ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის ინიციატივა პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, პირდაპირი ნაბიჯია ლუკაშენკოს ბელარუსისა და პუტინის რუსეთისკენ.

ფორმულას ეთერში ნადირაშვილმა კანონპროექტი შეაფასა როგორც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წასვლა.

"მინდა შევახსენო ქართულ ოცნებას, რომ მილიონზე მეტმა ადამიანმა ოპოზიციას მისცა ხმა. პარტიები იმიტომ კი არ არსებობენ, რომ მათ დაფინანსება აქვთ და მათ რეგისტრაცია აქვთ, იმიტომ არსებობენ, რომ მათ ჰყავთ მხარდამჭერები. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი მოქალაქეების, მილიონზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ გამოდიხარ. ეს არის პირდაპირი ნაბიჯი ლუკაშენკოს ბელარუსისკენ და პუტინის რუსეთისკენ. უფრო წინაც კი წავიდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც პარტიების რეგისტრაციის გაუქმებაზე საუბრობს", — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. კობახიძის თქმით, აღნიშნული პაკეტი სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ ითვისებენ ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენენ.

გაიგეთ მეტი: