როგორ აკარგვინებენ Wall Street-ს მილიარდებს რედდიტის მომხმარებლები
r/WallStreetBets პოპულარული საბრედიტია, სადაც ადამიანები ერთმანეთს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გამოცდილებას უზიარებენ და ხშირად, რთულ ვითარებაში მყოფ კომპანიებს აქციების შესყიდვით ეხმარებიან. ერთ-ერთი სენტიმენტი, რომელიც ამ საბრედიტზე ჟღერდება, დიდი საფინანსო კომპანიებისადმი არც ისე სახარბიელო დამოკიდებულებაა. ეს არის სენტიმენტი, რომელიც განსაკუთრებით საგრძნობი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გახდა.
აქციების მეტწილად ავტომატიზირებული ყიდვა-გაყიდვის გარდა, Wall Street-ზე ერთგვარი კატალიზატორი მოქმედებს, სადაც კომპანიები სხვა კომპანიების წარუმატებლობაზე ფსონებს დებენ. ეს ფინანსურ სექტორში მიმდინარე პროცესების გამარტივებული სურათია, თუმცა, ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელი.
ერთ-ერთი კომპანია, რომლის აქციების ფასის რადიკალურ ვარდნას ყველა დიდი ხანია ელოდება GameStop-ია. კომპანია აშშ-ში მეტწილად ვიდეოთამაშებს ყიდის. თამაშების საყიდლად მაღაზიებში იშვიათად დადიან და მიმდინარე პანდემიას თუ გავითვალისწინებთ, გაყიდვები კიდევ უფრო შემცირდა.
11 იანვარს GameStock-მა ახალი დირექტორები აიყვანა, რომლებიც კომპანიის მოდერნიზაციას გეგმავდნენ. ამ დღეს უცნაური რამ მოხდა... კომპანიის აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა. ზრდის ტრენდი ბევრისთვის მოულოდნელად გაგრძელდა. ორ დღეში კომპანიის აქციების ფასმა 57%-ით იმატა. მომდევნო კვირაში კიდევ 27-ით, შემდეგ 51%-ით, ცოტა ხანში კი დამატებით 93%-ით.
ერთი წლის წინ Gamestop-ის ერთი აქციის ფასი 4 $ იყო, ახლა კი 200$-ია. რედიტის მომხმარებლები Gamestop-ის აქციებს უპრეცედენტო სისწრაფით ყიდულობენ. კომპანიის აქციების შესყიდვა საფინანსო კომპანიებმაც დაიწყეს, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ აქციების ფაის უპრეცედენტოდ იზრდება. თუმცა, სხვა საფინანსო კომპანიებს არ გაუმართლათ.
Sundheum's D1 Capital Partners-ის ღირებულება 20%-ით შემცირდა. Melvin Capital-მა ღირებულების 30% დაკარგა და ა.შ. იმიტომ, რომ ეს ფონდები ფსონებს GameStop-ის "ჩაძირვაზე" დებდნენ.
r/WallStreetBets-მა AMC-ის აქციების ყიდვაც დაიწყო. ეს უკანსკნელი კინოთეატრების კომპანიაა, რომელმაც პანდემიის გამო უამრავი ფული დაკარგა. Twitter-ზე #SaveAMC ტრენდული გახდა. ადამიანები კინოთეატრების ქსელის დახმარებას ცდილობენ.
ადრე WallStreet-ის საფონდო ბირჟაზე ჩართვა არც ისე მარტივი იყო. უნდა დაგექირავებინათ ანალისტიკოსი, რომელიც გეტყოდათ რა აქციები უნდა იყიდოთ, რას უნდა ერიდოთ და ა.შ. თუმცა, Reddit-ისნაირ ფორუმებზე, ახალბედა და მოყვარული ფინანსიტები გადაწყვეტილებებს ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარებით იღებენ.
"მგონი ისეთი გავლენა იქონიეთ, რომ ეს მსუქანი კატები ნერვიულობენ, რომ შეიძლება ადგომა და მუშაობა მოუწიოთ", — წერს r/WallStreetBets-ის მოდერატორი. "ეს ბუნდოვანი შეგრძნება, რომელიც ახლა გაქვთ, პატივისცემის განცდაა და ის დამსახურებულია. Wall Street თქვენ არსებობს აღარ უარყოფს".
კომენტარებში ვკითხულობთ, "YouTube-ის სტრიმერს, რომელსაც კატები უცნაურად უყვარს უფრო ვენდობი, ვიდრე Goldman Sachs-ს". არაერთმა რედიტორმა ნაყიდი აქციების უფრო მაღალ ფასად გაყიდვა დაიწყო. ცალკეული მომხმარებლები, რომლებიც ძირითადად სტუდენტები არიან, წერენ, რომ ამ აქტივიზმის დახმარებით, მათ სხვადასხვა დავალიანებების (იქნება ეს სტუდენტური ვალი თუ გირაო) გადახდა შეძლეს.
r/WallStreetBets-ის აქტივიზმი მთელმა მსოფლიომ აიტაცა. მას მხარდაჭერით ილონ მასკიც კი გამოეხმაურა.
რედიტორების ამ აქტივობას ბევრი (განსაკუთრებით დიდი საფინანსო ორგანიზაციები) პარაზიტულს უწოდებს. თითქოს საბრედიტის მომხმარებლები განგებ მავნებლობენ, r/WallStreetBets კი სხვა პოზიციაზეა. ინტერნეტში მათ მხარს მთელი პოლიტიკური სპექტრი უჭრს, მათ შორის Occupy Wall Street-ის მოძრაობის მხარდამჭერები, რომლებიც Wall Street-ს 2008 წლის კრიზისში ადანაშაულებენ.
მასშტაბური ონლაინ აქტივიზმი ჯერ არ დამთავრებულა, საინტერესოა რა განვითარება მოჰყვება მას.
კომენტარები