ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNTWO) საბჭომ გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის კანდიდატი 113-ე სესიაზე აირჩია. მათივე ინფორმაციით, ახლად შერჩეული გენერალური მდივნის დამტკიცება 2021 წლის მეორე ნახევარში გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდება.

მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და ასევე, სიტყვით გამოვიდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნობის კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მეორე ვადით არჩევას ულოცავს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.

"ზურაბ პოლოლიკაშვილს ვულოცავ გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მეორე ვადით არჩევას. ეს საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებაა!", — წერს ის ტვიტერზე.

მოპოვებულ წარმატებას ულოცავს პოლოლიკაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც.