მისტიკური ობელისკი გაქრა — ოფიციალურ პირებს პასუხები არ აქვთ
გასულ კვირას, მსოფლიოს ყურადღება იუტას შტატში მდებარე უდაბნოში, შემთხვევით აღმოჩენილმა ობელისკმა მიიპყრო. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ობელისკი სტენლი კუბრიკის "კოსმოსური ოდისეით" შთაგონებულმა არტისტმა განათავსა უდაბნოში, ნაწილი კი ამ მოვლენას უცხოპლანეტური ცივილიზაციის ნიშნად თვლიდა.
უკანასკნელი ცნობებით, იუტას შტატის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ობელისკი გაქრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ბედი ეწია მას.
"მივიღეთ სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკანონოდ განთავსებული კონსტრუქცია, რომელსაც "მონოლითად" მოვიხსენიებთ, სახელმწიფო მიწიდან ჩვენთვის უცნობმა მხარემ აიღო", — ნათქვამია იუტას შტატის მიწის მენეჯმენტის ბიუროს (BLM) ოფიციალურ განცხადებაში. "BLM-ს არ აუღია კონსტრუქცია, რომელიც კერძო საკუთრებად მიიჩნევა", — დასძენენ ისინი.
შეგახსენებთ, რომ იუტას შტატში მისტკიური ობელისკი ვერტმფრენით გადაფრენისას შეამჩნიეს. ამის შემდეგ, ფაქტზე გამოძიება დაიწყო, კონსტრუქციას კი უკანონოდ განთავსებული უწოდეს, მიუხედავად იმისა, ვინ განათავსა ის უდაბნოში. "ავტორიზაციის გარეშე, საჯარო ადგილებში რაიმე სტრუქტურის დამონტაჟება არალეგალურია ყველსთავის, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პლანეტიდან ხარ", — ამბობდნენ ოფიციალური წარმომადგენლები.
სხვადასხვა სამთავრობო ორგანო თუ მედია, მათ შორის, New York Times, მიიჩნევდნენ, რომ ეს ობელისკი უდაბნოში რომელიმე არტისტის ხელით მოხვდა, ან რომელიმე ფილმის გადაღებისას დარჩათ იქ. შუა კვირაში კი, Google Earth-ის დახმარებით დაადგინეს, რომ კონსტრუქცია იუტას უდაბნოში 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის ოქტომბრამდე პერიოდში უკვე იყო განთავსებული.
"ნათელია, რომ ვიღაცამ დრო დახარჯა იმისთვის, რომ ბეტონის მჭრელის, ან მსგავსი ხელსაწყოს გამყენებით, ძალიან დიდი სიზუსტით გათხარა სწორედ ამ ობიექტის ფორმის ორმო და ობელისკი მყარად და გამართულად დაამონტაჟა. გზიდან ამხელა მანძილზე 4 მეტრი სიმაღლის ობელისკის შემოტანა, ქვის გაჭრა და მეტალის დამონტაჟება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, ამ ყველაფრის გაკეთება კი ასეთ შორეულ ადგილას ძალიან უცნაურად მეჩვენება", — აცხადებდა გასულ კვირას, იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი.
ზედა კომენტარს თუ დავეყრდნობით, კონსტრუქციის უდაბნოში მოთავსება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. 4 მეტრის სიგრძის მეტალის მასიური ობელისკის გზიდან საათნახევრის სავალზე შემოტანა, უდაბნოში ქვის ზუსტად ობელისკის ზომაზე ამოჭრა და მისი დამონტაჟება მართლაც რთული სამუშაოა. რომ არაფერი ვთქვათ ყველასთვის შეუმჩნეველ დემონტაჟზე. მით უფრო მაშინ, როცა ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, მსოფლიოსა თუ შესაბამისი ორგანოების ყურადღება კი სწორედ ამ ობელისკზეა მიპყრობილი.
"ვიღაცამ დრო იხელთა და გამოიყენა ისეთი ხელსაწყო, როგორიცაა ბეტონის მჭრელი და სხვა ინსტრუმენტები, იმისათვის, რომ ქვაში ჩასმული ობელისკი თითქმის ზუსტ ფორმაში ამოეტანა იქიდან. ეს უცნაურია. ახლოს გზა არის, თუმცა იმ გზიდან ობელისკამდე შესაბამისი ინსტრუმენტების მოტანა, შემდეგ ადგილზე ქვის გაჭრა, მეტალის ამოთხრა, რომელიც 4 მეტრზე მაღალია და მისი წაღება — ამ ყველაფრის გაკეთება ასეთ გზისგან მოშორებულ ადგილას, ძალიან საინტერესოა", — აცხადებს იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი New York Times-თან.
მეტი მსგავსი სიახლისთვის, გამოგვყევით ყველაზე მეცნიერულ Instagram-ზე – @Next.in.science
კომენტარები