10 ყველაზე უცნაური წიგნი მსოფლიოში
ედვარდ ბრუკ-ჰიჩინგი ბუკინისტური წიგნების მაღაზიაში გაიზარდა, რადგანაც მამამისი იშვიათი წიგნებით მოვაჭრე იყო. დღეს ჰიჩინგი რუკების თემატიკაზე შექმნილი რამდენიმე შემეცნებითი წიგნის (ფანტომური ატლასი, ოქროს ატლასი და ცის ატლასი) ავტორია და, როგორც თავად ამბობს, "ყოველთვის აოცებდა წარსულის კუნჭულებში ჩაკარგული წიგნები". 10 წლის წინ ჰიჩინგმა უნიკალური ბიბლიოთეკის პროექტი წამოიწყო, თუმცა მასში ჯეინ ოსტინის რომანების პირველ ეგზემპლარებს ვერ შეხვდებით: ბრუკ-ჰიჩინგი თავისი პროექტისთვის, შეშლილის ბიბლიოთეკა, მთელ მსოფლიოში გამოცემულ ყველაზე უჩვეულო და უცნაურ წიგნებს აგროვებს.
"ხალხს ვეკითხებოდი: "დროის მანქანა, ულევი ბიუჯეტი და უნიკალური ბიბლიოთეკის შექმნის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რომელ წიგნებს აირჩევდით მათი ფასეულობისა და აკადემიური ღირებულების გაუთვალისწინებლად?", — წერს ჰიჩინგი.
ხუმრობა-ხუმრობაში, წიგნით მოვაჭრეებთან თუ ბიბლიოთეკარებთან საუბარსა და აუქციონების კატალოგების თვალიერებაში, ჰიჩინგი ისეთ წიგნებს გადააწყდა, როგორიც სადამ ჰუსეინის სისხლით დაწერილი 605-გვერდიანი ყურანია. "თაროზე რომ ეს წიგნი გედოთ, გვერდზე რას მიუდებდით? ეს კითხვა წიგნის ერთ გამყიდველს დავუსვი და იმანაც მე-19 საუკუნის დღიურზე მიამბო. დღიური ჩაძირული გემის კაპიტანმა დაწერა, რომელსაც ხელთ მხოლოდ ძველი გაზეთები ჰქონდა, გარშემო კი პინგვინები ჰყავდა. ასე დაიწერა ბლენდენ ჰოლის ბედისწერა პინგვინის სისხლით", — მოგვითხრობს კოლექციონერი.
ბევრი ასეთი ამბავი არსებობს: ამერიკის სამოქალაქო ომში ერთ ჯარისკაცს ვიოლინო დაჰქონდა თან და კონფლიქტის ქრონიკა მასზე ამოტვიფრა; მასაჩუსეტსელმა შარაგზის ყაჩაღმა ჯეიმს ალენმა ითხოვა, რომ როცა მოკვდებოდა, მისი მემუარები მისსავე სხეულზე ამოეკვეთათ, შემდეგ კი გვამი ერთი მსხვერპლისთვის პატივისცემის ნიშნად მიერთვათ, რომელმაც გაქურდვისას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ამით ყაჩაღის აღფრთოვანება დაიმსახურა; ნორვეგიელი მეამბოხე მებრძოლის პეტერ მოენის დღიური ქინძისთავით იყო ტუალეტის ქაღალდზე ამოჩხვლეტილი და სავენტილაციო ხვრელში დატოვებული. მოენი 1944 წელს მოკლეს, თუმცა მასთან ერთად მყოფი ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი მოგვიანებით ფაშისტებისგან გათავისუფლებულ ოსლოში დაბრუნდა და მოენის დღიური იპოვა; ან კიდევ ფალსიფიცირებული, არარსებული წიგნი ფორმოსას ისტორიული და გეოგრაფიული აღწერილობა რად ღირს: მისი ავტორი, ჯორჯ ფსალმანაზარი — ქერა, ცისფერთვალება, თეთრკანიანი, ფრანგული აქცენტით მოსაუბრე მამაკაცი — 1702 წელს ლონდონში ჩავიდა და თავი პირველ ტაივანელ ან ფორმოსელ (ქალაქი არგენტინაში) ადამიანად გაასაღა, რომელმაც ევროპის კონტინენტზე დადგა ფეხი ("იქამდე ტაივანში ევროპელები ნამყოფი არ იყვნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ, იქაურები როგორ გამოიყურებოდნენ. ასე გაითქვა ფსალმანაზარმა სახელი მაღალ საზოგადოებაში", — ყვება ჰიჩინგი).
კოლექციონერისთვის თავის აღმოჩენებში მთავარი სიამოვნება — სხვაგვარად არც კი იფიქროთ, შეშლილის ბიბლიოთეკა წარმოუდგენლად სასიამოვნო მოგზაურობაა ადამიანის გონების ახირებების ყველაზე ღრმა კუნჭულებში — ის იყო, რომ "ეს ყველაფერი გეხმარება გააცნობიერო, ადამიანები ყველა შესაძლო გარემოებაში როგორ ახერხებდნენ, სასაცილოები, უცნაურები და მუდმივად ცნობისმოყვარეები ყოფილიყვნენ".
ჰიჩინგის თქმით, საუკეთესო გზა იმისათვის, რომ წინაპრებს უკეთ გავუგოთ, "იმის გააზრებაა, თუ რაზე ეცინებოდათ მათ. ეს ხანდახან შეიძლება შემზარავიც იყოს, მაგრამ ეს მაინც ლიტერატურული სამყაროს ნაწილია, რომლის შესახებაც, როგორც წესი, წიგნების შესახებ დაწერილ წიგნებში არ საუბრობენ".
ახალ სწორედ ედვარდ ბრუკ-ჰიჩინგის შეშლილის ბიბლიოთეკიდან 10 ყველაზე უცნაურ წიგნს წარმოგიდგენთ.
1. სადამ ჰუსეინის სისხლიანი ყურანი (დაახლ. 1999 წელი)
1997 წელს ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა 60 წლის იუბილეზე კალიგრაფ აბას შაქირ ჯუდი ალ-ბაღდადის ყურანის გადაწერა თავისი სისხლის გამოყენებით დაავალა. როგორც ცნობილია, ორი წლის განმავლობაში ჰუსეინმა საამისოდ 24-27 ლიტრი სისხლი გაიღო. სისხლს ქიმიური დანამატები შეურიეს და ასე შეიქმნა 6 000 სტროფის, სულ 336 000 სიტყვის დასაწერად საკმარისი "მელანი". დეტალებამდე მშვენიერი სისხლიანი ყურანი ბაღდადში მდებარე უმ ალ-ქურას მეჩეთში (რომელიც ასევე თავად ჰუსეინმა ააგო) გამოიფინა.
ბაღდადის დაცემის შემდეგ ჰუსეინის სისხლით დაწერილი ყურანი მცველებმა სასწრაფოდ გადამალეს, სანამ გადაწყდებოდა, რა ბედი ეწეოდა მას. ისინი შემდეგი დილემის წინაშე იყვნენ: მსგავსი ხერხით ყურანის შექმნა ისლამში "ჰარამი", ანუ აკრძალულია, თუმცა აგრეთვე აკრძალულია ყურანის განადგურება, რა გზითაც არ უნდა იყოს შექმნილი ის. გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული. 2010 წელს ერაყის პრემიერ-მინისტრის დელეგატმა, ალი ალ-მუსაევმა აზრი გამოთქვა, სისხლიანი ყურანი "ჰუსეინის სასტიკი ბუნების მტკიცებულებად" შეენახათ, თუმცა წიგნი დღემდე სამმაგად ჩაკეტილ საცავში ინახება. თითოეული გასაღები სახელმწიფო თანამდებობის პირებს აქვთ და დღემდე გაურკვეველია, რა მოელის ამ უჩვეულო ყურანს.
2. ქალწულთა პატიოსნებისა და გარყვნილების შესახებ, სევრინ პინუ (1663 წელი)
ეს ტრაქტატი, რომელიც ქალწულობის, ორსულობისა და მშობიარობის თემებს ეხება, ამსტერდამში გამოიცა. "ეს უჩეულო პატარა წიგნი ქალის მოთრიმლული კანის ყდაში სპეციალურად ჩემთვის ჩასვეს", — ვკითხულობთ წიგნის მფლობელის, ლუდოვიკ ბულონის თანდართულ მინაწერში. ცხადია, თანამედროვე გადმოსახედიდან ეს წარმოუდგენლად უცნაურია, თუმცა წიგნების ადამიანის კანის ყდაში ჩასმა მე-18-მე-19 საუკუნეების ამერიკასა და ევროპაში გავრცელებული დეკორატიული მეთოდი იყო და მას ხშირად სამედიცინო კვლევების ან მკვლელთა დანაშაულებების ანგარიშების გამოქვეყნებისას იყენებდნენ. მე-19 საუკუნის ბოლოს ეს ხერხი ერთობ პოეტურ მეტაფორადაც იქცა: სჯეროდათ, რომ შედევრი ისევე იყო კანში მოთავსებული, როგორც ადამიანის სული — სხეულში (რაღათქმაუნდა, მათ წვეულებებზე თავის მოსაწონებლადაც იყენებდნენ).
3. ჩანაწერების მე-17 წიგნი, 1818 წლის მოგზაურობანი, კონსტანტინე სემუელ რაფინესკი (1818 წელი)
1818 წელს ფრანგი ბუნებისმეტყველი რაფინესკი თავის კოლეგასთან, ჯონ ჯეიმს აუდუბონთან კენტუკიში ჩავიდა სტუმრად. რაფინესკი იმდენად მომაბეზრებელი სტუმარი გამოდგა, რომ აუდუბონმა მის მასხრად ასაგდებად ცხოველთა სახეობების გამოგონება დაიწყო, რომლებიც თითქოს იქ სახლობდნენ. რაფინესკი ყველაფერს პატიოსნად იწერდა და ესკიზებსაც თვალდახუჭული ხატავდა. აუდუბონმა ისეთი თევზები გამოიგონა, როგორიცაა: "ბრტყელცხვირა ორფარფლა", "დიდპირა ზუთხი" თუ "კამეჩისებრი კობრი".
4. გრაფი სენ-ჟერმენის სამკუთხა წიგნი (დაახლ. 1750 წელი)
ეს წიგნი დაშიფრული ფრანგული ოკულისტური ნაშრომია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ უკვდავების საიდუმლოზე მოგვითხრობს. იდუმალი და ექსცენტრული გრაფი სენტ-ჟერმენი მოგზაური და ალქიმიკოსი გახლდათ, რომელმაც მე-18 საუკუნის ევროპული ელიტა იმის მტკიცებით ააღელვა, რომ უკვდავების საიდუმლო აღმოაჩინა. როგორც თავად ამბობდა, კანაში იმ ქორწილს დაესწრო, სადაც იესო ქრისტემ წყალი ღვინოდ გადააქცია. „იგი მღერის, ვიოლინოზე შესანიშნავად უკრავს, მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნის და ნამდვილი შეშლილია,“ - წერდა სენტ-ჟერმანზე ჰორას უოლპოლი.
5. თევზები, კიბოები და კიბორჩხალები, ლუი რენარი (1719 წელი)
მე-18 საუკუნის ევროპელებმა ძალიან ცოტა იცოდნენ ინდონეზიის ველურ ბუნებაზე. გამონაკლისი არც ლუი რენარი იყო, თუმცა ამას ამ ჰოლანდიელი წიგნით მოვაჭრისათვის სულაც არ შეუშლია ხელი, რომ ამ თემაზე ორტომეული შეექმნა. ნაშრომი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იქმნებოდა, ოკეანის ბიოლოგიის 460 ილუსტრაციისგან შედგება. თუმცა მეორე ტომში სამეცნიერო სიზუსტე მხატვრული ფანტაზიის მსხვერპლი ხდება. რენარის დახატულ თევზებს ფრინველისებრი და ზოგჯერ ადამიანის მსგავსი გარეგნობაც კი აქვთ და ავტორი მათ გასაფორმებლად მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებსა და ცილინდრულ ფიგურებს იყენებს. წიგნში შეხვდებით ეკლიან კიბორჩხალას — Panulirus ornatus-ს, რომელიც ამ ნაშრომის მიხედვით, მთაში ბინადრობს, ხეზე ცოცვა შეუძლია და წითელწინწკლებიან კვერცხებს დებს, რომლებიც ზომაში "მტრედის დადებულს უტოლდება"; ასევე ავტორი გვამცნობს, რომ კიბოს სახეობა Crabbe-Criarde კატასავით კნავის; ხოლო ამბონის კუნძულზე მობინადრე ოთხფეხა მარყუჟა მორბენალ თევზზე რენარი წერს: "სანაპიროზე დავიჭირე და სამი დღე მყავდა სახლში. კუდში ლაქუცა ძაღლივით დამსდევდა".
6. დემონოლოგიისა და ჯადოსნობის სახელმძღვანელო, ავტორი და თარიღი უცნობია
წიგნის თავფურცელზე თარიღად 1057 წელია მითითებული (იქვეა ლათინური წარწერა: "არ შემეხო"), თუმცა ვინაიდან გრიმუარებს (წიგნები მაგიის შესახებ) ტრადიციულად უფრო ადრეული წლებით ათარიღებდნენ, სახელმძღვანელო, სავარაუდოდ, 1775 წელს უნდა გამოცემულიყო. ჯადოქრებს ამ დროს უკვე ნაკლებად სდევნიდნენ, რამაც ავტორს საშუალება მისცა, საქმეში ფანტაზია მაქსიმალურად ჩაერთო. წიგნში 35-ზე მეტი გასაოცარი ნახატია: აქ ნახავთ ილუსტრაციებს, თუ როგორ ასრულებენ შელოცვებს დემონები და როგორ სანსლავენ თავიანთ კიდურებს, როცა ტანზე ცეცხლისა და გველების ენა ელამუნებათ. ერთი ილუსტრაცია გვაჩვენებს, როგორ თხრის ჯადოქარი ორმოს განძის საპოვნელად, თუმცა თავის თანამზრახველს პოულობს, რომელიც 2,7 მეტრის სიმაღლის მამლისთავიან დემონად ქცეულა. ეს ილუსტრაცია აშკარა გაფრთხილებაა იმ დროს საკმაოდ გავრცელებულ განძის ძიებაზე, რომელიც ევროპაში კარგა ხანს იყო პოპულარული.
7. ამოსაჭრელი ცოდვები; აღსარებისთვის მომზადების მარტივი გზა, კრისტოფერ ლუთერბრუვერი, 1677 წელი
ამოსაჭრელი ცოდვები, იგივე აღსარებისთვის მომზადების მარტივი გზა ფრანგი კლერიკალის მიერ 1677 წელს დაწერილი წიგნია, რომელიც ისეთი პოპულარული გახდა, რომ 1751 წელს ხელმეორედ გამოსცეს. გულმავიწყ ცოდვილთათვის წიგნი ნამდვილი მისწრებაა (ალბათ, კეთილშობილი აღმსარებლებისთვისაც, რომელთაც უფრო მრავალფეროვანი ცოდვების მონანიება სურთ), რადგან ის მე-17 საუკუნეში ცოდვად მიჩნეული ყველა შესაძლო ქმედების უზარმაზარი ნუსხაა. წიგნი თავებადაა დაყოფილი და წინ 10 მცნება აქვს წამძღვარებული. თითოეული ცოდვა იმგვარადაა დაბეჭდილი, რომ შესაძლებელია, ფურცლიდან ნაწილობრივ ამოიწიოს და ჩაიკეცოს, რაც აღმსარებელს შემდგომში სასურველი ცოდვის მარტივად პოვნაში ეხმარება.
8. საყვარელი სამშობლო, ვინისუს ლეონსიო, 2014 წელი
2014 წელს ბრაზილიელმა საგადასახადო საქმეებზე მომუშავე ადვოკატმა ვინისუს ლეონსიომ პროტესტის ნიშნად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნი გამოსცა. საყვარელი სამშობლო, რომელზეც ლენსიო 23 წელი მუშაობდა, 7,5-ტონიანი წიგნია და ირონიულად გვაჩვენებს, თუ რამდენად აღურაცხელი და ჩახლართულია ბრაზილიის საგადასახადო კანონები. ლეონსიო პირველი იყო, ვინც ქვეყნის ყველა კანონი ერთ წიგნში გააერთიანა, რაც დიდხანს სულაც არ გაგრძელებულა, რადგან ბრაზილიაში ყოველდღე დაახლოებით 35 ახალი საგადასახადო კანონი იქმნება. წიგნი 41 000 გვერდისგან შედგება და 2,1 მეტრის სისქისაა. ლეონსიომ წიგნის დამზადებაში საკუთარი ფინანსებიდან მილიონი დოლარი დახარჯა: მან ჩინეთიდან სპეციალური პრინტერი ჩამოიტანა, რომელსაც ბილბორდის პოსტერების დასაბეჭდად ხმარობენ. ლეონსიო დღეში საშუალოდ ხუთ საათს ახმარდა კანონების მოძიებას, რაშიც დაახლოებით 37 ადამიანი ეხმარებოდა. სამმა გულის შეტევამ, განქორწინებამ და ხელახალმა ქორწინებამაც კი ვერ გადაათქმევინა ლეონსიოს ჩანაფიქრი, გამოეაშკარავებინა საკუთარი "სიურრეალისტური, საშინელი" გამოცდილება მოშლილ საგადასახადო სისტემასთან მუშაობისას. "უბრალოდ მგონია, რომ რამით უნდა გამომეხატა ის წარმოუდგენელი დამცირება, რომლის ატანაც ამ ქვეყანაში გადასახადების გადახდისას გვიწევს", — ამბობს ლეონსიო.
"იმის მიუხედავად, რომ თავისი წიგნის ამბის ჩემს წიგნში მოხვედრა ძალიან ესიამოვნა და ფოტოსურათიც გამომიგზავნა, ლეონსიო მოხარულია, ეს პროექტი უკან რომ მოიტოვა და მეორე ტომის შექმნას არ გეგმავს", — წერს ჰიჩინგი.
9. მათემატიკის სახელმძღვანელო, უცნობი ავტორი, მე-17 საუკუნის დასაწყისი
ამ უჩვეულო წიგნში ხაზოვანი სქემების ნაცვლად ავტორი სხვადასხვა პოზაში დახატულ ვირთხებს იყენებს. სწორედ ასეა დასურათებული გაკვეთილები ჩახლართულ გეომეტრიული პროგრესიებსა და სამგანზომილებიანი ფიგურების მოცულობაზე.
10. ამერიკული ყველის 20 ნაჭერი, ბენ დენზერი, 2018 წელი
ამერიკელი გამომცემლის, ბენ დენზერის ამ წიგნის სულ 10 ეგზემპლარი არსებობს და ყველა მართლაც ისეთია, რასაც სახელწოდება გეუბნებათ — ყველისგანაა დამზადებული. 24-ნაჭრიანი მდნარი ყველის შეკვრა დაახლოებით 3 დოლარი და 50 ცენტი ღირს, 20 ნაჭრისგან შემდგარი ეს წიგნები კი 200 დოლარად გაიყიდა. მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარი, ემილი ენ ბაკლერი ბიბლიოთეკაში შენახულ ეგზემპლარზე ამბობს, რომ ის "ხანგრძლივი შენახვისთვის ვარგისიანია", თუმცა, ნამდვილად არ იცის, მაინც რამდენ ხანს გაძლებს უვნებელი.
კომენტარები