საბჭოთა საქართველოდან Siemens-მდე — გიორგი მამალაძის პატენტი და პროექტები
ცვლილება ჯერ ადამიანში ხდება და შემდეგ საზოგადოებაში ჰპოვებს ასახვას. ეს აზრი, ამ თუ სხვა ფორმულირებით, ბევრგან გვსმენია. თუმცა, როცა "ჩვენს თავში დაწყებული ცვლილება" სრულდება, გარშემო სულ სხვა რეალობა გვხვდება ხოლმე. გვხვდება გარემო, რომელთან შეგუებაც გვიჭირს და სანამ მასზე გავბრაზდებით, გვავიწყდება, რომ საზოგადოების ცვლილება გაცილებით ხანგრძლივი პროცესია. პროცესი, რომელსაც შეიძლება უნდა გავექცეთ, იმისათვის, რომ ჩვენი განვითარება არ შეაფერხოს.
მიუხედავად იმისა, როგორ აღიქმება ეს საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან, განვითარების სხვადასხვა საფეხურზე დგომა ისე მტკივნეული არავისთვისაა, როგორც ზედა საფეხურზე მყოფთათვის. მეცნიერებისა თუ გამომგონებლებისთვის, რომლებიც ხშირად მიდიან ქვეყნიდან, განსხვავებულ რეალობაში ამოყოფენ ხოლმე თავს და მსგავს ადამიანებსაც წარმატებით პოულობენ. თუმცა, ყველაზე კარგად ხედავენ, თუ როგორ ვერ ეწევა თანამედროვე ადამიანთა უმეტესობის გონება, ისევე, როგორც განათლების სისტემა ტექნოლოგიურ პროგრესს, რომლის შექმნაშიც ისინი იღებენ ხოლმე მონაწილეობას.
დღეს ერთ-ერთ ასეთ გამომგონებელსა და პროგრამისტზე — გიორგი მამალაძეზე გიყვებით, რომელიც ამჟამად მიუნხენში, Siemens-ში მუშაობს და ქმნის ისეთ პატენტებსა თუ პროექტებს, რომლებსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. Siemens გერმანული კომპანიაა, რომელიც ევროპის უდიდეს ინდუსტრიულ მწარმოებელს წარმოადგენს. გიორგი მამალაძე ამ კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის მთავარ არქიტექტორად მუშაობს, თუმცა, აქამდე დიდი და ძალიან საინტერესო გზა ჰქონდა გასავლელი.
საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებელ საქართველომდე
"დავიბადე საბჭოთა კავშირში, რომელიც უკვე დანგრევის პირას იყო. სკოლაში გვარწმუნებდნენ, რომ ეს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო და წითელ ყელსახვევებს გვიკეთებდნენ, სახლში კი მშობლები დილაობით რადიო თავისუფლებას უსმენდნენ. თავიდანვე ვგრძნობდი, რომ რაღაც არ იყო სწორი, შემდეგ დამოუკიდებლობის ტალღა წამოვიდა. ქვეყნის მთავარ ღირებულებებად ნაციონალიზმი და რელიგია იქცა. ჩემში ესეც სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევდა. თინეიჯერი ვიყავი და ამ ყველაფერს გადიდებული თვალებით ვუყურებდი — არ მესმოდა, უნდა ავყოლოდი ამას თუ არა. შემდეგ ამ ყველაფერს სამოქალაქო ომი და აფხაზეთის ომი მოჰყვა. ამან საკმაოდ შეარყია ჩემი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი საზოგადოება. შემდეგ კი ევროპაში ჩამოვედი და აქაურმა მდგომარეობამაც იქონია გავლენა ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე".
გიორგის პროგრამირებით დაინტერესება 10-12 წლის ასაკში დაიწყო, როცა მისმა მშობლებმა სახლში ნაცნობის ნაქონი რამდენიმე წლის რუსული ჟურნალი — Наука и Жизнь მიუტანეს. ამ ჟურნალში პოპულარულ ენაზე იბეჭდებოდა სამეცნიერო სტატიები, თუმცა, გიორგის უფრო ფოტოები აინტერესებდა.
"ვიჯექი და ვათვალიერებდი ხოლმე კოსმოსურ ხომალდებს, იარაღებს და მანქანებს. ერთ-ერთ სურათზე კი გამოსახული იყო პერსონალური კომპიუტერი, რომელთანაც ბავშვები მუშაობდნენ. ამან ძალიან დამაინტერესა და ის სტატია ბოლომდე წავიკითხე. სტატიაში ეწერა, რომ გამოვიდა საყოფაცხოვრებო კომპიუტერი БК 001 — რუსული საბჭოთა კომპიუტერი. მშობლებს ვეხვეწებოდი, ჩემთვისაც ასეთი კომპიუტერი ეყიდათ. მათ მისი შეძენა ვერ შეძლეს, თუმცა მიყიდეს პროგრამირებადი კალკულატორი МК 52, რომელიც საკმაოდ მძლავრი მოწყობილობა იყო და სწორედ მისი საშუალებით ვისწავლე პროგრამირება. ჩემი პირველი ოცნება კი თამაშის დაპროგრამება იყო".
მოგვიანებით გიორგი უკვე თბილისის ილია ვეკუას სახელობის სკოლაში დადიოდა, სადაც პროგრამირების მიმართულებითაც ბევრ საინტერესო რამეს სწავლობდა. გარდა ამისა, მონაწილეობდა ფიზიკისა და მათემატიკის ოლიმპიადებში. ნორჩ ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე მისმა გუნდმა გამარჯვებაც მოიპოვა. სკოლის პერიოდშივე დადიოდა პროგრამირების წრეზე მზიურში.
"ვეკუაში კომპიუტერების კლასი იყო, სადაც მხოლოდ მაღალკლასელებს უშვებდნენ. მე შედარებით პატარა ვიყავი და ინფორმატიკის მასწავლებელს ვეხვეწებოდი, რომ მეც შევეშვი იმ კლასში. ვარწმუნებდი, რომ კომპიუტერი მესმოდა და ფურცელზე ვუწერდი პროგრამებს იმის დასამტკიცებლად, რომ რაღაც შემეძლო. მოგვიანებით შემიშვეს იმ კლასში. ვფიქრობ, რომ სკოლამ ძალიან ბევრი რამ მომცა".
უნივერსიტეტი და პირველი სამუშაო
გიორგი მამალაძემ თსუ-ში სწავლა 1993 წელს დაიწყო. მაშინ უნივერსიტეტში დიდი მოლოდინებით შევიდა, იქ კი რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა დახვდა.
"დანგრეული აუდიტორიები, ამოყრილი პარკეტი, დემოტივირებული ლექტორები... ვფიქრობ, სკოლის პერიოდში ბევრად უფრო მეტი რამ ვისწავლე, ვიდრე თსუ-ში. ლექციებს ვაცდენდი, ამ დროს ვმუშაობდი ხოლმე და მუშაობის პროცესში ბევრ რამეს ვსწავლობდი".
ამბობს, რომ მშობლებმა მის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი იმით შეიტანეს, რომ თითქმის უკანასკნელი ფულით დაუფინანსეს ინგლისურის სწავლა. გიორგიმ სკოლის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა ჯერ ელექტრონული მოწყობილობების, შემდეგ კი კომპიუტერების შეკეთებაზე. იმ დროს, ქვეყანაში იმ ადამიანების დეფიციტი იყო, რომლებმაც პროგრამირება, ან კომპიუტერის შეკეთება იცოდნენ. მოგვიანებით, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში დაიწყო მუშაობა.
"ერთხელ მეგობარმა თქვა, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში კომპიუტერები მიიღეს და არ იციან რა უქნანო. მივედით და ჩვენი თავები შევთავაზეთ. იქ სიმბოლურ ფასად დავიწყეთ მუშაობა, თუმცა მსოფლიო ბანკიდან მიღებულ უთანამედროვეს კომპიუტერებთან გვქონდა შეხება და ჩვენც სწორედ ეს გვაინტერესებდა. ამავდროულად, სტატისტიკის სამსახურსაც ვუწევდით მომსახურებას".
როგორც თვითონ გვიყვება, ამ სამსახურში ბევრი ჭკვიანი ადამიანი შეიკრიბა — ძირითადად მათემატიკოსები, ეკონომისტები და სტატისტიკოსები. რაც შეეხება კომპიუტერებს, აქ გიორგი და სხვა ახალგაზრდები მუშაობდნენ. მოგვიანებით, მათემატიკოსებისა და ეკონომისტების ჯგუფმა ახალგაზრდებს ნებაყოფლობითად დაუწყეს ლექციების ჩატარება. ერთად არჩვედნენ წიგნებს ეკონომიკასა და მათემატიკაზე. სწორედ აქ გაიცნო გიორგიმ წარმატებული ეკონომისტი, რომელიც იმ დროს თიბისიში მუშაობდა და გიორგისაც შესთავაზა მის გუნდთან ერთად მუშაობა.
"როდესაც 1994 წელს TBC-ში გადავედი, სულ ოცი ადამიანი ვიყავით გუნდში. მაშინ ჩემი პასუხისმგებლობა იყო კომპიუტერის შეკეთებაც, მონიტორის მაგიდიდან მაგიდაზე გადადგმაც, კაბელის შეერთებაც და პროგრამული უზრუნველყოფაც. ეს წლები ძალიან კარგად მახსენდება. გვქონდა სამუშაო განწყობა, ძალიან დიდი მოტივაცია, ელექტროენერგია. არადა იმ დროს გარეთ მხედრიონი დარბოდა ავტომატებით და სამსახურიდან სახლში უსაფრთხოდ მისვლა დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. შემდეგ კი, როცა უცხოეთში დავაპირე წასვლა, TBC-დან წამოვედი".
გამგზავრება და "ბაბლის გასკდომა"
თავიდან ფიქრობდა, რომ გერმანიაში მხოლოდ 2-3 თვით მიდიოდა, შემდეგ ეს 2-3 თვე ორ წელს გაგრძელდა და საბოლოოდ, მან და მისმა მეუღლემ გერმანიაში გადაწყვიტეს დარჩენა. აქ მან ჰაგენის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა და თავიდან გაიარა მაგისტრატურა. როგორც თვითონ გვიყვება, გერმანიაში მიღებული განათლება მეტნაკლებად ფორმალიზება იყო იმ ცოდნის, რაც მას ისედაც ჰქონდა. ეს გულისხმობს უკვე არსებული ცოდნის ფორმაში მოყვანას, ინგლისურ-გერმანული ტერმინოლოგიის ათვისებას და გერმანელების სამუშაო სტილის გაცნობას.
"დიპლომს და განათლების ფორმალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა მისი მნიშვნელობის კლების ტენდენცია მაინც შეინიშნება და ეს ძალიან მიხარია. არ მგონია, რომ კლასიკური საუნივერსიტეტო განათლება დღეს ისევ ღირებულია, თუმცა სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მისი კარგი ალტერნატივა არ არსებობს, ამიტომ მაინც საჭიროა".
გარკვეულ დროს გიორგი თავისუფალ უნივერსიტეტში ასწავლიდა, გერმანიაში გადასვლის შემდეგ კი ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო სტარტაპში დაიწყო მუშაობა.
"2000-იანი წლები იყო — dot-com bubble-ის დრო. მაშინ ძალიან ბევრი dot-com კომპანია შეიქმნა მსოფლიოში, რამაც მოგვიანებით კრახი განიცადა. ერთ-ერთ ასეთ კომპანიაში მეც მოვხვდი. ძალიან სტარტაპული გარემო გვქონდა — ღამეებს ვათენებდით, კომპანიაში იატაკზე გვეძინა, გამოფენებზე ლას-ვეგასში დავდიოდით. ძალიან საინტერესო და დინამიური დრო იყო, თუმცა იმ bubble-ის გასკდომის შემდეგ, სტარტაპი დიდმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ შეიძინა და შემდეგ ამ კომპანიაში გავაგრძელე მუშაობა".
Siemens — Huawei — Siemens
"bubble-ის გასკდომის შემდეგ" Siemens-ში გადავიდა. მისი თქმით, ეს საკმაოდ გამიზნული ნაბიჯი იყო, რადგან სულ ჰქონდა სურვილი, რომ ისეთ სოლიდურ კომპანიაში ემუშავა, რომლის ბრენდი მსოფლიოში ყველასთვის ცნობილი იქნებოდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კი, Siemens-ში მიიღეს და ფიქრობს, რომ აქ რამდენიმე წლიანი მუშაობის მანძილზე, დიდ კარიერულ ზრდას მიაღწია.
"Siemens-ში ძალიან კარგი ატმოსფერო მქონდა, მაგრამ თავში სულ ჩემი მენტორის სიტყვები მიტრიალებდა, რომელმაც მითხრა, ჩვენი ბიზნესი იმდენად დინამიურია, რომ ხუთ წელზე მეტ ხანს ერთ ადგილას თუ გაჩერდი, რეგრესი დაგეწყებაო. ეს ხუთი წელი სულ თავში მიტრიალებდა და მივხვდი, რომ ცვლილება მჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და რაიმე ახალი მეცადა".
იმ დროისთვის წინ ისეთი ჩინური კომპანიები მოიწევდნენ, როგორებიცაა Huawei, Tencent, Alibaba და ა.შ. ამ ყველაფერს ისე უყურებდა, როგორც ახალ სილიკონ ველის და თვითონაც უნდოდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გამხდარიყო. ფიქრობს, რომ ამ მხრივ Huawei-ში გადასვლა ძალიან კარგი გამოცდილება იყო. აქ ორ წელს იმუშავა და ბევრი საქმე მიიყვანა ბოლომდე. თუმცა, იქ მუშაობის პერიოდში მუდმივად ამჩნევდა განსხვავებებს ჩინურ და დასავლურ სამუშაო კულტურებს შორის და საკუთარ თავთან უჭირდა ბრძოლა იმისთვის, რომ კომპანიაში მიღებულ კულტურას მორგებოდა. გიორგის აზრით, ეს განსხვავება ყველაზე მეტად გამოიხატებოდა იმაში, რომ დასავლურ კომპანიებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და თავისუფლების ხარისხი ბევრად უფრო მაღალია.
"მივხვდი, რომ ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევად მიჯდებოდა და ჯობდა ისევ დასავლურ კომპანიაში დავბრუნებულიყავი", — აღნიშნავს იგი.
Huawei-დან წამოსვლის შემდეგ, იგი ისევ Siemens-ს დაუბრუნდა, სადაც ამჟამად ხელმძღვანელობს კვლევით ჯგუფს — Future architecture and cloud computing research group. ეს Siemens-ის შიდა საკონსულტაციო ჯგუფია, რომელიც ორი მიმართულებით მუშაობს: პირველი არის მომავალი ტექნოლოგიების კვლევა, მეორე კი სხვა კომპანიებისთვის კონსულტაციის გაწევა აქტუალურ პროექტებში. რაც შეეხება პირველს, ამ მხრივ გიორგი ისეთი ტექნოლოგიების კვლევებითაა დაკავებული, რომლებიც უახლოეს მომავალში, ან შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში დაინერგება ყოველდღიურ წარმოებაში.
კვლევებზე ქართველი პროგრამისტი და მისი გუნდი უნივერსიტეტებთან ერთად მუშაობენ, შემდეგ კი ამ შედეგებს ინდუსტრიაში იყენებენ. რაც შეეხება კონსულტაციის ნაწილს, ისინი კომპანიებში მათ სპეციალისტებთან ერთად ატარებენ ფართო ექსპერტიზას და ცდილობენ კომპანიის იმ პრობლემების გადაჭრას, რაც მათ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.
