რა გვაქვს ახალი? — Windows 10X-ის მიმოხილვა
1980-იანი წლებში გრაფიკული ოპერაციული სისტემებისადმი მზარდი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, Microsoft-მა 1985 წლის 20 ნოემბერს წარმოადგინა Windows, რომელიც მალევე იქცა დომინანტ ოპერაციულ სისტემად პერსონალური კომპიუტერებისთვის. დღესდღეობით, კომპანია ბაზრის წილის 90 პროცენტს ფლობს და მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტებს, მათ შორის 1984 წელს გამოსულ MacOS-ს.
35 წელზე მეტი გავიდა ისტორიული ოპერაციული სისტემის პირველი ვერსიის გამოსვლიდან, ოპერაციული სისტემის, რომელმაც თანამედროვე კომპიუტერული სისტემების განვითარებაში მთავარი როლი ითამაშა და ინტერნეტ კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Microsoft-მა წლების განმავლობაში Windows-ის მრავალი ახალი ვერსია გამოუშვა, ამ ხნის მანძილზე იყო ბევრი იმედგაცრუებაც და ბევრი წარმატებული პროექტიც, მაგრამ ამ სტატიაში არ განვიხილავ Windows-ის წარსულ წარმატებებს თუ წარუმატებლობებს, ვაპირებ ვისაუბრო მომავალზე და მოკლედ მიმოვიხილო ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია — Windows 10X.
Windows 10X-ის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს გახდა ცნობილი. ეს უნდა ყოფილიყო ოპერაციული სისტემა, რომელიც შეიქმნებოდა ორმაგი ეკრანის მქონე მოწყობილობებისთვის. გასულ წელს კომპანიამ შეიცვალა მიმართულება და გამოაცხადა, რომ იგი ორიენტირებული იქნებოდა ერთეკრანულ მოწყობილობებზე.
Windows 10X, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლომდე გახდება ოფიციალურად ხელმისაწვდომი. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ Windows 10X-ის პირველად ვერსიას არ ექნება Win32 მხარდაჭერა, რის გამოც მომხმარებლები ვერ შეძლებენ გამოიყენონ Windows, როგორც უნივერსალური პლატფორმა. ჭორებს თუ დავუჯერებთ, Win32 მხარდაჭერა Windows 10X-ს 2022 წლამდე არ ექნება, მაგრამ ამ დანაკლისის შემსუბუქება შესაძლებელია Azure Cloud PC სერვისით, რაც საშუალებას მოგცემთ ნორმალურად გამოიყენოთ Windows პროგრამული უზრუნველყოფა.
როგორც ზემოთ ვახსენე, Windows 10X ოფიციალურად ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ გაჟონა ოპერაციული სისტემის თითქმის დასრულებულმა სამუშაო ვერსიამ, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად მიმოვიხილოთ, პროდუქტის პირველადი სახე — და გავიგოთ რა გვაქვს ახალი?
ჩატვირთვის ანიმაცია
ჩატვირთვის ანიმაცია პირველია, რასაც ვხედავთ, როდესაც საქმე ეხება ნებისმიერ ოპერაციულ სისტემას, Windows-ის ყოველი ახალ ვერსია, განსხავავებული ჩატვირთვის ანიმაციებთან ასოცირდება. დამეთანხმებით, კომპიუტერის ჩართვისას გვსიამოვნებს, ლამაზი ჩატვირთვის ანიმაციის დანახვა. მელანქოლიურიც კი არის, როდესაც წლები ერთ კონკრეტულ ოპერაციულ სისტემას იყენებ და ერთ ანიმაციას ხედავ თითქმის ყოველ დღე, ახალი ვერსიის დაყენების შემთხვევაში კი ძველთან გამომშვიდობება გიჭირს. ამიტომაც ოპერაციული სისტემების ჩატვირთვის ანიმაციები უბრალო რამ არაა, მას შეუძლია მომხმარებლებში სასიამოვნო გრძნობები აღძრას, ახლა კი ვხედავთ Windows 10X-ის ჩატვირთვის ანიმაციას, რომელმაც მომავალში უნდა მოახერხოს და ადამიანებს თავი შეაყვაროს.
Start მენიუ
Microsoft–მა მთლიანად შეცვალა Start მენიუს დიზაინი Windows 10X– ზე, კომპანია ფოკუსირდა პროდუქტიულობასა და მინიმალიზმზე. შემოგვთავაზა აპების ხატულა ახალი ფერადი დიზაინით, რომლებიც შესანიშნავად გამოიყურება და თანამედროვე ესთეტიკით წარმოაჩენს განახლებულ Start მენიუს. მენიუ აერთიანებს სისტემის ძირითად ფუნქციებს: ძიებას, აპებს და ბოლოდროინდელ აქტივობებს. Windows 10–ზე ეს ფუნქციები იყოფა სხვადასხვა უბნებად, ამიტომ კარგია ფუნქციების განახლებული კონსოლიდაცია Windows 10X–ზე. ზედა ნაწილში არის თვალშისაცემი საძიებო ზოლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ თქვენი აპები, ფაილები და ასევე, შეძლოთ ინტერნეტში ძებნაც. საძიებო ზოლში არის მიკროფონის ხატულაც, ის სავარაუდოდ, საშუალებას მოგცემთ ეძებოთ ინფორმაცია თქვენი ხმით, კლავიატურაზე აკრეფის ნაცვლად.
საინტერესოა, რომ Start მენიუში პროგრამების გარდა, აღნიშნულია ვებსაიტები. სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება, ვებგვერდების დაყენება ისე, თითქოს ისინი Windows პროგრამები იყვნენ. მომხმარებლებს შეეძლებათ ვებსაიტების აპლიკაციებად დაყენება და ისინი გამოჩნდებიან Start მენიუში, ჩვეულებრივი აპლიკაციების მსგავსად.
აპების სიის ქვემოთ მოცემულია თქვენი ბოლოდროინდელი საქმიანობის არე. რაც წარმოადგენს სწრაფ გზას, თუნდაც, თქვენი Office-ის უახლესი დოკუმენტების პოვნისთვის.
სამოქმედო ცენტრი — Action Center
ახალი სამოქმედო ცენტრის (Action Center) შემთხვევაში, უფრო მეტი ყურადღებაა გამახვილებული სწრაფ მოქმედებებზე, რაც საშუალებას მოგცემთ სწრაფი ინტერაქცია დაამყაროთ სამოქმედო ცენტრის ფუნქციონალთან. ამავდროუად, Windows 10-ისგან განსხვავებით, შეგიძლიათ გააკეთოთ სხვა ოპერაციები ისე, რომ საერთოდ არ დატოვოთ სამოქმედო ცენტრი. ახალი სამოქმედო ცენტრი მოიცავს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ხმის კონტროლი, კვების ბლოკი და კვების ელემენტის პროცენტი. აქ ასევე არის მუსიკის მართვის ახალი დიზაინი, რომელიც მოქმედების ცენტრში გამოჩნდება, როდესაც მუსიკას ჩართავთ.
მომხმარებლის პროფილის სურათი მდებარეობს მარჯვნივ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფუნქცია აღარ არის Windows 10X-ის Start მენიუში. სამოქმედო ცენტრში, თქვენს პროფილზე დაჭერით, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გამოხვიდეთ კომპიუტერიდან.
საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ Windows 10X–ზე ახალი სამოქმედო ცენტრი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მის წინამორბედთან შედარებით და უნდა ვივარაუდოთ, რომ მნიშნველოვანი დატვირთვაც ექნება, ახალ ვერსიაში.
დინამიური ფონები
დიდი ალბათობით, Windows 10X-ს ექნება დინამიური ფონები, რომლებიც შეიცვლის შინაარსს, სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით. მაგალითად, თქვენ შეძლებთ მთის ხედით ფონის დაყენებას, რომელსაც ექნება დილის, შუადღის, საღამოს და ღამის ვარიანტები, რომლებიც გამოჩნდება თქვენი მოწყობილობაბზე, რეალური დროის მიხედვით. მსგავს ფონს, როგორც ჩანს, ასევე ექნება დინამიური ღრუბლები და ფრინველები, რომლებიც ცვლილებას განიცდიან, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით. დანამდვილებით არ ვიცით, თუმცა რაღა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება მომხმარებლებისთვის პერსონალიზაციის მეტი შესაძლებლობა.
ახალი File Explorer
Windows 10X მოიცავს ახალ File Explorer–ს, რომელიც კოლაბორაციაშია OneDrive-თან, Windows 10–ში File Explorer Windows Shell–ის ნაწილია და რაც საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ საქაღალდეები და ფაილები, მაგრამ ასევე პასუხისმგებელია ოპერაციული სისტემის სხვა ნაწილებზე. ხოლო Windows 10X-ში File Explorer არის დამოუკიდებელი აპლიკაცია, რომელსაც აქვს წვდომა თქვენს ფაილებზე მხოლოდ ადგილობრივ მეხსიერებაში და OneDrive-ში. კონცეფციის მიზანია OneDrive მჭიდრო ინტეგრაციის უზრუნველყოფა Windows-თან, როგორც Google-ს აქვს მსგავსი რამ გაკეთებული Chrome OS-ზე. ახალ ვერსიაში File Explorer-ს არ აქვს ფუნქციები, როგორიცაა "This PC". File Explorer-ის ამგვარი ცვლილება ძირითადი იქნება, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად.
Microsoft-მა წაშალა კლასიკური Explorer-ის ყველა მემკვიდრეობითი კომპონენტი, რომელიც მოიცავს ქსელის პარამეტრებსა და მენიუს. მეხსიერებასთან დაკავშირებული ვარიანტები ახლა ხელმისაწვდომია მხოლოდ პარამეტრების მთავარ აპში. Microsoft-მა ასევე გამორთო ისეთი პროგრამების მხარდაჭერა, როგორიცაა OpenShell Windows 10X- ში. ცალსახად ჩანს, რომ File Explorer, ფაქტობრივად, სრულად შეიცვალა. შეცვლილია არა მხოლოდ ვიზუალი, არამედ ფუნქციონალიც.
ვირუსებისგან დაცვა
Windows 10X-ს აქვს "State separation" სისტემა, განსხვავებით Windows 10-სგან, რომელიც სისტემის ფაილებზე, ისევე როგორც აპებზე მომხმარებლებთან ერთად, პოტენციურ თავდამსხმელებს აძლევს წვდომის საშუალებას. Windows 10X–ზე state separation უზრუნველყოფს OS ფაილების ჩაკეტავს, ისევე როგორც აპის ფაილების, დრაივერების და რეესტრის. ეს ნიშნავს, რომ მავნე პროგრამები ან ვირუსები ვერ მოხვდებიან სისტემაში, რადგან ამ პროგრამებს მხოლოდ ერთი დანაყოფით შეუძლიათ ფუნქციონირება.
Windows Update
Microsoft ასევე აუმჯობესებს Windows Update–ს. Windows 10X-ზე პროგრამული განახლება უფრო სწრაფი იქნება. თვისობრივი განახლებების ინსტალაციას არც ისე დიდი დრო დასჭირდება, როგორც ეს ხდება Windows 10-ზე. Windows 10X-ზე განახლების პროცესი Android-სა და Chrome OS-ის მსგავსი იქნება, როდესაც განახლება დასრულდება თქვენი კომპიუტერი ჩვეულებრივ გადაიტვირთება და ინსტალაციის დასრულებას არ დასჭირდება დიდი დრო. Microsoft ასევე გვპირდება განახლებებს, რომელთა გადატვირთვას 90 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება. ეს არის უზარმაზარი გაუმჯობესება, მით უფრო, თუ გავიხსენებთ როგორ ხდება Windows 10-ის განახლება დღეს — მისი გადატვირთვის დრო 5-დან 20 წუთამდეა, რაც თავის მხრივ, მოწყობილობაზეცაა დამოკიდებული.
Windows 10X-ის ოფიციალურ ვერსიას 2021 წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ, ხოლო ამჟამად, დემო ვერსიაზე დაყრდნობით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ოპერაციულმა სისტემამ წინამორბედ ვერსიებთან შედარებით მრავალი ცვლილება განიცადა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილებები ოპერაციული სისტემის საბოლოო სახეში წარმატებით ინტეგრირდება. მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ 10X არ გაიმეორებს ავადსახსენებელი Windows 10S-ის ბედს, რომელიც მისი წარუმატებლობის გამო, საბოლოოდ, Microsoft–მა გამოუშვა, როგორც Windows 10–ის ერთ-ერთი რეჟიმი და არა დამოუკიდებელი ოპერაციული სისტემა.
კომენტარები