ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა სხვადასხვა ტიპის ვალდებულებებით, თუმცა მათი უმეტესობა უკვე იმდენად ბუნებრივად გვეჩვენება, რომ ვეღარც ვამჩნევთ, როგორ ვასრულებთ მათ. მაგრამ სულ სხვა სახისაა დედლაინით განსაზღვრული მოვალეობები.

მაგალითად, სოციუმის წევრად ყოფნა გარკვეული წესების დაცვას კი მოიაზრებს, თუმცა, როგორც წესი, არ არსებობს განსაზღვრული ვადა, რომელიც ამ ვალდებულებათა მოხდისას უნდა გავითვალისწინოთ. ავიღოთ ასეთი შემთხვევა: ახლადგაცნობილი ადამიანები ხშირად დიალოგისას ენის იმ ფორმებს იყენებენ, რომლებიც სოციალური ურთიერთობების ნორმებით თავაზიანობის გამომხატველია. ამ ტიპის ურთიერთობები ყოველდღიურია, თუმცა არ არსებობს გარკვეული ვადა, რომელიც, მაგალითად, მაქსიმალური თავაზიანობის მიღწევას ისახავს მიზნად ან განსაზღვრული მომენტის შემდეგ მისი გამოხატვისგან გვათავისუფლებს. დედლაინი კი მოიაზრებს დროის კონკრეტულ პერიოდს, რომელშიც გარკვეული შედეგი უნდა ვაჩვენოთ.

ალბათ უმეტესობას შეუმჩნევია, რომ დროის ფაქტორი ჩვენს მოტივაციაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. იმის მიუხედავად, რომ ხშირად დედლაინით დაკისრებული საქმის სირთულე და მნიშვნელობა სრულად გააზრებული გვაქვს, დროის ირაციონალურად ფლანგვაში თავს ხშირად ვიჭერთ. ზოგჯერ კი რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო გვირჩევნია, საქმე სამომავლოდ გადავდოთ. ასეთ დროს საკუთარ თავთან არც იმ პირობის დადება ამართლებს, რომ "შემდეგ ჯერზე იმავეს არ გავიმეორებთ" და, საერთო ჯამში, უცნაურ ფაქტად გვეჩვენება, რომ საქმის დროულად დაწყების გულწრფელი სურვილის მიუხედავად, მოტივაცია მხოლოდ დედლაინის მოახლოებისას გვიჩნდება.

ასეთი არაინტუიციური სიტუაციის ახსნას ტემპორალური მოტივაციის თეორია იმის გათვალისწინებით გვთავაზობს, რომ დროის ირაციონალურად განაწილება ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორების ერთიანობის აუცილებელი შედეგია, ამიტომ ბოლო წუთებამდე მიყვანილი საქმეებისთვის თავი ზედმეტად არ უნდა დავიდანაშაულოთ.

ტემპორალური მოტივაციის თეორიის მიხედვით, თუ შექმნილი სიტუაცია გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს, მაშინ შეუძლებელია, რომ დედლაინის მოახლოებამდე საქმის შესრულების მაღალი მოტივაცია გვქონდეს.

ეს თეორია კონკრეტული დავალებისთვის გამოყოფილი დროის რაოდენობას მთავარ მამოტივირებელ ფაქტორად განიხილავს. იგი, ამასთან, მოტივაციის რამდენიმე თეორიის ინტეგრირებულ ფორმას წარმოადგენს და მას შემდეგი ფორმულით ხსნის:

ფოტო: On.ge

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს ტვინში სწორედ მსგავი ფორმულა თამაშდება, როცა ვცდილობთ, მნიშვნელოვანი საქმეები დედლაინის ბოლო წუთამდე მივიყვანოთ. უფრო ცხადი რომ იყოს, თუ რას გვეუბნება განტოლება და რა დამოკიდებულებაა მის წევრებს შორის, მისი თითოეული ცვლადი დეტალურად განვიხილოთ.

მოლოდინი

განტოლებიდან ჩანს, რომ მოლოდინი და ღირებულება მოტივაციის პირდაპირპროპორციული ცვლადებია. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტია ჩვენი მოლოდინი საქმის ან დავალების წარმატებულად შესრულების მიმართ, მით უფრო მალე შევუდგებით მის გაკეთებას. ეს ლოგიკურიცაა, რადგან შედეგი თავიდანვე სასიამოვნოდ გვაქვს წარმოდგენილი, ამიტომ ჩნდება სურვილი, რომ ის რაც შეიძლება მალე დადგეს.

მოლოდინებზე დამოკიდებულება საბაზრო ეკონომიკის სიტუაციებს კარგად ხსნის. მაგალითად, რაც უფრო მაღალია ადამიანის მოლოდინი, რომ გარკვეული ბიზნესის დაწყება წარმატებული იქნება, ის უფრო მეტი თანხის ინვესტირებისთვის არის მზად. საკითხს რომ განსხვავებული პერსპექტივიდანაც შევხედოთ, რაც უფრო მარტივია დავალება ან საქმე, მით უფრო დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ თავს წარმატებით გავართმევთ. ამიტომ ჩვენ, როგორც წესი, პატარ-პატარა საქმეების დროს არ ვყოყმანობთ და დედლაინის ბოლო წუთებსაც ნაკლებად ველოდებით.

ღირებულება

ფოტო: Giorgio Trovato / Unsplash

წარმატების მოლოდინთან ერთად, რაც უფრო მაღალი ღირებულებისაა ის ჯილდო, რომელიც გარკვეული საქმის შემდეგ გველოდება, მით უფრო დიდია ჩვენი მოტივაცია. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის, რომ თუ ორი ქმედების მოტივაცია ერთმანეთს უპირისპირდება, მაშინ დიდი შანსია, იმან გაიმარჯვოს, რომლის ჯილდოც უფრო მყისიერია. მაგალითად, წარმოვიდგინოთ თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, მისი მოხმარება შეწყვიტოს. მან შეაფასა სამომავლო რისკები, ჯანსაღი ცხოვრების უპირატესობა და სიგარეტის დღევანდელი ფასიდან გამომდინარე, ეკონომიკური სარგებელიც. ჩათვალა, რომ თამბაქოსთვის თავის დანებება რაციონალური ქცევაა და ერთ დღესაც მაღაზიიდან მისი შეძენის გარეშე დაბრუნდა.

ასეთ დროს დიდი სტაჟის მქონე მწეველისთვის ალბათ ცხადია სიტუაციის მთელი სირთულე: ის, ერთი მხრივ, აცნობიერებს, რა არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ, მეორე მხრივ, უჭირს დამოკიდებულებაზე ერთ დღეში უარის თქმა. შესაბამისად, თუ ეს ადამიანი ცდუნებას ვერ გაუძლებს და ახლომდებარე მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად გაიქცევა, მაშინ ვიტყვით, რომ მოწევისგან მიღებული სიამოვნების "ჯილდომ" პოტენციური ჯანმრთელობის სიკეთეები გადაწონა, რადგან პირველის მიღება მყისიერად იყო შესაძლებელი.

იმპულსურობა

ფორმულის მიხედვით, იმპულსურობა და დაყოვნება მოტივაციის მიმართ უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში არიან. შესაბამისად, რაც უფრო დაბალია ამ ორი ცვლადის მაჩვენებელი კონკრეტული საქმის შესრულებისას, მით უფრო მოტივირებულები ვართ.

ფოტო: Luca Discenza / Unsplash

იმპულსურობა იმის მაჩვენებელია, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს დაგვიანებული შედეგების მიმართ. რაც უფრო შორეულია კონკრეტული საქმის დედლაინი, შედარებით იმპულსური ადამიანი დავალების წინასწარ შესრულებას დროის სხვა რამით გაყვანას ყოველთვის ამჯობინებს. ის უფრო მოკლე პერსპექტივით აფასებს მოვლენებს, ამიტომ ხშირად ქმედებების სამომავლო შედეგებს არ ითვალისწინებს.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა რეფერატის წერა ჯერ არ დაგვისრულებია და ამ დროს ჩვენი საყვარელი სერიალის ახალი ეპიზოდი გამოვიდა. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ნაშრომის დედლაინამდე არც ისე დიდი დრო გვაქვს დარჩენილი? შედარებით იმპულსური ადამიანი გადაწყვეტს, რომ საყვარელ სერიალს დაუთმოს დრო, რადგან მისთვის ამ ტიპის სიამოვნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამომავლო მაღალი ქულა, რომელსაც რეფერატში მიიღებს. სერიის დამთავრების შემდეგ კი რა დროც იქნება დარჩენილი, მხოლოდ იმას დაუთმობს დავალების დასრულებას. მეორე მხრივ, ნაკლებად იმპულსური ადამიანი ჯერ დავალებას დაასრულებს და შემდეგ უფრო მშვიდად უყურებს სერიალს, რადგან სამომავლო შედეგების მნიშვნელობათა გააზრების უკეთესი უნარი აქვს.

შეფერხება

შეფერხება, მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნავს იმ დროს, რომელიც კონკრეტული დავალების შესასრულებლად არის გამოყოფილი. განტოლებაში მას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მისი რაოდენობრივი ცვლილება სხვა ცვლადების მაჩვენებლებზე ძლიერად ზემოქმედებს. დედლაინის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ ჯილდოს უფრო ცხადად აღვიქვამთ, ამიტომ ის უფრო ღირებული ხდება. ასევე, დედლაინისა და ჯილდოს ახლო პერსპექტივაში მოაზრება წარმატების მოლოდინზეც ახდენს გავლენას. თუ საქმეს უფრო მალე შევუდგებით, მეტი შანსია, რომ ის წარმატებული აღმოჩნდეს. რაც შეეხება იმპულსურობას, სხვა ქმედებისგან განცდილი სიამოვნება დედლაინით განსაზღვრული დავალებისთვის განსაზღვრული ჯილდოს სურვილს მაშინ ვეღარ გადააჭარბებს, როცა მის მიღებამდე ნაკლები დრო რჩება.

სხვა მხრივ კი, რაც უფრო მაღალია შეფერხების მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლები მოტივაცია გვაქვს, რომ დავალების შესრულება დავიწყოთ. მაგალითად ვარჯიშის დაწყება ავიღოთ: პანდემიის პერიოდში რეგულარული ფიზიკური დატვირთვის სურვილი ბევრ ჩვენგანს გაუჩნდა. ვისაც მანამდე სავარჯიშო დარბაზის ერთთვიანი აბონიმენტის ყიდვის და მერე განზრახულის შუა გზაში მიტოვების გამოცდილება გვაქვს, გვესმის, რომ ეს წამოწყება არც სახლის პირობებშია მარტივი. ცხადია, რომ სასურველი შედეგი 1-2 თვეში არ მიიღწევა და თუ პანდემიის მერე შევეშვებით ვარჯიშს, ის ვერც კი შენარჩუნდება. ამიტომ შემდეგი ორშაბათი, შემდეგი თვე, შემდეგი ზაფხული და შემდეგი წელი ასეთ ექსტრაორდინალურ პერიოდშიც კი შეიძლება დარჩეს ვარჯიშის დაწყების შესაფერის თარიღად.

ფოტო: Getty Images

ამის მიზეზს, სტატიაში ზემოთქმულის გათვალისწინებით, უფრო მარტივად დავინახავთ: ერთი მხრივ, არ არსებობს კონკრეტული დედლაინი (თუ, რა თქმა უნდა, რამე შეჯიბრზე არ ვაპირებთ ასპარეზობას) და, მეორე მხრივ, ვიცით, რომ სასურველი ფორმების მიღებას დიდი დრო სჭირდება. თუ სხვა მხრივ რაიმე პირობა არ შეიცვალა, ჩვენი მოტივაცია ვარჯიშის დაწყებას კიდევ დიდხანს გადადებს.

ახლა კი ოთხივე ცვლადის ერთმანეთთან მიმართების საილუსტრაციოდ ერთი მაგალითი ვნახოთ, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაშიც ხშირადაა განხილული: სტუდენტს სემესტრის დასაწყისში — ვთქვათ, 15 სექტემბერს — ესეს დაწერა დაავალეს, რომლის დედლაინიც 15 დეკემბერს დაუნიშნეს. სტუდენტისთვის ეს დავალება მნიშვნელოვანია, თან სურვილი აქვს, რომ მაღალი შეფასება მიიღოს. ფორმულის გათვალისწინებით, პირველივე დღეს დავალების დასაწყებად მას საკმარისი მოტივაცია არ ექნება, რადგან დედლაინი ძალიან შორეული პერსპექტივაა. ამასთანავე, მას მოსწონს მეგობრებთან ერთად დროის გატარება და 15 სექტემბერს ამის გაკეთების ძალიან დიდი მოტივაცია აქვს. შესაბამისად, საღამოს ის მეგობრებს ხვდება.

ფოტო: On.ge

ზედა გრაფაზე სოციალიზაციასა და ესეს დაწერასთან დაკავშირებულ მოტივაციათა ურთიერთდამოკიდებულებაა აღწერილი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ესეს დედლაინი მოახლოვდება, განტოლებაში სტუდენტის მოტივაციის ცვლადების მაჩვენებლები შეიცვლება. რაც უფრო მოახლოვდება ჯილდო (ამ შემთხვევაში, შეფასება), მით უფრო იზრდება სტუდენტისთვის წარმატების მოლოდინი. შედეგად, მაშინ, როცა დედლაინამდე მცირე დრო დარჩება, სოციალიზაციის მოტივაცია ვეღარ გადააჭარბებს დავალების დაწერის მოტივაციას. დაშტრიხული ნაწილი კი აჩვენებს იმ პერიოდს, როცა სტუდენტი დავალებაზე მუშაობს. ეს 3-15 დეკემბრის პერიოდია, რომელზეც ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ მცირე დროა; თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ხელთ არსებული 3 თვიდან სტუდენტისთვის მამოტივირებელი მხოლოდ ეს პერიოდი აღმოჩნდა.

განხილული მაგალითისა და ფორმულის გათვალისწინებით, ტემპორალური მოტივაციის თეორია კარგად ხსნის, თუ როგორი მიმართებაა დავალებისთვის გამოყოფილ დროსა და მოტივაციას შორის. თუმცა ამ თეორიის წუნად ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ფორმულა ვერ გვეუბნება, რატომ იქცევიან ადამიანები საწინააღმდეგოდ. კერძოდ, რატომ აკეთებენ იმას, რისი წარმატების შანსიც ძალიან დაბალია ან რატომ ირჩევენ მოსაწყენ და უინტერესო ქმედებებს, როცა მოსალოდნელი ჯილდო უმნიშვნელოა და სამყაროში უამრავი ალტერნატიული საქმე არსებობს, რომელიც გაცილებით მიმზიდველია.

ასეთი კონტრარგუმენტის პასუხი ის იქნება, რომ ეს თეორია შეეხება მოტივაციას, რომელიც ცალსახად სუბიექტური ფენომენია, შესაბამისად, ის მრავალი ინდივიდუალური ფაქტორის ერთობლიობას მოიაზრებს. შეიძლება, კონკრეტული ქმედების შედეგის მიღწევა საზოგადოების მხრიდან რთულად ან წარმოუდგენლად მიიჩნეოდეს, მაგრამ ცალკეული ინდივიდისთვის ასე არ იყოს. შეიძლება, სუბიექტი თავის უნარებს ადეკვატურად აფასებდეს და წარმატების მოლოდინი სამართლიანად ჰქონდეს. თუ ამ ფაქტორებს გავითვალისწინებთ, მაშინ ასეთი ადამიანის მოტივაცია კონკრეტული საქმის მიმართ გასაგები და ლოგიკური ხდება.

ფოტო: Jeremy Bishop / Unsplash

ამასთან, არის შემთხვევები, როცა სხვების მოტივაცია ჩვენთვის გაუგებარია და შეიძლება, ჩვენ მათი ქმედების შედეგების შესახებ რაღაც დამატებითი ცოდნა გვქონდეს. თუმცა ასეთ დროს ჩვენგან განსხვავებული მოტივაციის მქონე ადამიანთან თანაბარ პირობებში არ ვიმყოფებით. თუ მას რაღაც ცოდნა აკლია და მისი ქონის შემთხვევაში იმავენაირდ არ მოიქცეოდა, ეს ვერ აუქმებს იმ ფაქტს, რომ ამ მომენტში მისი მოტივაცია ვალიდურია. შესაბამისად, მისი პერსპექტივიდან დანახული მიზნები მოტივაციის წყაროდ მაინც რჩება.

მართალია, ტემპორალური მოტავიაციის თეორია ჯერჯერობით ახალი მიდგომაა, თუმცა მისი თეზისი წარმატებით მუშაობს ეკონომიკაში, ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში. საკითხს რომ უფრო ფართო პერსპექტივიდნ შევხედოთ, თეორია ჩვენი მოტივაციისადმი დამოკიდებულებასა და მის ცვლას დროსთან მიმართებით ხსნის, რაც ნაწილობრივ პროგნოზირებად არსებებად გვაქცევს.

შესაძლებელია, რომ თეორიის გაცნობის შემდეგ ვინმემ საკუთარი სამოტივაციო სისტემა ამ ფორმულაში ვერ მოათავსოს, მაგრამ აქ ისევ გასათვალისწინებელია სუბიექტურობის კომპონენტი, რომელიც გამოცდილებას, გენეტიკას და სხვა კომპლექსურ დეტერმინანტებს მოიაზრებს. თუ თეორია გარკვეულ გამონაკლისებს უშვებს, ეს პირდაპირ მის სიმცდარეზე არ მეტყველებს, რადგან, სხვა თუ არაფერი, ადამიანის მენტალური მდგომარეობები ამ ეტაპისთვის ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა ეს ფაქტი არ ეწინააღმდეგება იმას, რომ თეორიის სამომავლოდ დახვეწა შეიძლება, რაც ჩვენი მოტივაციის უფრო სრულყოფილად განსაზღვრის შესაძლებლობას მოგვცემს.