"ჩემი სამუშაო დღე რთული აღსაწერია. პანდემიამ ძალიან შეცვალა ჩემი მუშაობის რიტმი. მაგალითად, 2019 წელს 50-მდე ქალაქში ვიყავი ნამყოფი კონფერენციებზე თუ მოლაპარაკებებზე. თვითმფრინავში და სასტუმროში ძალიან დიდ დროს ვატარებდი. ორი ოფისი მქონდა, ორ სხვადასხვა ქალაქში. ახლა კი იძულებული ვარ, ყველაფერი სახლიდან ვაკეთო. ჩემი აზრით, ასეთი რეჟიმი მუშაობის ხარისხზე ცუდად აისახება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ადამიანებთან აღარ გვაქვს პირდაპირი კონტაქტი. მნიშვნელოვანი საკითხების ძალიან დიდი ნაწილის განხილვა სადილისას, ან ყავის სმისას ხდება. გარდა ამისა, ძალიან ბევრი საინტერესო ხალხის გაცნობა მიხდებოდა. ახლა კი ასეთი ინტერაქციები დაიკარგა და მე ძალიან მაკლია ეს".
პატენტი და გამორჩეული პროექტები
2013 წელს, გიორგი მამალაძის გამოგონება ამერიკასა და ჩინეთში დააპატენტეს. ეს გამოგონება გამოსახულების საშუალებით ინფორმაციის უკონტაქტო გადაცემას შეეხება და გამოიყენება ექსტრემალურ სიტუაციებში, სადაც არც wi-fi არის და არც ელექტრონული კავშირის დამყარების რამე საშუალება. სამწუხაროდ, მას დიდი გამოყენება არ აქვს, რადგან ასეთი განსაკუთრებული შემთხვევები იშვიათად გვხვდება.
კიდევ ერთი პროექტი, რაც მას პროფესიული სიამაყის საფუძველს აძლევს, იყო Tia Portal Siemens-ში. იგი ამ პროექტის მთავარი არქიტექტორი იყო. Tia Portal ინდუსტრიის ავტომატიზაციის სფეროში ისეთივე სტანდარტული პროდუქტია, როგორიცაა, მაგალითად, Microsoft word, რომლის გამოყენებაც ყველამ იცის. იმისთვის, რომ ააშენო ქარხანა, უნდა იცოდე Tia Portal. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენების სფერო შეზღუდულია, მსოფლიოს ყველა ქარხნის ინჟინერს აქვს თავისი Tia Portal, რომელიც მათთვის არის სწორედ ის პროდუქტი, რომლის მთავარი არქიტექტორი გიორგი მამალაძე იყო.
"ჩინეთში რომ ჩავედი, ქალაქ შენჯენის ცენტრში ერთ-ერთ უზარმაზარ ბიბლიოთეკაში სეირნობისას აღმოვაჩინე, რომ სწორედ ჩემი შექმნილი პროდუქტის სასწავლო ჩინურ წიგნებს ჰქონდა დათმობილი ერთი მთლიანი კარადა. ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, მათაც დავუძახე და ვუთხარი, ეს ჩემი გაკეთებულია-მეთქი. რა თქმა უნდა, ამ პროექტზე ასობით სხვა ადამიანიც მუშაობდა, თუმცა მისი ერთ-ერთი შემქმნელი მე ვიყავი და ძალიან ამაყი ვიყავი ამით. ერთხელ კი ქართველი ინჟინერ-პროგრამისტი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ Siemens-ის პროდუქტებთან ჰქონდა შეხება. მე ზემოთ აღნიშნულ პროდუქტზე მოვუყევი და მგონი ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოვახდინე მასზე, როცა ვუთხარი, რომ იმ პროდუქტის მთავარი არქიტექტორი ვიყავი, რომელთანაც იგი ყოველდღე მუშაობდა".
გიორგი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას მიაღწია, დღევანდელი გადმოსახედიდან, ალბათ, მეტის გაკეთება შეეძლო და იმასაც აღნიშნავს, რომ გარემოებებმა უფრო დიდი გავლენა იქონია მის ჩამოყალიბებაზე, ვიდრე რამე განსაკუთრებულმა თვისებებმა.
ხელსაყრელი გარემო VS ნიჭი
"ვფიქრობ, რომ ხელსაყრელ გარემოში მოვხვდი და სწორედ ამ ხელსაყრელმა შემთხვევითობებმა მომიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვარ. ამ შემთხვევითობებს ალბათ, მეც ვუწყობდი ხელს იმით, რომ თამამ ნაბიჯებს ვდგამდი. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო მუშაობის დაწყება სწავლის დროს და პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება, ასევე ინგლისურის სწავლა სკოლის პერიოდშივე, იმ მენტორებთან ურთიერთობა, რომლებიც ცხოვრების მანძილზე მხვდებოდნენ, რომლებსაც ჩამოვეკიდებოდი და ვთხოვდი, რომ ჩემთვის რჩევა მოეცათ და ხელი წაეკრათ. მე არ ვთვლი, რომ ადამიანს რაიმე განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ერთხელ აინშტაინმა თქვა, ჩემი წარმატების 1% ნიჭს უკავშირდება, დანარჩენი 99% კი დაუღალავ შრომასო. მეც არ ვთვლი, რომ ნიჭი ადამიანის წარმატების გარანტია. ამისთვის ადამიანმა ისეთ გარემოში უნდა მოიხვედროს თავი, რაც მას ზრდის და განვითარების საშუალებას აძლევს".
მისი აზრით, თანამედროვე ადამიანი, წინა თაობების ადამიანებისგან განსხვავებით, ბევრად ნაკლები გამოწვევის წინაშე დგას და აღარ არის დაკავებული იმ პრობლემების გადაჭრით, რომელთა გადაწყვეტაც ჩვენამდე არსებულ საზოგადოებებს უწევდათ — დღევანდელ ეპოქაში მეტი მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლებაა, ვიდრე ადრე. გარდა ამისა, გვაქვს წვდომა ინფორმაციაზე და მისი გადაცემა ძალიან მარტივად და სწრაფად შეგვიძლია.
იგი თვლის, რომ დღევანდელი ადამიანის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს სწორედ ამის გააზრება და ნაკლები ენერგიის დახარჯვა ისეთ უაზრო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრა და დევნა მაშინ, როდესაც შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც მოგვწონს და მივაღწიოთ კარგ შედეგებს. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მისი აზრით, მათთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, არ ჩაიკარგონ იმ ინფორმაციის ზღვაში, იპოვონ ის, რაც მათ აინტერესებთ და არ დაიხრჩონ იმ ყველაფერში, რაც მათ შეიძლება არ აინტერესებთ, მაგრამ მაინც ახვევენ თავს.
მომავლის პროექტი
გიორგი ამჟამად მუშაობს პროექტზე, რომელიც ენერგიის წარმოებასა და გადაცემას ეხება — ეს იქნება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ევროპასა და აშშ-ში იმუშავებს. ამჟამად საქართველოში მისი წინა ვერსიაც მუშაობს და შესაძლოა, ჩვენმა ქვეყანამაც შეიძინოს ეს პროდუქტი.
"დღევანდელ მსოფლიოში ენერგიის წარმოებისა და განაწილების ამოცანა ბევრად გართულებულია და ამისთვის საჭიროა ახალი პროგრამული მხარდაჭერა. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელში სერიოზულ სიტყვას ვიტყვით მსოფლიო ბაზარზე და მეც ამის მონაწილე ვიქნები, რაც ძალიან მახარებს. გარდა ამისა, ხშირად ვიცვლი ხოლმე ინტერესის სფეროებს. ბოლოს რიცხვთა თეორიამ გამიტაცა და იქნებ, აქაც ვიპოვო რამე ახალი".
კომენტარები