1981 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ავადობისა და სიკვდილიანობის ყოველკვირეულ ანგარიშში (MMWR) სტატია — პნევმოცისტური პნევმონია - ლოს ანჯელესი გამოაქვეყნა. სტატია მოგვითხრობს ფილტვის იშვიათი ინფექციის შესახებ, რომელიც ხუთ ახალგაზრდა, თეთრკანიან, წარსულში ჯანმრთელ ჰომოსექსუალ მამაკაცს დაუდგინდა. ლოს ანჯელესის იმუნოლოგებმა ახალგაზრდების ორგანიზმში სხვა უჩვეულო ინფექციებსაც მიაკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ მათი იმუნური სისტემაც არ ფუნქციონირებდა. დაავადებულთაგან ორი ანგარიშის გამოქვეყნებამდე დაიღუპა, დანარჩენები — ოდნავ მოგვიანებით. სწორედ MMWR აღმოჩნდა გამოცემა, რომელმაც პირველმა აღწერა შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი).

აივ ინფექცია და მისი ბოლო სტადია — შიდსი გლობალურ ეპიდემიად გარდაიქმნა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღეს ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიანდებიან, რათა მხარი დაუჭირონ აივ ინფიცირებულებს და პატივი მიაგონ შიდსით დაღუპულთა ხსოვნას. წელს, როცა მსოფლიო კიდევ ერთი უმძიმესი პანდემიის წინაშეა, მთავარ გზავნილს "გლობალური სოლიდარობა, საერთო პასუხისმგებლობა" წარმოადგენს. ამ დღეს, უკვე წლებია, საქართველოც უერთდება. წელს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქტიურ კამპანიას გეგმავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში, სლოგანით — "შიდსი - ესეც პანდემიაა".

რა ვითარებაა მსოფლიოსა და საქართველოში და როგორ მიმდინარეობს შიდსის მართვის პროგრამები — ამ საკითხებზე ნინო ხეთაგური, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობის საქართველოს პროგრამის მენეჯერი გვესაუბრა.

ნინო ხეთაგური, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობის საქართველოს პროგრამის მენეჯერი

ფოტო: შიდსის ჯანდაცვის ფონდი

ნინო ხეთაგური აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში, სიკვდილიანობის მიზეზი დაავადების დაგვიანებული გამოვლენა და მკურნალობაა. საწყის ეტაპზე, ინფიცირებულს დაავადების კლინიკური ნიშნები საერთოდ არ აღენიშნება და ხშირად, არც კი იცის, რომ ვირუსის მატარებელია. ეს კი, თავისთავად, ხელს უწყობს დაავადების უნებლიე გავრცელებას. ამასთან, დროთა განმავლობაში, ინფიცირებულის მდგომარეობა უარესდება და მას შემდეგ, რაც კლინიკური ნიშნები გამოვლინდება, მკურნალობა ისეთი ეფექტური არ არის, როგორც ადრეულ სტადიაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა მნიშვნელოვნად განვითარდა და არაერთი მეცნიერი მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის დასამარცხებლად მუშაობს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შეუძლებელია აივ ინფექცია/შიდსისგან განკურნება. შესაბამისად, დაავადების პრევენციას და ადრეულ გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს არსებული მედიკამენტების საშუალებით, აივ ინფექცია/შიდსი უკვე მართვადი ქრონიკული დაავადებაა. დროულად აღმოჩენის და მკურნალობის დაწყების შემთხვევაში, შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება და ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება. მკურნალობის შემთხვევაში, აივ დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხარისხი ისეთივეა, როგორც ჯანმრთელის", — ამბობს ნინო ხეთაგური.

მისი თქმით, დაავადების პრევენციის უალტერნატივო გზა ტესტირებაა. "სწრაფი, მარტივი, ანონიმური და რაც მთავარია, უფასო ტესტირების ჩატარებისას, 15 წუთში უკვე იცი შენი აივ სტატუსი. ამით ეხმარები შენ თავსაც და ხელს უწყობ დაავადების შეჩერებას".

როგორ მიმდინარეობს შიდსის მართვა საქართველოში?

ფოტო: შიდსის ჯანდაცვის ფონდი

ფოტო: შიდსის ჯანდაცვის ფონდი

საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკა აივ/შიდსთან მიმართებაში განისაზღვრება ქვეყნის ეროვნული სტრატეგიული გეგმით, რომელსაც განიხილავს და ამტკიცებს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო. მისი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია უზრუნველყოს საქართველოში სახელმწიფოს და დონორების დახმარებით მიმდინარე აივ ინფექციის/შიდსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა კოორდინირება სახელმწიფო დონეზე. ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა მრავალფეროვანია და მოიცავს სამთავრობო, საერთაშორისო, არასამთავრობო, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლობას.

"ჩვენს ქვეყანაში შიდსის დასამარცხებლად მუშაობა 1984 წელს შიდსის ცენტრმა დაიწყო. 2004 წლიდან კი, უკვე ფართომასშტაბიანი და უფასო აივ მკურნალობის პროგრამა ხორციელდება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობის მხრივ ქვეყანას 2004 წლიდან მიღწეული აქვს უნივერსალური ხელმისაწვდომობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება მკურნალობა, იღებს ამ დახმარებას. ამ მხრივ, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლიდერია. საქართველოს მოქალაქეებისთვის შიდსის ტესტირება, დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულად კონფიდენციალური და უფასოა", — ამბობს ნინო.

მიუხედავად იმისა, რომ შიდსთან ბრძოლის პოლიტიკას სახელმწიფო წარმართავს, ეს მხოლოდ ერთი რომელიმე სტრუქტურის ვალდებულება არ არის. ნინო ხეთაგური ამბობს, რომ ეს ერთიანი ძალისხმევაა, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტიან თანამშრომლობას. "ერთიანობა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია შიდსთან ბრძოლის საქმეში."

შიდსის ჯანდაცვის ფონდმა (AHF) საქართველოში 2018 წელს დაიწყო მოღვაწეობა. ის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სათავო ოფისი აშშ-შია და 40-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ფონდი აივ/შიდსის მკურნალობის უმსხვილესი დამფინანსებელია აშშ-ში. AHF საქართველო ევროპის ბიუროს ეკუთვნის და საქართველოში მთავარი პრიორიტეტი აივ ტესტირება, პრევენციის მიზნით კონდომების უფასო მიწოდება და რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე განათლებაა, რაც ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ გამოვლენას და, შესაბამისად, მეტი სიცოცხლის გადარჩენას.

შიდსი — ესეც პანდემიაა

კოვიდ 19-ის პანდემიამ ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიო და რა თქმა უნდა, საქართველოც. არაერთი სექტორი მძიმე პირობებში აღმოჩნდა. ნათლად გამოჩნდა თუ რამდენად დიდ კავშირშია საზოგადოებრივი ჯანდაცვა საზოგადოების კეთილდღეობასთან. ნებისმიერი პანდემიის, განსაკუთრებით კი, შიდსის დასამარცხებლად ერთიანობა და პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღეისათვის, საქართველოში ინფიცირებულთა დაახლოებით 35%-მა არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია

ნინო ხეთაგური, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობის საქართველოს პროგრამის მენეჯერი

ნინო ხეთაგური გვიყვება, რომ გაზაფხულზე, ე.წ ფართომასშტაბიანი "ლოქდაუნის" პერიოდში, გარკვეული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა შიდსის პროგრამის სრულყოფილი განხორციელება, თუმცა, მისი თქმით, ეს გამოწვევა სახელმწიფომ დაძლია და დღეს პროგრამის განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

"ჩვენ ქვეყანაში ყოველთვის პრობლემატური იყო აივ-ზე ტესტირების და გამოკვლევის საკითხი. შესაბამისად, კორონავირუსის პანდემია სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა ამ კუთხით. ფაქტობრივად, დღეისათვის, საქართველოში ინფიცირებულთა დაახლოებით 35%-მა არ იცის რომ ვირუსის მატარებელია. ჩვენი მიზანია, პერმანენტული ტესტირების გზით, აივ ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა და მათი დროული მიმართვა შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი მძიმე დაავადება, როგორიცაა შიდსი", — ამბობს ნინო.

ამ მიზნით, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქტიურ კამპანიას "შიდსი - ესეც პანდემიაა" ატარებს. კამპანიის ფარგლებში ჩატარდება როგორც უფასო და ანონიმური ტესტირება ნებისმიერი მსურველისთვის, ასევე შიდსთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები თუ ვებინარები.

ცნობიერების ამაღლება — შიდსის ეპიდემიის დასრულების გზა

ფოტო: შიდსის ჯანდაცვის ფონდი

ნინო ხეთაგური გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არიან ჩართული, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. "მიუხედავად იმისა, რომ ათობით წელი გავიდა და გარკვეული წინსვლა აღინიშნება, ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. დიდია სტიგმა და ინფიცირებული ადამიანების დისკრიმინაცია, რაც თავისთავად ქმნის ბარიერს დროული გამოვლენისთვის", — აღნიშნავს ის.

მისი თქმით, ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პრევენციასთან ერთად, სტიგმასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. "ჩვენც, სახელმწიფო დაწესებულებები, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მუდმივად ვატარებთ შეხვედრებს, ვებინარებს, სემინარებს, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოების მხრიდან აქტიურობა საკმაოდ დაბალია. ეს მარტო საქართველოში არ ხდება, მსოფლიოს მასშტაბით ასეთი მდგომარეობაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად სტიგმატირებულები არიან აივ ინფიცირებული ადამიანები, ჯერ კიდევ რამდენად დიდია მათი დისკრიმინაცია", — ამბობს ნინო.

საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია დაავადებაზე, რაც დაავადებულებზე არასწორ შეხედულებას განაპირობებს. შესაბამისად ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ამ მიმართულებით აქტიურად უნდა ვიმუშაოთ

ნინო ხეთაგური, AHF საქართველოს ხელმძღვანელი

ნინო ფიქრობს, რომ აივ/შიდსის შესახებ ინფორმაციას რაც უფრო ადრეული ასაკიდან მივაწვდით ადამიანებს, მით უფრო ადრეული პერიოდიდან გაფრთხილდებიან, ისწავლიან ზრუნვას, სოლიდარობას და პასუხისმგებლობას.

სტიგმა ჯერ კიდევ ძალიან დიდია, საზოგადოების მიმღებლობა კი — დაბალი. საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ შიდსი განაჩენი არ არის, შიდსით დაავადებულები დამნაშავეები არ არიან და რომ შიდსი ნებისმიერ ჩვენთაგანს შეიძლება შეეხოს. შიდსი მეგობრობით არ გადადის, არ გადადის ჩახუტებით, ხელი ჩამორთმევით, მოფერებით, კოცნით. ამიტომ, გძულდეთ დაავადება და არა დაავადებულები

ნინო ხეთაგური, AHF საქართველოს ხელმძღვანელი.

რა იქნება მომავალში?

2015 წელს მსოფლიომ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემია დასრულდება და ამისთვის ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) აივ-ტესტირების სწრაფი, მარტივი მეთოდით ჩატარების კუთხით თანამშრომლობს. ნინო ხეთაგურის თქმით, ამ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა ტესტირება პირველადი ჯანდაცვის რგოლში, რამაც დიდი როლი ითამაშა სახელმწიფოს მიერ ინტეგრირებული სერვისების დანერგვაში, რაც ერთდროულად აივ/ტუბერკულოზი/ჰეპატიტის ტესტირებას გულისხმობს.

ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ მივაღწიოთ მიზანს და შევაჩეროთ შიდსის გავრცელება საქართველოში. ცნობიერების ამაღლება, პერმანენტული ტესტირება, დროული გამოვლენა და მკურნალობა, ეს არის მიზნის მიღწევის გზები.

ნინო ხეთაგური, AHF საქართველოს ხელმძღვანელი.

გარდა AHF საქართველოს ტესტირების ცენტრისა, ფონდის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს აივ ტესტირება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში, მათ შორის პენიტენციალური სისტემის დაწესებულებებში. აივ-ის დროული გამოვლენისა და მკურნალობის მიზნით აივ/შიდსის პრევენცია წარმატებით ხორციელდება 10 საპატიმროში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების მეშვეობით, საინფორმაციო მასალების (აივ/სგგი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა) და უფასო კონდომების გავრცელებით.

"ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით და თანადგომით სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება და მედია, რომელსაც უდიდესი როლი აქვს სწორი ინფორმაციის გავრცელებაში, შევძლებთ შევაჩეროთ შიდსის გავრცელება საქართველოში და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო პანდემიის დამარცხებაში", — ამბობს ნინო ხეთაგური.


შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აშშ-ში აივ/შიდსის მკურნალობის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია. ფონდის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, კერძოდ, ლოს ანჯელესში. ორგანიზაციის წარმომადგენლობები განთავსებულია მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, ევროპის და აზიის ქვეყნებში. ფონდის ბენეფიციარია 43 ქვეყნის 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი.

AHF ახორციელებს პროგრამებს აშშ-სა და მის საზღვრებს გარეთ. ფონდი ხელს უწყობს აივ/შიდსის ჯანდაცვის მომსახურების გაფართოებას მეტი სიცოცხლის გადასარჩენად.