BioCure — ქართული ტექნოლოგია ნავთობით დაბინძურების წინააღმდეგ
ნავთობით დაბინძურება მსოფლიოსთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ამ მოვლენის ნეგატიურ გავლენას გარემოზე. ამ საკითხის მოგვარებაზე მსოფლიოში და საქართველოში არაერთი მეცნიერი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი კი ქართველი მეცნიერი — მარიამ თოდუა-მჭედლიშვილია, რომელმაც 90-იან წლებში დაიწყო ამ საკითხის შესწავლა. მან 2000-იანი წლების დასაწყისში, ლაბორატორიულ კვლევებზე დაფუძნებით, შეიმუშავა უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული.
2004 წელს, როდესაც საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ტერიტორიაზე დაიღვარა ნავთობი, დაბინძურდა ურთულესი ლანდშაფტური პირობების მქონე ტერიტორია. მისი გაწმენდის მიზნით საჭირო გახდა რამდენიმე ტექნოლოგიის ეფექტიანობის შემოწმება საველე პირობებში. აღნიშნული ცდების შედეგად, მარიამის ტექნოლოგიამ აჩვენა საუკეთესო შედეგი და სწორედ მას დაევალა ამ პროექტის განხორციელება.
"მუშაობის დაწყებიდან 18 თვეში აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა — დაბინძურებული ტერიტორია სრულად გაიწმინდა და ბუნებამ დაიწყო პირვანდელი სახის დაბრუნება", — ამბობს თემო რუხაია.
ტექნოლოგიის პირველი საველე გამოყენების შემდგომ, დაფუძნდა კვლევითი კომპანია, რომელმაც, აღნიშნული ტექნოლოგიის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო პროექტების ჩატარება. 2018 წელს აშკარად გამოიკვეთა მისი დიდი პოტენციალი და ნათელი გახდა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნა ვერ უზრუნველყოფდა კომპანიის განვითარებას. სწორედ ამიტომ, გუნდის წევრებმა 2019 წელს დააარსეს კომპანია BioCure, რომლისთვისაც შეიქმნა ამ უნიკალური ტექნოლოგიის შესაბამისი ბიზნესმოდელი, რაც კომპანიის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.
გუნდის მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო 2006 წელს, ნინოწმინდის ჭაბურღილის აფეთქების შედეგად ნავთობით დაბინძურებული ტერიტორიისა და რკინიგზის 9კმ სიგრძის მონაკვეთის გაწმენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტექნოლოგიის ეფექტიანობაზე დაბინძურებული ტერიტორიის მასშტაბი გავლენას არ ახდენს.
"არსებობს არაერთი ტექნოლოგია, რომლებიც, გარემოს აღდგენისა თუ გაწმენდის მიზნით, იყენებს სხვადასხვა სახის ბაქტერიასა თუ მიკროორგანიზმებს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი გამოირჩევა დაბალი ეფექტიანობით, ნაწილი კი გარკვეულ საფრთხესაც შეიცავს. რაც შეეხება ჩვენს ტექნოლოგიას, ამ შემთხვევაში, ჩვენ ბიოქიმიური გამორჩევის გზით დაბინძურებული ტერიტორიაზევე ვპოულობთ ადგილობრივ ნავთობდამშლელ ბაქტერიებს და მათ საფუძველზე ვამზადებთ ხსნარს, რომელსაც შემდგომ ვიყენებთ დაბინძურებული გარემოს გასაწმენდად. ადგილობრივი ბაქტერიების გამოყენება უზრუნველყოფს BioCure-ის 100%-იან ეფექტიანობას. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, თანაბარი ეფექტიანობით არის შესაძლებელი ნავთობპროდუქტებისგან, ნედლი ნავთობისგან, ზეთისა და დიზელისგან დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდა, იქნება ეს ნიადაგი, მტკნარი წყალი თუ ზღვის წყალი", — განმარტავს თემო რუხაია.
სწორედ იმიტომ, რომ მეცნიერები ხსნარის დასამზადებლად იყენებენ ადგილობრივ ბაქტერიებს, დაბინძურებულ ტერიტორიაზე არ ხდება არც ერთი უცხო მიკროორგანიზმის შეყვანა. შესაბამისად, ეს ტექნოლოგია ადგილობრივ ეკოსისტემას არანაირ საფრთხეს არ უქმნის.
"BioCure გარემოსთვის ყველაზე უვნებელი ტექნოლოგიაა. მას არ გააჩნია არანაირი გვერდითი მოვლენები და ამიტომ მისი გამოყენება ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებშიც კი თავისუფლად შეიძლება", — ამბობს თემო რუხაია.
BioCure-ს ერთ-ერთი უპირატესობას წარმოადგენს მისი გამოყენების სიმარტივე. მეცნიერების მიერ შექმნილი ნივთიერების მოხმარებისთვის საკმარისია მხოლოდ ხელის შესაწამლი მოწყობილობის გამოყენება, შესაბამისად, იგი საერთოდ არ საჭიროებს რაიმე ძვირადღირებულ აღჭურვილობას. მისი გამოყენების სიხშირეს ადგენს BioCure-ის სამეცნიერო გუნდი, რათა ნაკლები დანახარჯებით მიღწეული იქნას მაქსიმალურად ეფექტური შედეგი.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები BioCure-ისთვისაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და აგრძელებენ დისტანციურად მუშაობას. როგორც თემო რუხაია გვიყვება, მათი მომსახურება საკმაოდ ხელმისაწვდომია და მომხმარებლის მხრიდან საჭიროებს მხოლოდ დაბინძურებული ნიადაგის სინჯის გაგზავნას BioCure-ის გუნდთან, რომლის საფუძველზეც შეიქმნება პროექტი იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ შეიცვლება ეს ტერიტორია აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ. პროექტების რეალურად განხორციელებას კი გუნდი პანდემიის დასრულების შემდეგ გეგმავს.
კომენტარები