ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ხუთშაბათს მშობლების გვერდით დაკრძალეს. მცირე ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.

თუმცა მანამდე გამოსამშვიდობებელმა ცერემონიამ ხმაურისა და პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. როგორც სხვადასხვა გამოცემა წერს, პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც გამოიყენა.

მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამან დააღონა ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარი, მაგრამ განსაკუთრებით ეს არგენტინაში იგრძნობოდა, სადაც მარადონა ეროვნულ გმირად არის ქცეული. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დაკრძალვამდე არგენტინის დროშაში გახვეული კუბო რამდენიმე საათით პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს, რათა მოქალაქეებს საყვარელ ფეხბურთელთან გამომშვიდობება შესძლებოდათ. სასახლესთან კილომეტრიანი რიგი დადგა. გულშემატკივრებს არგენტინის ნაკრების ფორმები ეცვათ და რიგში ყოფნისას ჰიმნს მღეროდნენ.

თუმცა დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ცერემონიის დასრულებამდე ორი საათით ადრე სასახლის შესასვლელის გადაკეტვა დაიწყო. Associated Press-ის ინფორმაციით, ამან გულშემატკივრების გაბრაზება გამოიწვია. იქ შეკრებილები ცდილობდნენ ღობეზე გადაძრომას, ისროდნენ ბოთლებსა და ქვებს. საბოლოოდ, პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AFP

არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს და კიდევ რამდენიმე პირი დაშავდა. ამის გამო მარადონას ოჯახმა გამოსამშვიდობებელი ცერემონია შეწყვიტა.

"დიეგო არ მომკვდარა, დიეგო ხალხში ცხოვრობს", — სკანდირებდნენ მოქალაქეები, როცა მარადონას სხეული სასაფლაოზე გადაჰქონდათ. ხალხის მასა არ წყდებოდა გზებზეც.

სასაფლაოს შესასვლელთან ისევ ასობით გულშემატკივარი იყო შეკრებილი. ისინი პოლიციამ დაშალა.

ფოტო: AFP

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს საკმაოდ რთული პირადი ცხოვრება ჰქონდა, რაც ალოკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასაც მოიცავდა. ნოემბერში დიეგო მარადონას თავის ტვინში თრომბის ამოკვეთის წარმატებული ოპერაცია ჩაუტარეს, რის შემდეგაც მას რეაბილიტაცია უნდა გაევლო.

ფეხბურთელი და არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თავის სახლში, ბუენოს-აირესში გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მარადონა გარდაცვალების შესახებ საჯაროდაც გახდა ცნობილი, საღამოს ათ საათზე (დრო მისი მაისურის ნომრის შესაბამისად აირჩა) არგენტინის მასშტაბით ყველა სტადიონზე შუქები აანთეს და ფეხბურთელს პატივი მიაგეს.

მარადონა არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო, როცა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო თავისი ცნობილი, "ღმერთის ხელის" გოლით. ინგლისის ნაკრების კარში გოლის გასატანად, მარადონამ ბურთს ხელი "მიახმარა", თუმცა არბიტრმა ეს ვერ შეამჩნია. დღემდე აღნიშნული გოლი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სადაო მომენტია.