მკვლევრებმა AI შექმნეს, რომელიც ნამდვილ შეთქმულებებს შეთქმულების თეორიებისგან არჩევს
პიცერიაში პოლიციის კამერით გადაღებული ვიდეომასალა რთულად გარჩევადია, თუმცა ხმა კარგად ისმის. ვიდეოში პოლიცია ადამიანს ბორკილებს ადებს. ამ ადამიანმა, ცოტა ხნის წინ, პიცერიაში იარაღი გაისროლა. ეჭვმიტანელი ამბობს, რომ პიცერიაში პედოფილურ აქტივობებს იკვლევდა. ერთ-ერთი დაბნეული პოლიციელი მეორეს ეუბნება, რომ დაკავებული "pizzagate"-ზე საუბრობს.
Pizzagate შეთქმულების თეორიაა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნები ადამიანების ტრეფიკინგში და მასობრივ პედოფილურ აქტივობებში იყვნენ ჩართული. ერთ-ერთი დაწესებულება, სადაც მსგავსი აქტივობები ჩუმად მიმდინარეობდა, Comet Ping Pong-ის პიცერია იყო. ეს შეთქმულების თეორია, რა თქმა უნდა, აბსურდულია, თუმცა კონსერვატორი ჟურნალისტები და alt-right-ის წარმომადგენლები ამ თეორიას აქტიურად ავრცელებდნენ.
მსგავსი შეთქმულების თეორიები სოციალური მედიის ალგორითმის გამო ძალიან სწრაფად ვრცელდება და საკმაოდ საზიანოა.
სულ უფრო ცხადი ხდება, რომ სოციალურ მედიაში მსგავსი ნარატივების და შეთქმულების თეორიების გამოაშკარავება, მანქანური დასწავლის ხელსაწყოებით შეიძლება. ასეთი ხელსაწყო შესაძლოა, მომავალში გამოსადეგი იყოს, რადგან მისი დახმარებით ნარატივის "თრექინგი" შეიძლება.
მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრები ავტომატიზირებულ ხელსაწყოზე მუშაობენ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ თემებს შეაფასებს და მინიშნებას მოგვცემს რამდენად აუდის ამა თუ იმ ნარატივს "შეთქმულების სუნი".
მკვლევრების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, Pizzagate-ზე, ანტი-ვაქსერების მოძრაობებსა და QAnon-ზე ბევრი გავიგეთ.
რეალურად, მაღალჩინოსნები და სახელმწიფოები "შეთქმულებებს" საკმაოდ ხშირად აწყობენ. ამის თვალსაჩინო მაგალითები აშშ-ში ბევრია: იქნება ეს Watergate-ის სკანდალი თუ Iran-Contra Affair. თუმცა, მსგავსი შეთქმულებები ვიწრო წრეებში, დახურულ კარს მიღმა განიხილება, როცა შეთქმულების თეორიები ღია სივრცეში, ძირითადად სოციალურ ქსელებში იქმნება.
შეთქმულების თეორიები, რეალურ შეთქმულებებისგან განსხვავებით, ძალიან დიდი მასშტაბების მოვლენებს ეხება. მაგალითად QAnon-ის შეთქმულების თეორია ცდილობს, აშშ-ის მთელი პოლიტიკური პროცესების მიღმა დამალული აქტივობების "მხილებას". რეალური შეთქმულება კი კონკრეტულ მიზანს ისახავს.
მეორე მხრივ, ინტერნეტში გავრცელებული შეთქმულების თეორიები ადამიანების მასშტაბური კოლექტიური ჩართულობიდან მომდინარეობს. მსგავსი ნარატივების საწყისების მიგნება, შესაბამისად, არც ისე რთულია.
მკვლევრებმა ალგორითმი PizzaGate-ზე გამოსცადეს. პროგრამამ 2016-2018 წლებში Pizzagate-ზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე 17 000-ზე მეტი პოსტი გამოავლინა, სადაც შეთქმულების თეორია განიხილებოდა. მკვლევრები, ძირითადად, Reddit-ის და 4Chan-ის ფორუმებს აკვირდებოდნენ.
ალგორითმმა PizzaGate-ის მიღმა არსებული თემები გამოააშკარავა: დემოკრატიული პარტიის პოლიტიკა, ძმები პოდესტები, სატანიზმი და ვიკილიქსი. ამ ინდივიდუალური თემების გაერთიანებით და ლოგიკური ჯაჭვის გავლებით შეიქმნა PizzaGate. მკვლევრებმა თავიანთი მიგნებები The New York Times-ის ილუსტრაციას შეადარეს, რომელიც PizaaGate-ის ლოგიკას აღწერს.
მკვლევრები ამბობენ, რომ მსგავსი მიდგომით, შეთქმულების თეორიების გამოაშკარავება მანამ შეიძლება, სანამ ის სრულად ფორმირდება. მსგავსი კვლევები სახელმწიფოებს და ფაქტ-ჩეკერებს ადრეულ განგაშის სიგნალს მიაწოდებს. მეორე მხრივ, მკვლევრების თქმით, მანქანური დასწავლა პირიქით, შეთქმულების თეორიების გენერირებისთვის და წახალისებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული.
კომენტარები