როგორ გავასაჩივროთ სიძულვილის ენა Facebook-ზე
დროთა განმავლობაში Facebook-ით გავრცელებული სიძულვილის ენა უფრო ხშირი, მძაფრი და აგრესიული ხდება. განსაკუთრებით აქტიურდება სიძულვილის ენა გენდერულ ნიადაგზე, რომელიც მიმართულია ქალი პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა თუ უბრალოდ სოციალურად აქტიური ქალების მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი ხდება მსგავსი პოსტების ამოცნობა და დარეპორტება.
დარეპორტება შეიძლება როგორც საჯარო პოსტების, რომელსაც ფეისბუქგვერდები ავრცელებენ, ასევე ჯგუფში განთავსებული კონტენტის, შეტყობინებებისა თუ კომენტარების. რაც მთავარია, ეს ხდება ანონიმურად.
პოსტის, შეტყობინებისა თუ კომენტარის დარეპორტებასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ნაბიჯს შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ გზამკვლევში გაეცნოთ.
როგორ მოვიქცე, თუ Facebook-ის კონკრეტული პოსტი სიძულვილის ენას შეიცავს?
როგორ მოვიქცე, თუ სიძულვილის ენის შემცველი პირადი შეტყობინება Facebook მესენჯერით მივიღე?
უნდა შეავსოთ ფეისბუქის ეს ფორმა.
როგორ მოვიქცე, როდესაც სიძულვილის ენას Facebook-ზე შექმნილი ჯგუფი ავრცელებს?
როგორ მოვიქცე, თუ მომხმარებელი სიძულვილის ენის შემცველ კომენტარს ჩემს პოსტზე ტოვებს?
აღნიშნული მარტივი გზამკვლევი გენდერ ბარომეტრის პლატფორმაზე შეიქმნა. გენდერ ბარომეტრის მიზანია, საჯარო პირების მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების მხილება და ამ მხრივ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. პროექტს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია: მედიის განვითარების ფონდი (MDF) და კავშირი საფარი ახორციელებს.
სიძულვილის ენა გენდერული ნიშნით
საჯარო პირებს შორის სიძულვილის ენის სამიზნე ხშირად სწორედ ქალი პოლიტიკოსები ხდებიან. აღნიშნულ შემთხვევებზე საუბარია წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიშში, რომელიც მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში.
MDF-ის მკვლევარი მარიამ ტალახაძე ამბობს, რომ მონიტორინგისას ქალი პოლიტიკოსების მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარები იკვეთებოდა. თემატურად კი ისინი ასე ნაწილდებოდა: მორალური კრიტერიუმების საფუძველზე გაკიცხვა; ე.წ. ბოდიშეიმინგი, ანუ სხეულზე დაფუძნებული გენდერული სტერეოტიპები და გზავნილები; ასევე, ხშირი იყო ხაზგასმა გონებრივ შესაძლებლობებზე და ამაზე დაცინვა.
"ამის გარდა, იყო უცენზურო და უხამსი ლექსიკაც ქალი პოლიტიკოსების მიმართ. გარდა იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს იყო ერთჯერადი ხასიათის სექსისტური ენა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ამან კამპანიური ხასიათი მიიღო", — ამბობს მარიამ ტალახაძე.
როგორც იგი ამბობს, მონიტორინგის ოთხთვიანი პერიოდის განმვალობაში Facebook-ზე რამდენიმე კამპანია გამოიკვეთა, რომელიც ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ იყო მიმართული. ერთ-ერთ მაგალითად მას ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას ვიდეოკადრი მოჰყავს.
"ანტიოპოზიციურმა გვერდებმა მანიპულაციურად ამოჭრეს კადრი, რომელშიც ჩანს, რომ ელენე ხოშტარიას ხელში პულვილიზატორი უჭირავს და პარლამენტთან აქციაზე, დროებით კედელზე წარწერის დატოვებას ცდილობს. მათ [გვერდებმა] მისცეს ისეთი კონტექსტი, რომ თითქოს პოლიციას ამ პულვილიზატორს ასხამდა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ დროის ერთ მონაკვეთში ამ ქმედებამ კამპანიური ხასიათი მიიღო — მსგავსი გზავნილის ნარატივი იყო, რომ დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს. ეს დისკრედიტაცია ხდებოდა მისი პოლიტიკური კუთვნილების გამო, თუმცა ამ შემთხვევაშიც გამოყენებული იყო გენდერული ნიშნით შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია", — ამბობს მკვლევარი.
მსგავსი შინაარსის პოსტები და ნარატივები, როგორც მარიამ ტალახაძე აღნიშნავს, ძირითადად ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ გვერდებზე ვრცელდება. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ოპოზიციური გვერდები, სადაც უკვე ქართული ოცნების წევრ ქალ პოლიტიკოსებს ესხმიან თავს. პოსტების გავრცელების ერთ-ერთი სივრცე არის ასევე გვერდები, რომელიც ძირითადად რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ან მოწინააღმდეგე კონტენტით გამოირჩევა.
ტროლები და ბოტები სიძულვილის ენის "სადარაჯოზე"
სიძულვილის ენის გავრცელებაში ერთ-ერთი "წამყვანი" ადგილი ტროლებსა და ბოტებს უჭირავთ. ისინი მზის შუქზე სწორედ მაშინ ჩნდებიან, როცა ქვეყანაში მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები აქტიურდება და უმეტესწილად ხელისუფლების მხარდამჭერი გზავნილებით გამოირჩევიან. მათი მთავარი მიზანი საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენაა.
MDF-ის მკვლევარის, ანი ქისტაურის თქმით, ტროლები ცდილობენ, შექმნან იმის ილუზია, რომ უმრავლესობას წარმოადგენენ და ცდილობენ უარყონ, გააბათილონ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ნებისმიერი კრიტიკული აზრი, ამავე დროს, სხვადასხვა გზით კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების დისკრედიტაციას ახდენენ.
მისი თქმით, ნებისმიერი სახის დისკრედიტაციის კამპანიაში, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იქნება წარმოებული თუ გენდერული იდენტობის საფუძველზე, გვხვდება ტროლების ორი კატეგორია — ისინი, ვინც თავს სხვა ადამიანად ასაღებენ, სხვის ვინაობას იპარავენ და ისინი, ვინც იდენტობას მალავენ.
"მნიშვნელოვანია ყურადღებით დავათვალიეროთ იმ ადამიანის პროფილი, რომელიც ამა თუ იმ ინფორმაციას ავრცელებს ან კომენტარს წერს. დაკვირვებისას უნდა გავითვალისწინოთ, როგორია მისი "მეტყველება" სოციალურ ქსელში, რა გზავნილებს ავრცელებს და მისი ქცევა ხომ არ არის რომელიმე სქემის ან ორგანიზებული კამპანიის ნაწილი. მნიშვნელოვანია იმის შემოწმება, თუ რას აზიარებს ესა თუ ის ანგარიში, რას იწონებს (ხშირად ტროლებს ერთმანეთის მიყოლებით აქვთ მოწონებული სახელისუფლებო გვერდები), რამდენი მეგობარი ჰყავს; ასევე უნდა დავაკვირდეთ პროფილის ბმულს და ვნახოთ ახლანდელ სახელში რა ცვლილებებია შეტანილი", — აცხადებს ქისტაური.
მკვლევრები გვირჩევენ, რომ მსგავსი ტროლების, ბოტების თუ მადისკრედიტირებელი პოსტების აღმოჩენისას, ისინი დავარეპორტოთ.
ვინ ვის არის პლატფორმის თანადამფუძნებელი, გიორგი ნაკაიძე აღნიშნავს, რომ გენდერული ნიშნით სიძულვილის ენაზე მოქმედება რთულია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფეისბუქს უჭირს ქართულ ენასთან "მუშაობა" და კონტექსტის დროული გარჩევა. ამავე დროს, ნაკაიძე აღნიშნავს, რომ პოსტების დარეპორტება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეს პროცესი რთული არ არის, თუმცა იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეებს მიუმართავთ და მათ დახმარება გაუწევიათ.
"სიძულვილის ენის შემცველი პოსტების დარეპორტება მნიშვნელოვანია, რათა ადრე თუ გვიან Facebook მიეჩვიოს და მიხვდეს, როგორ იმოქმედოს", — ამბობს ნაკაიძე.
დარეპორტების მნიშვნელობაზე საუბრისას, ანი ქისტაური აღნიშნავს, რომ ტროლები ხშირად კოორდინირებულად მოქმედებენ, მართავენ უზარმაზარ ჯგუფებსა და გვერდებს, მათი ანგარიშების გაუქმება კი იმ ჯგუფებისა და გვერდების წაშლას იწვევს, რომლებზეც მიბმულნი არიან. გამოდის, რომ მათ თავიდან უწევთ ყალბი ანგარიშების შექმნა, მეგობრების დამატება, სოციალურ ქსელში "ნდობის მოპოვება", რაც, გარდა იმისა, რომ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ასევე Facebook-ის გამკაცრებული რეგულაციების პირობებში უკვე დიდ სირთულეს უკავშირდება.
ამასთან, მარიამ ტალახაძე გამოყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს — ნებისმიერი რეპორტი ანონიმურია. როცა პოსტის ავტორს, რომელიც ვფიქრობთ, რომ ავრცელებს გენდერულად მოტივირებულ სიძულვილის ენას ან ზოგადად სიძულვილის ენას, არ მისდის შეტყობინება იმის შესახებ, თუ ვინ დაარეპორტა.
"Facebook-ზე ეს მექანიზმი არის სრულიად უსაფრთხო. ყოყმანის გარეშე ყველას შეუძლია დაარეპორტოს, რადგან ეს ჩვენი, როგორც ფეისბუქის მომხმარებლების უფლებების დასაცავად შექმნილი მექანიზმია", — აღნიშნავს მარიამ ტალახაძე.
იმისთვის, რომ სიძულვილის ენა მინიმუმამდე დავიყვანოთ, მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანის ჩართულობა. ამაში ის გზამკვლევი დაგეხმარებათ, რომელზეც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები