მეცნიერების თქმით, ადრეულ მზის სისტემაში უზარმაზარი და იდუმალი ობიექტი იყო
სუდანის თავზე აფეთქებული ასტეროიდის ერთ-ერთი ფრაგმენტის შესწავლის შემდეგ, მეცნიერთა ჯგუფი უცნაურ დასკვნამდე მივიდა.
მკვლევრების ვარაუდით, მინიმუმ ერთი გიგანტური კოსმოსური ობიექტი, რომელიც ჯუჯა პლანეტის ზომისაც კი იყო, მზის გარშემო ბრუნავდა და ეს ჩვენი მზის სისტემის არსებობის ადრეულ დღეებში ხდებოდა.
საქმე იმაშია, რომ პატარა ასტეროიდის ნამსხვრევების შესწავლით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს უცნაური კრისტალის სტრუქტურა, რომელიც ტიპურ ასტეროიდზე ვერ წარმოიქმნებოდა. ეს კვლევა, მეცნიერებმა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოაქვეყნეს.
იშვიათი ჰიდრატირებული კრისტალები, სახელწოდებით ამფიბოლები, წარმოიქმნება სითბოს და წნევის უკიდურესად ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ — ეს ტიპურ მეტეორიტზე შეუძლებელია.
კვლევის თანახმად, ასტეროიდი ისეთი ციური ობიექტიდან უნდა იყოს მოწყვეტილი, როგორიც, მაგალითად, ჯუჯა პლანეტა ცერესია.
"ზოგიერთ ამ მეტეროიტში დომინირებს მინერალები, რაც იძლევა დაბალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ მყოფი წყლის ზემოქმედების მტკიცებულებას", — ამის შესახებ წამყვანმა მკვლევარმა — ვიკი ჰამილტონმა განაცხადა. "კვლევის ეს გასაკვირი შედეგი მეტყველებს, რომ ასტეროიდი, ოდესღაც დიდ, წყლით მდიდარ "მშობლის" სხეულს მოსწყდა", — დასძინა მან.
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი მიიჩნევს, რომ გიგანტური ობიექტი, რომელმაც მსგავსი კრისტალები წარმოქმნა, უკვე კარგა ხანია, რაც აღარ არსებობს. ეს ხსნის იმას, თუ რატომ ჩამოვარდა ახლა მისი ფრაგმენტები დედამიწაზე.
ალბათ, ზუსტად ვერასდროს გავიგებთ, თუ როგორი იყო ციური სხეული, სადაც მსგავსი კრისტალები "იწარმოებოდა". თუმცა, თავად ეს ფაქტი, რომელიც მსგავსი ობიექტის არსებობაზე მიგვანიშნებს, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი მზის სისტემა ოდესღაც ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე ის ახლა წარმოგვიდგენია.
საერთო ჯამში, ეს მტკიცებულებაა, რომლის მიხედვითაც, მზის სისტემის სტრუქტურა მნიშვნელოვნად იცლებოდა და მომავალშიც შეიძლება შეიცვალოს.
კომენტარები