კიბორგი დრონი ცოცხალი პეპლის ანტენას ნავიგაციისთვის იყენებს
როდესაც სურნელების აღქმაზე მიდგება საქმე, ამ მხრივ ტექნოლოგიური სენსორები ბუნებრივს ბევრად ჩამორჩება. ამიტომ, როდესაც ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინჟინერთა გუნდმა გადაწყვიტა შეექმნა ისეთი რობოტი, რომელიც სურნელის ამოცნობას და მისი კვალის დადგენას შეძლებდა, მათ არა ტექნოლოგიებს, არამედ ბუნებას მიმართეს.
Bioinspiration & Biomimetics-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გუნდმა პატარა კიბორგი დრონი ანტენით აღჭურვა, რომელიც ცოცხალ პეპელას მოაცილეს. მიღებული კიბორგი, რომელსაც Smellicopter-ს (სურნელმფრენს) უწოდებენ, იყენებს ანტენის ბიოლოგიურ სენსორებს, რათა ავტომატურად გაემართოს სუნის წყაროსკენ და ამავდროულად, თავიდან აიცილოს დაბრკოლებები. გუნდი ფიქრობს, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, მომავალში შესაძლებელი გახდება სახლებში გაზის გაჟონვის წყაროს უსაფართხოდ მიგნება.
მილის ფორმის პეპლის ანტენა წყვილ მეტალის სადენზეა დამაგრებული. მათი საშუალებით დრონი აღიქვამს ბიოსენსორის უჯრედულ აქტივობას, რომელიც ყვავილების სურნელის შეგრძნების დროს კიდევ უფრო იზრდება. ეს ლოგიკურია, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი იზიდავს პეპლებს. აღსანიშნავია, რომ ბიოსენსორები ბევრად უფრო ეფექტურია და უფრო მეტი მგრძნობელობით გამოირჩევა, ვიდრე ნებისმიერი სხვა სენსორი, რომელიც შეიძლება ადამიანებს ლაბორატორიულ პირობებში შეექმნათ.
"ყნოსვის სენსორების შექმნა აშკარად ბუნებას ჩვენზე კარგად გამოსდის", — ამბობს კვლევის ავტორი და მექანიკური ინჟინერიის დოქტორანტურის სტუდენტი — მელანია ანდერსონი თავის პრეს-რელიზში.
ამჟამად, გუნდის შემდეგ მიზანს წარმოადგენს ისეთი ტექნოლოგიის შემუშავება, რომლის საშუალებითაც პატარა კიბორგი დრონი სურნელების ერთმანეთისგან გარჩევას და მათზე შესაბამისად რეაგირებას შეძლებს.
ყვავილების სურნელის ამოცნობა და მისი წყაროს ძებნა მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა, მკვლევრებს კიდევ უფრო დიდი ამბიციები აქვთ. ისინი გეგმავენ ისეთი მექანიზმის შემუშავებას, რომლის საშუალებითაც კიბორგი შეძლებს გაზის გაჟონვის წყაროსა თუ ასაფეთქებელი ნივთიერებების მიგნებას. ჯგუფის წევრები ასევე იმედოვნებენ, რომ მომავალში კიბორგი ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაკარგული ადამიანების პოვნასა და დახმარებაშიც დიდ როლს შეასრულებს.
კომენტარები