iOS თუ Android — ისტორია და პირადი გამოცდილება
სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები, ყოველწლიურად და ხანდახან წელიწადში რამდენჯერმე ახალ სმარტფონებს უშვებენ, რომლებიც გამოირჩევიან დიზაინით, სისწრაფით და ახალი ტექნოლოგიებით.
თუ სმარტფონი გაგაჩნიათ, დიდი ალბათობაა, რომ ის ან Android-ზე მუშაობს ან iOS-ზე. პირველი Google-ის ოპერაციული სისტემაა, უკანასკნელი კი Apple-ის. Google-ისგან განსხვავებით, Apple-ის iOS უნიკალურად ამ კომპანიის პროდუქტებისთვის იქმნება. შესაბამისად, iOS-ს iPhone-ის, iPad-ის და iPod-ის გარდა ვერსად იპოვით.
თავის დროზე, როცა სმარტფონები ჯერ კიდევ ახალი მოვლენა იყო, Android-ს და iOS-ს თავიანთი თავდადებული ფანები ჰყავდათ, რომლებიც ერთმანეთს ეკამათებოდნენ თუ რომელი ოპერაციული სისტემა სჯობს. ეს დებატები დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2020 წელია და ყველა სმარტფონი, ისევე როგორც მათი ოპერაციული სისტემა, ძალიან დახვეწილია. შესაბამისად, ობიექტური უპირატესობების ძიება ხშირად საერთოდ აზრსმოკლებულია. რომელიმე სმარტფონის ან ოპერაციული სისტემის უპირატესობასთან დაკავშირებული წარმოდგენები კი სუბიექტურ პრეფერენციებზე დადის.
თუმცა, განსხვავებები არსებობს და ეს განსხვავებები მნიშვნელოვანია. ხშრიად, როცა სმარტფონს ვყიდულობთ, არ ვუფიქრდებით რა გვინდა ან რას ვეძებთ. ისინი ვინც დიდი ხანია iPhone-ის მომხმარებლები არიან, სმარტფონის გამოცვლისას, უბრალოდ ახალ iPhone-ს ყიდულობენ და დიდად არ ფიქრობენ, კონკრეტულად რა სჭირდებათ მათ, მაშინ როცა სმარტფონი ის ჭკვიანი მოწყობილობაა, რომელსაც, ალბათ, ყველაზე ხშირად ვიყენებთ.
სტატიის მიზანი iOS-ის დისკრედიტაცია არაა. ის შესანიშნავი ოპერაციული სისტემაა, თუმცა ბევრს სხვა პრეფერენცია აქვს, რომელიც შეიძლება Android-მა უკეთ დააკმაყოფილოს. ჩემ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანის შემთხვევაშიც ასეა, ამიტომ განვიხილოთ iOS-იდან Android-ზე გადასვლის მიზეზები.
საქართველო iPhone-ისთვის იდეალური ადგილი არ არის
მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ხმარობს, ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ Apple-ის პროდუქციის გადამყიდველი კომპანიები არსებობენ და ოფიციალური Apple-ის ოფისი ან Apple Store არ არსებობს. ამის გამო, დიდი ხნის მანძილზე App Store-ზე რეგისტრაცია არც შეგეძლოთ, თუ საქართველოში ცხოვრობდით.
როცა iPhone-ს, რომელიმე "ყალბი" Apple-ის მაღაზიიდან ყიდულობდით, ადგილზევე შეგეძლოთ 10 ლარის გადახდა და თანამშრომლები Apple ID-ის გაგიკეთებდნენ, რომელიც აშშ-ის Zip code-ზე იქნებოდა რეგისტრირებული (თუმცა იგივეს გაკეთება თქვენითაც შეგეძლოთ).
თავდაპირველი iPhone-ების ერთ-ერთი ხიბლი, სწორედ, App Store იყო. კომპანია, ისევე როგორც სტივ ჯობსი, აპლიკაციების ბაზარზე ყურადღებას მუდმივად ამახვილებდნენ. App Store-ზე ქართული ბარათის რეგისტრაცია 2020 წლამდე შეუძლებელი იყო. წლების მანძილზე, Apple-ის გამოკვეთილი უპირატესობა, Google-თან შედარებით, სწორედ მრავალფეროვანი App Store იყო, რომელიც დეველოპერებს იზიდავდა. Google-ს წლები დასჭირდა, რათა Apple-თან განსხვავება შეემცირებინა, ეს კი ისაა, რაც Microsoft-მა თავისი Windows Phone-ით ვერასდროს შეძლო.
მანამდე დაწერილ სტატიაში, აღვნიშნე, რომ ძველი iPhone SE მქონდა, სადაც გარკვეული პრობლემების გარდა, App Store-ზე YouTube-ის აპლიკაცია "მიუწვდომელი იყო ჩემ რეგიონში". რაც ცოტა გასაოცარია და ჩემთვის საკმაოდ ტრაგიკული იყო, რადგან Reddit-ის შემდეგ, ყველაზე ხშირად YouTube-ზე შევდივარ.
მოკლედ რომ ითქვას, Apple-ს საკუთარ პროდუქტებზე მნიშვნელოვანი კონტროლი აქვს, რაც ხშირად იმას ნიშნავს, რომ იქ სადაც Apple-ს ოფიციალური წარმომადგენლობა არ აქვს, მომხმარებლები კომპანიისთვის ნაკლებად საყურადღებოები არიან.
სმარტფონის შერჩევისას, ქართველი მომხმარებლები ძირითადად უცხოურ (ამერიკულ) მიმოხილვებს უყურებენ, სადაც რეგიონალური სპეციფიკის განხილვა ნაკლებად არის ხოლმე. თუმცა, ამ თავში აღნიშნული პრობლემები ძირითადად წარსულს ჩაბარდა, ამიტომ დამატებით განხილვას აზრი აღარ აქვს. უბრალოდ, აღსანიშნავი ისაა, რომ შეზღუდვების მიუხედავად, Apple-ის პროდუქცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაინც ძალიან მიმზიდველი იყო, რაც ბრენდის ცნობადობაზე და გლობალურ გავლენაზე მიანიშნებს.
Android-ის ქაოტურობა და Apple-ის სიმარტივის ისტორია
Android-ზე მომუშავე სმარტფონების ძველ მიმოხილვებს რომ გადახედოთ, იქნება ეს ადრეული HTC-ები, თუ პირველი Google Nexus, შეატყობთ, რომ ხშირად Google-ის ოპერაციული სისტემის ნაკლოვანებად მისი მოხმარების სირთულე მოიაზრება.
iOS-ის დიზაინი ყოველთვის ძალიან მარტივი იყო. გახსნით თუ არა ტელეფონს, ხედავთ აპლიკაციებს. ძველი iPhone-ის მომხმარებლისთვის, ახალი iPhone მომენტალურად ნაცნობი იყო და ის ფუნდამენტურად უცვლელი დარჩა მისი შექმნის დღიდან. ცხადია iOS-ს ბევრი ფუნქცია დაემატა, თუმცა თავდაპირველი ფორმულა ისევ ისე კარგად მუშაობს.
იგივეს ვერ ვიტყვით Android-ზე. პირველ რიგში, Google თავისივე ოპერაციულ სისტემას, რომელიც კომპანიამ 2005 წელს შეისყიდა, დიდ ყურადღებას არ აქცევდა. უფრო სწორად, "სუფთა Android" პრაქტიკულად არ არსებობდა. ყველა სმარტფონის მწარმოებელი, Google-ის Android-ს რაღაც ფუნქციებს ამატებდა ან აკლებდა. სწორედ ამიტომ, Google-ის Nexus-ის სერიის პოპულარიზაციამდე და რეალურად Pixel-ამდე, Android-ზე მომუშავე ორი სხვადასხვა სმარტფონი, ერთმანეთისგან ხშირად რადიკალურად განსხვავდებოდა.
ზოგი სმარტფონი Android-ის ისეთ არაესთეტიურ მოდიფიკაციებს და "skin"-ებს იყენებდა, რომ Nova Launcher არაერთი მომხმარებლისთვის პირველი აპლიკაცია იყო. ეს ლონჩერი, ოპერაციული სისტემის გარეგნობას ისე ცვლიდა, რომ stock ანდროიდს დამსგავსებულიყო. თუმცა, სიტუაცია ნელ-ნელა იცვლებოდა.
Google ეგრეთ წოდებული Nexus-ის სერიის ფარგლებში, სხვადასხვა მწარმოებლებთან თანამშრომლობდა, რათა შექმნილიყო სმარტფონები, რომლებიც Google-ის ოპერაციულ სისტემას, მომხმარებელს უცვლელად შესთავაზებდნენ. ამის ადრეული და ყველაზე წარმატებული მაგალითი, სავარაუდოდ, LG Nexus 4 იყო. შედარებით იაფი და თვალწარმტაცი სმარტფონი, რომელიც ამასთანავე, გასაოცრად ფუნქციური იყო და Android Jelly Bean-ზე მუშაობდა.
ოპერაციული სისტემის ისტორიაში, გარდამტეხი Android Lollipop აღმოჩნდა, სადაც Google-მა თავისი ოპერაციული სისტემის "რებრენდინგი" დაიწყო. "Material Design" — ასე ერქვა კომპანიის ინიციატივას, რომელიც "რეალობის" სიმულაციას ცდილობდა. Icon-ებს ჩრდილები გაუჩნდათ, ყველაფერი უფრო მოძრავი გახდა, აპლიკაციიდან აპლიკაციაზე გადასვლისას გამოკვეთილი ანიმაციები გაჩნდა. "მატერიალური დიზაინის" იდეა, Google-ის ფილოსოფიასავით გახდა, რომელიც კომპანიის ეკოსისტემას მოედო. Apple-ის მსგავსად, Google-ის პროდუქტები მსგავსია და თითქოს ლოგიკურ ხაზს მიყვება. Google-ის პროდუქტების გამორჩევა ძალიან მარტივია.
ამ მომენტიდან, ვფიქრობ Google Android მოხმარებისთვის, iOS-ზე არანაკლებ მარტივი გახდა. და მომხმარებლებმა ეს შენიშნეს.
Software > Hardware (თითქმის ყოველთვის)
Google-ის material design-ს ბევრი თავის დროზე კრიტიკულად უყურებდა. Apple-ის ქომაგები Android-ის ანიმაციებს ხშირად "ბავშვურს" და "ზედმეტად ფერადს" უწოდებდნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ Android მომხმარებლებისთვის ძალიან მარტივი გამოსაყენებელი იყო და საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა.
Google-ის მთავარი აქცენტი software გახდა, რაც განსაკუთრებით Google Pixel-ის გამოსვლის შემდეგ გამოიკვეთა. Google Pixel-ს "პრემიუმ" გარეგნობა არ ჰქონია, რაღაც რაც Apple-ისთვის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია. Pixel 2-ის hardware მთლიანად Google-ის მიერ იყო წარმოებული და იგივე ფორმულა, ამჯერად უფრო გამოკვეთილი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ Pixel 2-ს "კაშკაშა" გარეგნობა არ ჰქონია, მას გასაოცარი კამერა ჰქონდა, რაც ნაწილობრივ Google-ის პროგრამული უზრუნველყოფითაა განპირობებული. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, Google-მა ფოტოების ხარისხის მხრივ ყველა სხვა სმარტფონს გაუსწრო, ამიტომ ის ბევრისთვის ყველაზე სასურველი სმარტფონი გახდა. Sofware-ის მნიშვნელობა სამსუნგმას შენიშნა და ახალ სმარტფონებში შედარებით უფრო ინტუიტიური OS დიზაინის გამოყენება დაიწყო, რომელიც ძალიან ლამაზი გარეგნობის კორპუსში იყო შეფუთული.
Software-ზე აქცენტი ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონში გამოყენებულ მატერიებს და მის გარეგნობას მნიშვნელობა აქვს, სმარტფონის გამოყენებისას პირველ რიგში მის ეკრანთან ვურთიერთქმედებთ. რაც უფრო იზრდება სმარტფონის ეკრანები და მცირდება მათი სისქე, მომხმარებლები უფრო ხშირად ყიდულობენ ქეისებს.
სმარტფონებს ადამიანები ძირითადად ბრაუზინგისთვის, სოციალური მედიისთვის და კამერისთვის იყენებენ. რადგან Google პირველ რიგში Software და ბრაუზინგის კომპანიაა, Android ძალიან მიმზიდველი ოპერაციული სისტემა გახდა.
ბიუჯეტური სმარტფონი — კარგი სმარტფონი
იმის გამო, რომ სმარტფონების ტექნოლოგია დროთა განმავლობაში ძალიან დაიხვეწა, ბიუჯეტური სმარტფონებიც კი, რომლებსაც "ფლაგმანებს" ვერ დაუძახებ, გასაოცრად მუშაობს. უმეტესობა ჩვენგანს სმარტფონის მაქსიმალური პოტენციალის რეალიზება არასდროს დასჭირდება. ადამიანები სმარტფონს მედია მოხმარებისთვის და სოციალური ქსელებისთვის იყენებენ, შესაბამისად, 2 წლის წინანდელი სმარტფონიც კი, დღევანდელ მოთხოვნებს მშვენივრად აკმაყოფილებს.
რადგან ანდროიდის სიმარტივით და ვიზუალებით მოხიბლული ვიყავი და დიდად უახლესი სმარტფონის მოთხოვნილება არასდროს მქონია, ნახმარი Pixel 3a XL ვიყიდე, რომლის შეძენაც Mymarket-ზე 700-800 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.
iPhone-ისგან განსხვავებით, Pixel-ზე ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია შემიძლია სიმ ბარათზე შევინახო, მეხსიერება ბევრად ორგანიზებულია, iPhone-ის "Other" კატეგორია, მეხსიერების ნახევარზე მეტს აღარ ჭამს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე უკეთ ოპტიმიზებულ Google აპლიკაციებზე მიმიწვდება ხელი.
საქართველოში Play Store-იც არაა მთლად კარგად ოპტიმიზებული, თუმცა iOS-ისგან განსხვავებით, ანდროიდზე APK-ების ჩაწერა შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთ აპლიკაციებზე მიმიწვდება ხელი, რომელიც Google-ის აპლიკაციების ოფიციალურ ბაზარზე არ მოიპოვება. iPhone-ზე იგივეს გაკეთება JailBreaker-ით და ხანდახან VPN-ით შეიძლება (თუ რაღაც აპლიკაცია თქვენ რეგიონში ხელმისაწვდომი არაა).
ჩემთვის აშკარაა, რომ iPhone-ის ზოგი შეზღუდვა, მხოლოდ PR-ის ან მარკეტინგის მიზნით არსებობს. iOS ძალიან დახურული სისტემაა და Apple-ს უნდა, რომ ზუსტად ისეთი გამოცდილება გქონდეთ, როგორიც კომპანიამ განიზრახა. მაგალითად Widget-ები ახალ iOS-ს მხოლოდ ახლახან დაემატა, მაშინ როცა იგივე ფუნქცია Android-ს წლებია აქვს. იგივენაირად, ყურსასმენის შესაერთებლის მოცილება, ჩემი აზრით, ძალიან უაზრო ტრენდია, რომელიც Apple-მა წამოიწყო და თავდაპირველი დაცინვის მიუხედავად, მას Pixel-იც მიყვა.
დიდად არ მაინტერესებს, როგორ გამოიყურება სმარტფონი უკნიდან. Apple-ის და Samsung-ის მოდელები, თავიანთი "ექსტრავაგანტური" გარეგნობით, ჩემთვის პირადად დიდად მიმზიდველი არაა. ვფიქრობ, სმარტფონი უბრალოდ ხელსაწყოა და მისი რომანტიზება, ხშირად, არც ისე სასარგებლოა, მით უმეტეს ეპოქაში, სადაც სოციალურ მედიაზე და ინტერნეტზე სულ უფრო დამოკიდებულები ვხდებით.
მოკლედ რომ ითქვას, Android ბევრისთვის, მათ შორის ვისაც iPhone აქვს, უფრო შესაფერისი ოპერაციული სისტემა მგონია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ iPhone-ის გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება ჩემთვის საკმაოდ მოსახერხებელი იყო. Apple ულამაზეს, მარტივი დიზაინის და გამოყენების სმარტფონებს აწარმოებს და პერსონალური ტექნოლოგიების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ კომპანიად რჩება.
ყოველ წელს სმარტფონები ისე იხვეწება, რომ მათ შორის არჩევანის გაკეთება, პრაქტიკულად, მთლიანად პირად პრეფერენციებამდე დადის.
კომენტარები