მეცნიერები “ქამელეონ” უჯრედებს ქმნიან, რომლებიც დაზიანებულ უჯრედებს ანაცვლებენ
მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედი შექმნეს, რომელიც სხეულის ნებისმიერ ადგილას დაზიანების გამოსწორებას და განკურნებას ახერხებს.
ეგრეთ წოდებული "ჭკვიანი" ღეროვანი უჯრედები თავიდან ცხიმოვანი უჯრედების სახით იყო. თუმცა, რეპროგრამირების შემდეგ, ისინი მულტიპოტენტურ ღეროვან უჯრედებად იქცნენ.
ადამიანის ამ უჯრედების თაგვებში ინექციის შემდეგ, მათ უკუჩვენებები არ ჰქონდათ. თუმცა, თუ თაგვი დაზიანდებოდა, უჯრედები სწრაფად ერგებოდნენ სპეციფიკურ დაზიანებას და საჭიროებისამებრ კუნთების, ძვლების, ხრტილების და სისხლძარღვების უჯრედებს ანაცვლებდნენ.
"ღეროვანი უჯრედები ქამელეონის მსგავსად მოქმედებდნენ. ისინი სწორედ იმ ქსოვილებს ერგებოდნენ, რომლებიც შეხორცებას საჭიროებდნენ", — თქვა ავანი იეოლამ, რომელიც ღეროვანი უჯრედების მკვლევარია.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში მკურნალობა სწორედ ასეთი იქნება — პაციენტის ცხიმოვანი უჯრედის ამოღება და ღეროვან უჯრედად გადაქცევა მოხდება. ასეთ უჯრედს კი უკვე, უშუალოდ, დაზიანების სამკურნალოდ გამოიყენებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს დასკვნები ძალიან ამაღელვებელია, ჯერ არ ვზეიმობთ. შემდეგი და საბოლოო ეტაპი პაციენტებში ამ მკურნალობის დანერგვა იქნება", — თქვა ნაშრომის თანაავტორმა, ვაშე ჩანდრაკანტანმა.
"აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს "აუთვისებელი ტერიტორია" იყო. უჯრედები, რომლებიც ასე ადაპტირდებიან და საჭიროებისამებრ სხვადასხვა უჯრედებს ერგებიან ნამდვილად სიახლეა", — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჯონ პიმანდა.
კომენტარები