მეცნიერებმა მეტეორიტში "სიცოცხლის საშენი მასალა" აღმოაჩინეს — კვლევა
სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა მეტეორიტში აღმოაჩინეს ორგანული მოლეკულების ჩამოყალიბებისთვის საჭირო ძირითადი ნივთიერება, ეს კი სიცოცხლის საწყისების შესწავლის საქმეში ძალიან დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
მეცნიერთა ნაწილი დიდი ხნის მანძილზე გვარწმუნებდა, რომ ორგანული ნივთიერებების ჩამოყალიბება არამიწიერ გარემოშიცაა შესაძლებელი, მაგრამ ახალი კვლევის ფარგლებში უკვე პირდაპირ ხდება დაკვირვება იმ საკვანძო მოლეკულაზე, რომელიც შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიცოცხლის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მოლეკულების შენების პროცესში.
ის, თუ როგორ მოხდა დედამიწაზე ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა და ზოგადად, როგორ გაჩნდა სიცოცხლე, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ კითხვას წარმოადგენს. ჯერჯერობით, ისიც გაურკვეველია, თუ როგორ შეიძლება არაბიოლოგიური ქიმიური პროცესი იქცეს ბიოლოგიურ პროცესად, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პროცესში მთავარ როლს მეტეორიტებში აღმოჩენილი ორგანული მოლეკულები ასრულებენ.
მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც უძღვებოდა იასუჰირო ობა ჰოკაიდოს უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინა პრებიოტური მოლეკულა, რომელსაც ჰექსამეთილენეტეტრამინი ან HMT ეწოდება.
კვლევის მიხედვით, HMT შესაძლოა წარმოადგენდეს სწორედ იმ მთავარ საშენ მასალას, რომელიც ორგანული ნაერთების წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. სავარაუდოდ, დედამიწაზე იგი ასტეროიდებიდან მეტეორიტების საშუალებით მოხვდა. Nature Communications-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, "არამიწიერი HMT მეტეორიტებში წარმოადგენს მზის სისტემაში პრებიოტური ქიმიური პროცესების განვითარების წინაპირობას".
ამ თეორიის მიხედვით, ასტეროიდების ერთმანეთთან შეჯახებას ან მათში რადიოაქტიური ნივთიერებების დაშლას შესაძლოა გამოეწვია მათი გაცხელება. იმ შემთხვევაში კი, თუ მათი ტემპერატურა იქნებოდა საკმარისად მაღალი და თუ ექნებოდათ რაიმე ტიპის წვდომა თხევად წყალთან, ამას შესაძლოა გამოეწვია HMT მოლეკულის დაშლა. ამ მოლეკულის დაშლის შედეგად სავარაუდოდ მიიღებოდა საკვანძო ნაერთები, როლმებიც, თავის მხრივ, მონაწილეობენ ისეთი ბიოლოგიური მოლეკულების წარმოქმნის პროცესში, როგორებიცაა ამინომჟავები. ცნობილია, რომ ეს ნაერთები მეცნიერებმა აქამდე უკვე არაერთხელ აღმოაჩინეს მეტეორიტებში.
როგორც ვიცით, ამინომჟავები მონაწილეობენ ცილების ბიოსინთეზში და ისინი უდიდეს როლს ასრულებენ თუნდაც ისეთი სტრუქტურების წარმოქმნის პროცესში, როგორიცაა თმა. ასევე, ამინომჟავები მონაწილეობენ ისეთ ქიმიურ რეაქციებში, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მეცნიერებმა მეტეორიტებში უკვე მთელი რიგი ორგანული ნაერთები აღმოაჩინეს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როგორ ხდება მათი ფორმირება. მეცნიერთა აზრით, სწორედ HMT უნდა იყოს ამ პროცესების მთავარი მამოძრავებელი.
მკვლევრები ჯერ დარწმუნებით ვერაფერს ამბობენ, თუმცა ამ საკითხის გარკვევაში შეიძლება იაპონური Hayabusa2 მისიის ფარგლებში ჩამოტანილი ნიმუშები დაგვეხმაროს.
კომენტარები