას გამარჯვება ისე სჭირდება, როგორც არასდროს. 2016 წლის დეკემბერში დაწყებულმა გამოძიებამ ნეთანიაჰუს ყველაზე უხერხულ დროს, პანდემიის მიმდინარეობისას მოუსწრო. 2020 წლის მაისში სასამართლო პროცესიც დაიწყო და ისრაელის პრემიერ-მინისტრს მოსყიდვას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მისთვის სასწორზე ახლა ძალიან ბევრი რამ დევს და როგორც ჩანს, იგი მის წინაშე დასახულ ამოცანებს წარმატებით ართმევს თავს. სულ რაღაც 17 სატელეფონო ზარი დასჭირდა მას და ჯანდაცვის მინისტრს, იული ედელშტაინს, რომ ალბერტ ბურლასგან ვაქცინების დიდი პარტია შეესყიდათ.
ისრაელმა ვაქცინაციის პროცესისთვის მზადება ადრიანად დაიწყო და ეს მოლაპარაკების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ Pfizer ვაქცინების დიდ პარტიას გაყიდდა, ხელისუფლება ვაქცინაციის უპრეცედენტო სისწრაფით ჩატარების პირობას იძლეოდა, რაც ბურლასთვის განსაკუთრებით საყურადღებო საკითხი აღმოჩნდა. ვაქცინების სანაცვლოდ, ფარმაცევტული გიგანტი მისთვის ძალზედ ძვირფას ინფორმაციას მიიღებს: ისრაელის მთავრობა მას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცრილთა ასაკს, სქესს და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას გაუზიარებს. ეს ყოველივე Pfizer-ს საშუალებას მისცემს, რომ ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაცია დაამუშავოს. როგორც იტყვიან "ხელი ხელს ბანს და ორივენი კი — პირსაო".
ოქროს ფასი ინფორმაცია
საკუთარი პირობის ასასრულებლად ისრაელის ჯანდაცვის სისტემა მომზადებული აღმოჩნდა. ისრაელის ყველა მოქალაქე სავალდებულო საყოველთაო დაზღვევის პროგრამაშია ჩართული, რომელსაც 4 არაკომერციული სახელმწიფო ორგანიზაცია უზრუნველყოფს. საინფორმაციო ბაზა სრულად კომპიუტერიზებულია და მასში ისრაელის ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ინახება: ონლაინ-არქივი ბოლო 30 წლის მონაცემებს აერთიანებს. შესაბამისად, ვაქცინაციის შემდგომ ინფორმაციის შეკრება და დამუშავება ლოჯისტიკურად, დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.
"ეს ოქროს საბადოა", — აღნიშნავს ზივ ოფეკი. იგი ერთ-ერთია, ვინც თავის დროზე ამ მონაცემთა ბაზის შექმნასა და ამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. მისი აზრით, ისრაელის მონაცემთა ერთიან ბაზას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ამჟამად, მისი კერძო კომპანია კორონავირუსით დაინფიცირებულთა ბაზას სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად აწარმოებს და მასში კონფიდენციალურობის პრინციპები ძალიან მკაცრადაა დაცული. ოფეკის ორგანიზაციამ მეცნიერებს დიდი დახმარება უკვე გაუწია: მის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზით ნათელი გახდა, რომ ღვიძლისმიერი გაცხიმოვნება COVID-19-ით სიკვდილიანობის რისკს ზრდის.
თავის შეფასებებში უფრო სკეპტიკურია ტეჰილა შვარც ალტშულერი, მონაცემთა კონფიდენციალურობის ადვოკატი და Pfizer-თან დადებული ხელშეკრულების ხმამაღალი კრიტიკოსი. იგი ისრაელის დემოკრატიულ ინსტიტუტს წარმოადგენს და მას მიაჩნია, რომ ეს გარკვეული თვალსაზრისით, სამეცნიერო კვლევაა. ამაში მას ზივ ოფეკი არ ეთანხმება.
"რეალური კვლევის ჩატარება მხოლოდ სტატისტიკურ მაჩვენებელზე დაყრდნობით? ეს კვლევა არ არის", — აღნიშნავს ოფეკი და ამგვარად ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შეაქვს, როცა ისინი აღნიშნავენ, რომ Pfizer-ს მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს მიაწვდიან. მიუხედავად შეხედულებათა შორის წინააღმდეგობისა, ოფეკიც და შვარც ალტშულერიც თანხმდებიან, რომ ვაქცინებთან სწრაფი წვდომა ისრაელისთვის უმაღლესი პრიორიტეტის საკითხია.
"ყოველთვის, როცა ვინმე უცხოეთიდან ვიზიტით იმყოფება, მე მას ამ ისრის წვერს ვუჩვენებ", — ამბობს ნეთანიაჰუ და თითს მინის ყუთში მოთავსებული ნივთისკენ იშვერს. ეს რომაული ისრის წვერის ანალოგია, რომლის ორიგინალი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ იოდფატში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას იქნა ნაპოვნი. ეს პირველი გალილეური ციხე-ქალაქი გახლდათ, რომელიც რომაელების დამაუძლურებელი ალყის შემდეგ დაეცა. იმავე ყუთში ისრაელის ანტი-ბალისტიკური რაკეტის მინი-მოდელიც არის განთავსებული, რაც ამ ორ ნივთს შორის ვიზუალურ მსგავსებას თვალსაჩინოს ხდის.
"ახლა კი, რაღაც განსხვავებულს, სხვა ისარს გიჩვენებთ", — ამბობს ნეთანიაჰუ და თითს მინის ყუთში მოქცეული შპრიცისკენ იშვერს — "ეს ის შპრიცია, რომლითაც პირველი ვაქცინა იმ მილიონობით ვაქცინიდან გამიკეთეს, რომელიც ისრაელში ჩამოვიტანეთ. ჩვენ მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც კორონავირუსის კრიზისიდან გამოვა".
ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ვაქცინის მოძიება და იმუნიზაციის პროგრამის გაშვება უპირველეს ამოცანად იქცა და იგი წარმატების აფიშირებასა თუ პოლიტიკური ქულების დაწერასაც არ ერიდებოდა. იგი პირადად დახვდა ვაქცინების პირველ პარტიას და პირველი ისრაელელი გახდა, ვინც კამერების წინ, პირდაპირ ეთერში აიცრა. ისრაელში ვაქცინაციის პროცესი თავბრუდამხვევი სისწრაფით დაიწყო.
ვაქცინაცია ელვის სისწრაფით
Pfizer-ს 2021 წლისთვის 1,2 მილიარდი ერთეული ვაქცინის წარმოება აქვს დაგეგმილი. ამ კოლოსალურ რაოდენობაში ისრაელისთვის გამოყოფილი 10 მილიონი დოზა ნამდვილად ზღვაში წვეთია, მაგრამ 9-მილიონიანი ქვეყნისთვის კი დიდი მაჩვენებელია. მოცემული მომენტისათვის 5,21 მილიონი დოზა უკვე გაკეთებულია, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც ვაქცინის ორივე დოზით აიცრა — მილიონ ადამიანს სცდება. ორ კვირაზე მცირე დროში, ქვეყანამ მოსახლეობის 9%-ის ინოკულაცია მოახერხა და ეს ყოველივე 1 იანვრის მონაცემებით. ამ შედეგის მისაღწევად ყოველდღიურად 150 ათასი ადამიანი იცრებოდა. ამჟამად, ისრაელში ყოველი 100 ადამიანიდან 60-ს მინიმუმ 1 დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ამ ტემპით ქვეყანა ყველა მოსახლის სრულად ვაქცინაციას მარტის ბოლომდე მოახერხებს. ეს გასაოცარი შედეგი იმითაც არის აღმაფრთოვანებელი, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, ვაქცინაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მიუღწევადი ჩანდა.
პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების დაუცველობის გამო, ხარედებში (ულტრაორთოდოქსული იუდაიზიმის მიმდევრები) კორონავირუსი საგანგაშოდ სწრაფად გავრცელდა. ამის გამო ბევრს მიაჩნდა, რომ ისინი ვაქცინაციის წინააღმდეგნი იქნებოდნენ, თუმცა, ეს არ არ მოხდა. ხასიდთა სულიერმა ლიდერმა, რაბინმა იცხაკ ცილბერშტაინმა საჯარო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ვაქცინის მიერ გამოწვეული ნებისმიერი თეორიული საშიშროება, ვირუსის მიერ გამოწვეულ ზიანთან შედარებით, უმნიშვნელოა. რამდენიმე ავტორიტეტული რაბინი საჯაროდ აიცრა და ამით ბევრ სხვა ხარედ ებრაელს მისცა მაგალითი.
ისრაელის მთავრობა აგრესიულად ჩაერთო ანტივაქსერულ რიტორიკასთან ბრძოლაში. იუსტიციის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობდა ფეისბუქის ისრაელურ წარმომადგენლობასთან და ერთობლივად მომზადებული პეტიციების შედეგად, მათ ვაქცინაციასთან დაკავშირებული მისინფორმაციის გამავრცელებელი 4 დიდი ჯგუფი წაშალეს.
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფართო საინფორმაციო კამპანიამაც და იმის ნათლად გამოკვეთამ, თუ რა სარგებლის მოტანა შეეძლო ვაქცინაციას. ამისათვის ხელისუფლებამ ე.წ. "მწვანე პასპორტების" პროგრამა აამუშავა. ვაქცინაციის შემდეგ, აცრილებს სპეციალურ მოწმობას აძლევენ, სადაც მისი იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. "მწვანე პასპორტის" მქონეები კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, თავს არიდებენ კარანტინს, შეუძლიათ დაესწრონ კულტურულ ღონისძიებებს, მიირთვან რესტორანში და ა.შ.
ისრაელი ვაქცინების ძიებაში მხოლოდ ერთი მომწოდებელის იმედად არ ყოფილა. მათ ამერიკულ ბიოტექ კომპანია Moderna-ს 6 მილიონი ერთეული ვაქცინა (3 მილიონი ადამიანის სამყოფი დოზა) შეუკვეთეს და პირველი 100 ათასი ერთეული უკვე მიიღეს კიდეც. გასული წლის ნოემბრის მიწურულს, ნეთანიუჰუმ AstraZenecca-სთანაც მიაღწია შეთანხმებას და ვაქცინის 10 მილიონი ერთეული შეისყიდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მაშინ აღნიშნა, რომ მისთვის ამოსავალი წერტილი ყველასთვის სამყოფი ვაქცინების მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად ბევრი წყაროსგან მოპოვება გახლდათ. ეს ყოველივე კი მანამდე მოხდა, სანამ ისრაელს მხსნელად ალბერტ ბურლა მოევლინებოდა.
გამართლებული ფინანსური დანახარჯი
ისრაელს წარმატებული ვაქცინაცია იაფი არ დაუჯდა. Pfizer-თან მოლაპარაკების დეტალები კონფიდენციალურია და ზუსტ ფასზე საჯარო საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ნეთანიაჰუმ ვაქცინაში ევროპის ბლოკის ქვეყნებზე უფრო ძვირი გადაიხადა. ფინანსებზე მანიპულაციას წერტილი ისრაელური პრესის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ დაუსვა, რომელთა განცხადებითაც ქვეყანამ ერთ ვაქცინაში $23,50 გადაიხადა (ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ისრაელელის სრული იმუნიზაცია $47 დაჯდება) შედარებისათვის: ევროკავშირის ქვეყნებისთვის Pfizer-ის ვაქცინის ერთი ერთეულის ფასი $14,76-ს შეადგენს. ისრაელის მიერ გადახდილი მაღალი ფასის მიზეზები შეკვეთის დიდ მოცულობასა და სწრაფი მიწოდების მოთხოვნაში უნდა ვეძიოთ. ეს ყოველივე კი იმის ფონზე, რომ მასზე წინ მყიდველთა რიგში აშშ, კანადა და იაპონია იდგა.
ისრაელის მიერ გაწეული ხარჯი გამართლებულია. დეკემბრის მიწურულს ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 5 ათას შემთხვევას გადააჭარბა, რაც ოქტომბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამის გამო ქვეყანაში რიგით მესამე, 14 დღიანი ლოქდაუნი შემოიღეს: დაიხურა სკოლები, მაღაზიები და შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. ამგვარი შეზღუდვები კი ისრაელის ეკონომიკას კვირაში $932,6 მილიონი უჯდება. შესაბამისად, გასაკვირიც აღარ ხდება, თუ რატომ არის ქვეყანაში ვაქცინაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი — აცრით მიღებული ეკონომიკური სარგებელი გაცილებით მაღალია.
ისრაელის გეგმამ იმუშავა და ეს უკვე სამედიცინო ჩანაწერების ანალიზითაც დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტრომ მეორე აცრიდან 1 კვირის თავზე 60 წელს გადაცილებული 743,845 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ჩანაწერები გადაამუშავა. აღმოჩნდა, რომ მათგან კორონავირუსით მხოლოდ 531 ადამიანი დაინფიცირდა, რაც სულ რაღაც 0,07%-ს შეადგენს. ამ 531 ადამიანიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 38-ს დასჭირდა. მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ პირველი აცრიდან 14 დღის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი უწყვეტად იკლებს. რადგანაც ვაქცინირებულთა მონაცემების შესადარებლად საკონტროლო ჯგუფი არ გამოუყენებიათ (ანუ აუცრელ ჯგუფთან შედარება არ მომხდარა), გაჩნდა ეჭვი: ეს ყოველივე ლოქდაუნის დამსახურება ხომ არ არის? ამ კითხვაზე პასუხისთვის ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის, თელ-ავივის უნივერსიტეტისა და ისრაელის ტექნონოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა არსებული მონაცემების ხელახალი ანალიზი დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ 60-ს გადაშორებულ ვაქცინირებულ ადამიანთა შორის ინფიცირების მაჩვენებელმა დრამატულად ზუსტად იმ ქალაქებში იკლო, რომლებმაც ყველაზე ადრე და ყველაზე დიდი მოცულობით დაიწყეს მოსახლეობის აცრა. მსგავსი შედეგი კი აქამდე შემოღებულ არცერთ ლოქდაუნს არ მოუტანია. ეს უკვე ნამდვილად იმაზე მიანიშნებს, რომ ვაქცინა მუშაობს და იგი მაღალეფექტიანია. ამის თქმის საშუალება მეცნიერებმა პირველი 163 ათასი სრულად აცრილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზით შეძლეს. როგორც აღმოჩნდა, Pfizer-ის ვაქცინამ 92%-იანი ეფექტიანობის ჩვენება წარმატებით შეძლო.
იანვრის მიწურულს დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ მისი სამშობლო "პოპულაციური იმუნიტეტის მსოფლიო ლაბორატორიად იქცევა". მას ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ისრაელს შეუძლია მსოფლიოსთვის სამაგალითო შემთხვევად იქცეს, რათა გავიგოთ, თუ რამდენად ეფექტიანია ვაქცინაცია ეკონომიკის გასახსნელად". ეს კითხვა კორონავირუსის გამოჩენიდან დღემდე ყველას აწუხებს და როგორც ჩანს, ამაზე საბოლოო პასუხი უკვე გაზაფხულისთვის გვექნება.
კომენტარები