პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მას აქციები უკვე "ნაკლებად აინტერესებს". მისი თქმით, ყველას დაუმტკიცეს, რომ არც "ვინმეს აქციების" ეშინიათ და არც "ვინმეს ბულინგის". ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორი იყო მისი პირველი დღე პარლამენტში, მაშინ, როცა იქ მისვლა პარალელური აქციის ფონზე მოუწია.

"მე არაფერი აქცია არ მინახავს, გავიგე, რომ რაღაცა აქცია გაიმართა და ჩვეულებრივად მოვედი და შემოვედი. ასეთი რაღაცები უკვე, სიმართლე რომ გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს და არც მოქმედებს ჩემზე. მე მგონი, ყველას დავუმტკიცეთ, რომ არც ვინმეს აქციების მეშინია, მით უმეტეს, ევროპული საქართველოს აქციების და არც ვინმეს ბულინგის. ამიტომ, ამით ტყუილად თავს ნუღარ შეიწუხებენ. ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს", — განაცხადა იოსელიანმა.

დღეს პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრნენ. მათ 29 იანვარს განაცხადეს, რომ ქართულ ოცნებასთან შეთანხმების შემდეგ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.