პარტია სამართლიანობის ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, ვინც ახლა ამდენი უარყოფის შემდეგ პარლამენტში შევა, აღმოჩნდება რომ ის ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ბესელია ამბობს, რომ ყველა პარტიამ უნდა გაუძლოს ცდუნებას. ამის შესახებ ბესელიამ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"უბრალოდ, ნებისყოფა უნდა ეყოს ყველას, რომ ამ ცდუნებას გაუძლოს. მარტივად იქნება სახელდებული, რომ ვინც ამდენი "არას" თქმის შემდეგ და ამდენი განცხადების შემდეგ, ადგება და რაღაც მიზეზს მოძებნის პარლამენტში შესასვლელად, უბრალოდ ძალიან მარტივად დაერქმევა სახელი, რომ მოახერხა ივანიშვილმა და იყიდა ის პოლიტიკოსი, ასე დაერქმევა ეს სახელი", — განაცხადა ბესელიამ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ესწრებიან ფასილიტატორი ელჩები. ქართული ოცნების მხრიდან, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრება.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინია.