ოკეანის ფსკერზე ახალი ცოცხალი ორგანიზმი — უცნაური ჟელესმაგვარი არსება აღმოაჩინეს
ოკეანის ფსკერზე გადაღებული მაღალი ხარისხის ვიდეოზე დაკვირვებით, მეცნიერებმა ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციიდან (NOAA) აღმოაჩინეს სავარცხლურების ახალი სახეობა, რომელიც აქამდე არასდროს შეუმჩნევიათ.
ფოტოზე ასახული ქმნილება Duobrachium sparksae — უცნაური ჟელესმაგვარი არსებაა სავარცხლურების კლასიდან, რომელსაც პუერტო რიკოს სანაპიროებთან ყვინთვის დროს სრულიად შემთხვევით გადააწყდნენ შორიდან მართვადი ხელსაწყოს (ROV) საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ ეს სახეობა წელს არ აღმოუჩენიათ. პირველად იგი 2015 წელს შეამჩნიეს, მაგრამ იმის გამოცხადება, რომ სრულიად ახალი სახეობის ცოცხალი ორგანიზმი აღმოაჩინეს, მხოლოდ ვიდეომტკიცებულების საფუძველზე მარტივი საქმე არ არის და როგორც წესი, ამისთვის ფიზიკური ნიმუშიც საჭიროა ხოლმე.
საბედნიეროდ, ღრმა წყლის საკვლევმა კამერებმა შეძლეს ამ 1 მილიმეტრზე ნაკლები სიგრძის ორგანიზმების სხეულზე ისეთი ნატიფი და ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალების დაფიქსირება, რომლებიც მათი დიფერენცირებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
მკვლევრების განცხადებით, Duobrachium sparksae-ს შემდგომი ანალიზი, რომელიც უკვე დეტალურადაა აღწერილი კვლევაში, აჩვენებს, რომ მისი გარჩევა სავარცხლურების სხვა სახეობებისგან საკმაოდ ადვილია.
"იგი უნიკალური ორგანიზმია. ამ სახეობის მთელი ნიშან-თვისებების აღწერა მხოლოდ მაღალი ხარისხის ვიდეოს საფუძველზე მოვახერხეთ", — ამბობს NOAA-ს ზღვის ბიოლოგი ალენ კოლინსი. "ჩვენი კამერები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მათ ისე დავაკვირდეთ, როგორც ლაბორატორიულ პირობებში მიკროსკოპის საშუალებით შევძლებდით ამას, თუმცა, აღნიშნული ვიდეოები საკმარის ინფორმაციას გვაწვდის იმისთვის, რომ დეტალურად შევისწავლოთ ამ სავარცხლურების მორფოლოგია, მაგალითად, მათი რეპროდუქციული ორგანოების ადგილმდებარეობა და სხვა მრავალი ასპექტი", — დასძინა მან.
D. sparksae-ს ყველაზე საყურადღებო ნიშანი მისი ჰელიუმის ბუშტისმაგვარი სხეული და ორი საცეცია.
ROV-ის მიერ ჯამში სამი სხვადასხვა ინდივიდი იქნა შემჩნეული. მათი დაფიქსირება მოხდა 3900 მეტრ სიღრმეზე. ერთ-ერთ D. sparksae-ზე დაკვირვებით კი აღმოჩნდა, რომ ისინი საცეცებს, შესაძლოა, ოკეანის ფსკერზე მისამაგრებლად იყენებდნენ.
"ეს ძალიან ლამაზი და განსაკუთრებული ორგანიზმია", — ამბობს ოკეანოგრაფი მაიკ ფორდი. "მისი მოძრაობა ცხელი ჰაერის ბუშტს მოგაგონებდათ, რომელიც ოკეანის ფსკერზეა მიმაგრებული ორი თოკით, რომელთა საშუალებით ის გარკვეულ სიმაღლეს ინარჩუნებს. ჯერჯერობით, არ ვართ დარწმუნებულნი იმაში, მართლაც მიმაგრების მიზნით იყენებენ თუ არა ეს სახეობები საცეცებს. ვიდეოში, როგორც ასეთი, პირდაპირ ფსკერზე მიმაგრება არ ჩანს, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცით, რომ ისინი საცეცებით ფსკერს ეხებიან", — განმარტავს იგი.
შესაძლოა, სხვა ინდივიდები სულაც არ ეხებოდნენ ფსკერს, თუმცა სამივე მათგანი ქვემოდან მაქსიმუმ 2 მეტრის სიმაღლეზე იქნა შემჩნეული არესიბოს ამფითეატრში, რომელიც წყლის ქვეშ, გუახატაკას კანიონშია განთავსებული.
იქიდან გამომდინარე, რომ სავარცხლურებისთვის ოკეანის ექსტრემალურად ღრმა ადგილები ბუნებრივ ჰაბიტატს წარმოადგენს, ამ იდუმალებით მოცული არსებების შემჩნევა არც ისე ხშირ შემთხვევას წარმოადგენს, რომ არაფერი ვთქვათ ახალი სახეობების აღმოჩენაზე.
სავარცხლურები, ზოგადად, ოკეანის ასეთ ღრმა არეებში არ ბინადრობენ, მაგრამ ეს ექსტრემალური სიღრმე მათი ბუნებრივი ჰაბიტატისა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მისტიკურ არსებებს ხშირად არ გადავაწყდებით.
სავარცხლურებს სხვადასხვა სახელით მოიხსნიებენ. ზოგიერთი მათგანი სასაცილოდაც ჟღერს. ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს სავარცხლისებური ჟელეები წარმოადგენს. მათ ასევე ზღვის ხურტკმელებს, ზღვის წაბლებსა და ვენერას სარტყლებსაც ეძახიან.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარეგნულად მედუზებს მოგვაგონებენ, ამ სახეობებს შორის ნათესაური კავშირი არაა. სავარცხლურები, რომლებიც ხორცისმჭამელებს მიეკუთვნებიან, პატარა ფეხსახსრიანებითა და სხვადასხვა ტიპის ლავრებით იკვებებიან.
ამ დრომდე მათი 200-მდე სახეობაა აღწერილი. ახალი სახეობების აღმოჩენა, საშუალოდ, ყოველწლიურად ხდება და ამ აღმოჩენების უმეტესობის საფუძველს, სწორედ, მაღალი ხარისხის ვიდეოები წარმოადგენს, ვინაიდან ფიზიკურად, ამ სიღრმეზე ნიმუშების შეგროვება საკმაოდ რთულ საქმეა.
"ახალი სახეობის აღწერა ჩვენთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენს, რადგან ტაქსონომია დაფუძნებულია ფიზიკური ნიმუშების შესწავლაზე, ეს ნიმუშები კი მუზეუმებში ინახება და ხდება მათი შედარება სხვა სახეობებთან", — განმარტავენ მკვლევრები ნაშრომში. "თუმცა ფოტოგრაფიული მასალის გამოყენება ახალი სახეობის აღსაწერად უკანასკნელ ათწლეულში უკვე დამაკმაყოფილებელი გახდა", — წერენ ისინი.
საბედნიეროდ, მაღალი ხარისხის ვიდეოს საშუალებით, რომელიც გუნდმა D. sparksae სახეობის სამ წარმომადგენელს გადაუღო, მკლევრებისთვის ახალი სახეობის აღწერას მათ მიმართ წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.
თუმცა, გუნდი იმედოვნებს, რომ ისინი მომავალში შეძლებენ ფიზიკური ნიმუშების შეგროვებას ანალიზისთვის, ამას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს, ვინაიდან მათი მოხელთება და შემდეგ შენახვა დიდ სირთულეს წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, D. sparksae-სთვის ეს უკეთესიცაა, რადგან ამ ჟელესმაგვარი არსების ამოყვანა მაღლა, ზღვის დონეზე. როდესაც იგი ოკეანეში დაახლოებით 4 კილომეტრის სიღრმეზე ცხოვრებასაა მიჩვეული, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სასიამოვნო იქნება.
"იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამისთვის საჭირო აღჭურვილობა გვექნება, ფიზიკური ნიმუშების მოპოვება მაინც დიდი გამოწვევა იქნება ჩვენთვის, ვინაიდან მათი დამუშავება ძალიან მცირე დროში უნდა მოხდეს, რადგან ჟელესმაგვარი არსების შენახვა ისეთ მდგომარეობაში, რომ კვლევისთვის გამოსადეგი იყოს, საკმაოდ რთულია. ამ მხრივ, სავარცხლურები მედუზებზე უარესები არიან", — ამბობს კოლინსი.
კომენტარები