უცნაური ფსიქოლოგია — ადამიანები, რომლებიც გონებაში "ცხვრებს ვერ ითვლიან"
ძილის წინ, ბევრს თვალწინ ხშირად სხვადასხვა სცენები უდგება, იქნება ეს მყუდრო პროვინციული პეიზაჟი სადაც ცხვრები მიდი-მოდიან თუ რაიმე სხვა. რომ გითხრათ, წარმოიდგინეთ მდელო, სადაც ღობეს ცხვარი ახტება, ალბათ, ეს კადრი თვალწინ დაგიდგებათ. თუმცა, ზოგ ადამიანს ეს არ შეუძლია.
ზოგ ადამიანს "ვიზუალური წარმოსახვის" უნარი აკლია. ასეთ მავანს კონკრეტული სცენის პირდაპირი ცქერის გარეშე, გონებაში მისი წარმოდგენა არ შეუძლია. ამ მდგომარეობას "აფანტაზია" ქვია და ის პირველად 19-ე საუკუნეში შენიშნეს, თუმცა, მისი შედარებით ზუსტი განმარტება 2015 წელს შეიმუშავეს.
მიუხედავად იმისა, რომ აფანტაზია წარმოსახვითი ცხვრების დათვლას ართულებს, ამ "აშლილობას" (თუ შეიძლება საერთოდ მას აშლილობა ვუწოდოთ), ადამიანების ცხოვრებაზე, მათი შემოქმედებითობაზე და ფანტაზიის უნარზე გავლენა არ აქვს. აფანტაზიის მქონე ადამიანებს, ნაცნობი სახეების გარჩევა და მოგონებების გახსენება თავისუფლად შეუძლიათ. რაც მიანიშნებს, რომ ვერბალური წარმოსახვა და სივრცითი მეხსიერება ხელუხლებელი აქვთ.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში 103 მონაწილეს სთხოვეს, რომ შეეხედათ ოთახის ფოტოებისთვის და გადაეხატათ. ექსპერიმენტი ორნაწილიანი იყო. პირველ ნაწილში მოხალისეებს ოთახის ფოტოდან გადახატვა უწევდათ, მეორე ნაწილში კი ოთახი მეხსიერებიდან უნდა დაეხატათ. მონაწილეებიდან ზოგს აფანტაზია ჰქონდა, ზოგს კი არა.
გასაკვირი არაა, რომ აფანტაზიის მქონე ადამიანებს ოთახის მეხსიერებიდან დახატვა გაუჭირდათ, თუმცა გადახატვა ყველამ კარგად შეძლო. მეტიც, ისინი ვისაც აფანტაზია არ ჰქონდათ, ოთახის მეხსიერებიდან დახატვისას, შეცდომებს უშვებდნენ. ანუ, ოთახში ხატავდნენ ისეთ რაღაცებს, რაც ფოტოზე ასახული არ ყოფილა.
აფანტაზიის ახსნას მეცნიერები ალან პაივიოს ჰიპოთეზით ცდილობენ. ამ მეცნიერის მტკიცებით, ადამიანები ინფორმაციას სიტყვებით და ვიზუალიზაციით იმახსოვრებენ. აიღეთ ისეთი ცნება როგორიცაა "ძაღლი". ძაღლი ბევრნაირი არსებობს, ჯიშების უმეტესობა ალბათ არც გინახავთ, თუმცა თქვენთვის უცნობი ძაღლის დანახვისას, მის "ძაღლად კატეგორიზაციას" მაინც ახერხებთ. იმიტომ, რომ ეს ცხოველი თქვენ გახსოვთ, როგორც "კონცეფცია" (მაგალითად, რომ სიტყვა ძაღლი მიასადაგება ისეთ რაღაცას, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, ყეფს, ბეწვი აქვს და ა.შ) და როგორც სურათი (ანუ ძაღლები რომლებიც გინახავთ რეალობაში, ფილმებში ან თამაშებში).
რადგან აფანტაზიის მქონე ადამიანებს ვიზუალიზაციის პრობლემა აქვთ, ისინი უფრო მეტად მეხსიერების ვერბალურ ნაწილს ეყრდნობიან. ამას გარდა, მათ სხვა "კომპენსატორული სტრატეგიებიც" აქვთ, რითაც ისინი ჩვეულებრივად ფუნქციონირებას ახერხებენ. მეტიც, ვიზუალური მეხსიერების ნაკლებობის გამო, აფანტაზიის მქონეებს, სავარაუდოდ, "ცრუ მოგონებები" ნაკლებად აქვთ.
კონკრეტულად რა განაპირობებს ამ მდგომარეობას, ან რა ხდება ბიოლოგიურ დონეზე, უცნობია. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აფანტაზიის მქონე ადამიანები, რაღაცით ბრმებს გვანან, რომლებსაც სიბრმავე დაბადებიდან დაჰყვათ. ასეთი ადამიანები სივრცეს აღიქვამენ და გარემოში ნავიგაციას ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსავით ვერ ხედავენ.
აფანტაზია ძალიან საინტერესო რამაა და დროთა განმავლობაში, ახალ კვლევებთან ერთად, მასზე უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნება.
კომენტარები