კაბელების საქმე: დეტალები მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა არის კაბელების საქმე?

საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ე.წ. კაბელების პროექტს, რომლისთვისაც 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6 720 877 ლარი გამოიყო, თუმცა პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მხოლოდ 2 618 005 ლარი იყო საჭირო. სწორედ ამ რიცხვებს შორის სხვაობის - 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა უკვე მსჯავრდებულ 5 პირს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი 16 მაისს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და სასჯელად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

რა ვერსია აქვს პროკურატურას?

უწყების განმარტებით, 2013 წლის 30 ივლისს, თავდაცვის სამინისტროს J6-ს დეპარტამენტში დღის წესრიგში კოჯორი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის შეძენა დადგა. სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, გიზო ღლონტს დაევალა გაერკვია, შეძლებდა თუ არა სამინისტრო თავისივე რესურსით, სსიპ დელტას მეშვეობით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას და თუ არა, მხოლოდ შემდეგ მოეძებნა სხვა მომწოდებელი.

პროკურატურის ცნობით, ღლონტმა არ გაარკვია, რისი გაკეთება შეეძლო დელტას და 2013 წლის 27 აგვისტოს მან, სამინისტროს თანამშრომლებთან (რომელთაგან 3 შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომელი, 2 კი სამხედრო პირია, On.ge), გიორგი ლობჟანიძესთან, არჩილ ალავიძესთან, დავით წიფურიასთან და ნუგზარ კაიშაურთან ერთად, შესაბამისი მოთხოვნით 9 კომპანიას გაუგზავნა წერილი აუქციონის გამოცხადებაზე, წინადადების მიღების ვადად კი განსაზღვრეს 9 დღე. თუმცა, პროკურატურა განმარტავს, რომ სამინისტროს ზემოაღნიშნული გეგმის შესახებ, სილქნეტს ინფორმაცია ორი თვით ადრე ჰქონდა მიღებული, შესაბამისად, მხოლოდ ამ კომპანიას გააჩნდა გონივრული ვადა იმისთვის, რომ შეთავაზება მოემზადებინა.

უწყების ცნობით, სამინისტრომ უპირობო არჩევანი სწორედ სილქნეტზე შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიებმა უკეთესი პირობები წარადგინეს. პროკურატურის თქმით, შპს დელტა კომმა და შპს სპეცკავშირმშენმა ამ ტენდერის გამოცხადებამდე 2 თვით ადრე სამინისტროს ზემოაღნიშნული მომსახურება უფასოდაც კი შესთავაზეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საკაბელო მაგისტრალის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის საკითხი, თვადაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე გაიტანა. საბოლოოდ, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტისათვის 6 720 877 ლარის გამოყოფას მოაწერა ხელი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნულმა ხუთმა თანამშრომელმა, საბოლოოდ, სილქნეტთან ხელშეკრულება გააფორმა არა საკაბელო მაგისტრალის შეძენაზე, რაც თავდაპირველ მოთხოვნაში იყო გათვალისწინებული, არამედ მაგისტრალში არსებულ 72-წვერიან ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში მხოლოდ 24 წვერის შეძენაზე.

პროკურატურა ამბობს, რომ რეალურად, აღნიშნული მომსახურება 2 618 005 ღირს და ვინაიდან ის სახელმწიფოს 6 720 877 ლარი დაუჯდა, მსჯავრდებულ 5 პირს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება.

რა მოტივი ჰქონდათ ბრალდებულებს?

საქართველოს მთავარი პროკურატურა წარდგენილ ბრალდებაში არაფერს ამბობს იმის შესახებ, ბრალდებულებმა მიიღეს თუ არა რაიმე სარგებელი სილქნეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით. მიუხედავად ამისა, უწყება მაინც მიიჩნევს, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს.

პროკურატურის განმარტებით, გაფლანგვა გულისხმობს ანგარების მიზნით მოქმედებას, რაც ნიშნავს უკანონო ქმედებით, არა მხოლოდ საკუთარი ქონების უკანონოდ გაზრდას, არამედ სხვისი ქონების უკანონოდ გაზრდასაც:

"ჩვენს მიერ დაწვრილებით აღწერილი ფაქტები პირდაპირ ადასტურებს, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში ბრალდებულების მხრიდან კანონიერი საფუძვლის გარეშე ენიჭებოდა უპირატესობა ერთ კომპანიას და შესაბამისად, ბრალდებულების მიერ კანონის ყველა უხეში დარღვევა მიმართული იყო სწორედ ამ კომპანიის მიერ მატერიალური სარგებლის მიღებისკენ".

პროკურატურის ვერსიას დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა ჩაედინათ მსჯავრდადებულებს აღნიშნული დანაშაული, დაცვის მხარე განმარტავს, რომ საქმეში მათი მხრიდან სილქნეტისთვის უპირატესობის მინიჭების არცერთი ფაქტი არ იკვეთება, ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ყველაფერი პროკურატურის ვარაუდებზეა აგებული.

რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს?

ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ თავდაპირველი შესყიდვის საგანი არა მაგისტრალი, არამედ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები იყო და კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულ ხუთ პირს კომპანია სილქნეტთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა ხელშეკრულების გაფორმებამდე.

ლობჟანიძის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხვა კომპანიებმა სამინისტროს სილქნეტზე უკეთესი პირობები შესთავაზეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

On.ge-ს შეკითხვას, შეეძლო თუ არა თავდაცვის სამინისტროს სსიპ დელტას თავად გაეყვანა საჭირო ოპტიკურ-ბიჭკოვანი კაბელი, ლობჟანიძემ უპასუხა, რომ დაცვის მხარესაც ჰქონდა ეს კითხვები დელტას წარმომადგენლებთან და გაარკვია, რომ მათ მსგავსი სამუშაოები ადრე არასდროს გაუკეთებიათ.

ბრალდებულებს ამ თანხასთან შეხება არ ჰქონიათ

ადვოკატი

ლობჟანიძის განმარტებით, თანხა ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვეროების შესაძენად კომპანია სილქნეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო, რასაც ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა:

"ბრალდებულებს ამ თანხასთან შეხება არ ჰქონიათ".

ჩვენს შეკითხვას, დაიკითხნენ თუ არა ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, ან მისი მოადგილეები გამოძიების პროცესში, ლობჟანიძემ უპასუხა, რომ ალასანია არ დაკითხულა, მისი მოადგილეების ჩვენებები კი მსჯავრდადებულების უდანაშაულობაზე მეტყველებს.

მან ასევე განაცხადა, რომ გამოძიების გარკვეულ ეტაპზე საქმეს გრიფი საიდუმლო დაედო, რამაც დაცვის მხარეს გარკვეული დროის განმავლობაში საქმის მასალებზე წვდომა შეუზღუდა.

დაცვის მხარის ინფორმაციით, კომპანია სილქნეტმა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა და თავდაცვის სამინისტრო 24 ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვეროთი უზრუნველყო, რაც სახელმწიფოს 6 720 877 ლარი დაუჯდა.

მსჯავრდებულთა შვილების სახელით, 20 მაისს, პროკურატურის საპასუხოდ გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად არის აღწერილი დაცვის მხარის პოზიცია და არგუმენტები, რატომ არ არიან დაკაბეულები დამნაშავეები და როგორ დაიზოგა რამდენიმე მილიონი ლარი მათი გადაწყვეტილებით.

რას ამბობს სილქნეტი?

კომპანიის თქმით, ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სილქნეტმა 2 თვით ადრე იცოდა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესახებ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, პროკურატურის განცხადების ეს ნაწილი მის მიერ დასკვნით სიტყვაში მოყვანილ გარემოებებთან მოდის წინააღმდეგობაში, რადგან თავად პროკურატურა აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებზე 2013 წლის 30 ივლისს გაჩნდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალა ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რაც აზიანებს როგორც სილქნეტის იმიჯსა და საქმიან რეპუტაციას, ასევე ბიზნესს ქვეყანაში

სილქნეტი

გარდა ამისა, კომპანია აღნიშნავს, რომ დელტა კომი თავდაცვის სამინისტროს საერთოდ ვერ შესთავაზებდა ზემოაღნიშნულ მომსახურებას უფასოდ, რადგან კომპანიას ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვეროების მიწოდების შესაძლებლობისათვის სრულყოფილი საკაბელო ინფრასტრუქტურა არ გააჩნდა.

სილქნეტი ასევე განმარტავს, რომ პროკურატურის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს კომპანიის მიერ წარმოდგენილი წინადადება სამინისტროს მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, სიცრუეა, ვინაიდან შესყიდვის საგანს არა მაგისტრალის მშენებლობა, არამედ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიყვანის, ქსელური აპარატურის შეძენისა და მონტაჟის მომსახურება წარმოადგენდა.

კომპანია ამბობს, რომ წინადადების წარმდგენმა სხვა კომპანიებმა მის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილ ფასებზე გაცილებით ძვირიანი შეთავაზებები გააკეთეს. კერძოდ, დელტა კომმა - 10 498 200 ლარი, ოპტიკ-ლაინმა - 9 257 750 ლარი, სპეცკავშირმა - 12 886 226 ლარი. რაც შეეხება სილქნეტს, მან თავდაცვის სამინისტროს ძირითადი წინადადების გარდა, 3 ალტერნატიული წინადადება წარუდგინა, რომელთა ფასები კი 5 800 000-სა და 6 800 000-ს შორის მერყეობდა.

რა პოზიცია აქვთ არასამთავრობოებს?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო, ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციას ფლობდა

არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და აპელირებენ იმაზეც, რომ 18-თვიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 2 დღე დასჭირდა:

  • ბრალის წარდგენას წინ უსწრებდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიასა და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია დაპირისპირებაც, რასაც შედეგად ალასანიას გადადგომა მოჰყვა. მათი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო, ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციას ფლობდა. (ამაზე ის მოამბის ტელეეთერით საუბრობდა. კერძოდ, ივანიშვილს კონკრეტული შეკითხვები ჰქონდა თავდაცვისა სამინისტროსა და სილქნეტს შორის გაფორმებულ კონტრაქტზე. ჟურნალისტის შეფასებაზე კი, რომ ის საკმაოდ კარგად იყო საქმის მასალებში ჩახედული, ივანიშვილმა განმარტა, რომ დასკვნებს მხოლოდ საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებდა, On.ge).
  • თანხა, რომლის გაფლანგვასაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს პროკურატურა ედავება, ამ პირების სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, მათ უშუალო მფლობელობასა და გამგებლობაში ვერ იქნებოდა.
  • გაურკვეველია, რა საფუძვლით გამორიცხა ამ საქმეში პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო ჩართულობა და რატომ არ დაუსვა არც ერთი შეკითხვა ყოფილ თავდაცვის მინისტრს.
  • წარდგენილი ბრალი სათანადო ხარისხითა და დამაჯერებლობით ვერ ასაბუთებს მსჯავრდადებულების ანგარებით მოტივებს და განზრახვებს, რაც ამ ტიპის დანაშაულის ბრალად შერაცხვისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

რას აპირებს ირაკლი ალასანია?

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

ფოტო: თავისუფალი დემოკრატები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომლის თანამშრომლებიც იყვნენ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები, მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მოსამართლემაც გადაწყევტილება პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მიიღო. ირაკლი ალასანია თავის გუნდთან ერთად საპროტესტო აქციებს გეგმავს.

დამატებითი ინფორმაცია


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…