ზოგიერთი სპერმატოზოიდი თავის კონკურენტებს წამლავს — ახალი კვლევა
სპერმის უჯრედებს შორის კონკურენცია მწვავეა — მათგან ყველას კვერცხუჯრედში შეღწევა და მისი განაყოფიერება სურს. მკვლევრებმა აჩვენეს, რომ თაგვებში სპერმატოზოიდების პროგრესული გადაადგილების უნარი ცილა RAC1-ზეა დამოკიდებული. შედეგად, კონკრეტული ცილის ოპტიმალური რაოდენობა, ინდივიდუალური სპერმის კონკურენტუნარიანობას აუმოჯბესებს.
როდესაც მილიონობით სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედისკენ მიემართება, ჩნდება შეკითხვა, მათი წარმატება იღბალზეა დამოკიდებული? როგორც აღმოჩნდა — არა.
მაქს პლანკის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მკვლევართა გუნდმა აღწერა, თუ როგორ უწყობს ხელს გენეტიკური ფაქტორი, სახელწოდებით "t-haplotype", სპერმატოზოიდის "წარმატებას".
მკვლევრებმა ექსპერიმენტულად პირველად აჩვენეს, რომ "t-haplotype"-ის მქონე სპერმა უფრო პროგრესულია. შესაბამისად, ის წინ უფრო სწრაფად მიიწევს, ვიდრე მისი "კონკურენტები".
კვლევის თანახმად, მოძრაობის ეს განსხვავებები დაკავშირებულია RAC1 მოლეკულასთან.
"როგორც ჩანს, ინდივიდუალური სპერმის კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია RAC1-ის მოლეკულის ოპტიმალურ დონეზე; როგორც შემცირებული, ისე გადაჭარბებული RAC1 აქტივობა ხელს უშლის ეფექტურ წინსვლას", — ამბობს ალექსანდრა ამარალი, MPIMG-ის მეცნიერი და კვლევის ავტორი.
t-სპერმატოზოიდები კონკურენტებს წამლავენ
"t-haplotype-ის მქონე სპერმატოზოიდები, კონკურენტებს თიშავენ. ისინი "წამლავენ" ყველა სპერმას, მაგრამ ამავე დროს, წარმოქმნიან ანტიდოტს, რომელიც მხოლოდ t-სპერმატოზოიდებისთვის მოქმედებს. წარმოიდგინეთ მარათონი, რომელშიც ყველა მონაწილე სასმელი წყლით იწამლება, მაგრამ ზოგი მორბენალი ანტიდოტს იღებს." — ამბობს ბერნარდ ჰერმანი, MPIMG-ის დირექტორი და კვლევის ავტორი.
როგორც მან და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, t-haplotype შეიცავს გარკვეულ გენურ ვარიანტებს, რომლებიც მარეგულირებელ სიგნალებს ამახინჯებენ. სწორედ ამ "შხამს" გამოჰყავს მწყობრიდან სხვა სპერმატოზოიდები და ანელებს მათ.
თუმცა, თუ t-სპერმის ჭარბი წარმოება ხდება, მაშინ უპირატესობა იკარგება და ასეთი უჯრედები ერთმანეთსაც ხელს უშლიან. საბოლოოდ, ამან სტერილურობა შეიძლება გამოიწვიოს.
"ჩვენი მონაცემები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სპერმის უჯრედები დაუნდობელი კონკურენტები არიან. შესაბამისად, გენეტიკური განსხვავებებით ინდივიდუალურ სპერმატოზოიდებს სასიცოცხლო რბოლაში უპირატესობა ენიჭებათ. ამით კონკრეტული გენური ვარიანტების გადაცემას ეწყობა ხელი", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები