რა ხდებოდა Touch Digital Summit-ზე — ნაწილი I
სტარტაპერებისთვის, ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის თუ უბრალოდ, ტექნოლოგიური ინდუსტრიის ენთუზიასტებისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Digital Summit მიმდინარეობს. ღონისძიებამ სტარტი 20 ნოემბერს აიღო და 29 ნოემბრამდე გაგრძელდება. მისი მხარდამჭერი კი საქართველოს ბანკია.
კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 100-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. წელს Touch, პანდემიის გამო, ონლაინ იმართება და სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი პლატფორმის „მთავარ სცენაზე“ ერთმანეთს ცვლიან Facebook-ის, Google-ისა თუ Tesla-ს პარტნიორები. აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ და მეტიც, პლატფორმის საშუალებით პირადად ეკონტაქტოთ სპიკერს, რომელიც თქვენთვის საინტერესო თემაზე საუბრობს. აქ ტარდება სემინარები, მასტერკლასები თუ ვორქშოპები ისეთ თემებზე, როგორიცაა უახლოესი ტექნოლოგიური ტენდენციები, პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისთვის, გლობალური პროდუქტების შექმნა, ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს სამყაროში, მომხმარებლის გამოცდილება და ბევრი სხვა.
დაგვეთანხმებით, რომ მსგავს ღონისძიებაზე დასწრება, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, შეიძლება, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იყოს. ეს შესაძლებლობა NEXT.On.ge-ის გუნდმაც გამოვიყენეთ და დღეს, როგორც ღონისძიების მედიაპარტნიორები, მოგიყვებით მასზე განხილული იმ თემების შესახებ, რომლებმაც ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო. უფრო ზუსტად კი, მოგიყვებით, რა ხდებოდა თაჩზე 21-22 ნოემბერს და რა მოხდება შემდეგ შაბათ-კვირას.
პირველი მომხსენებელი, რომელმაც ჩვენი ყურადღება დაისაკუთრა ემილ ასმუსენი იყო. ის კრეატიული სააგენტო Virtue-ს კრეატიული დირექტორია. მისი მოხსენების თემა იყო — Technology, please meet humanity.
მომხსენებელი შეეხო ადამიანების და ტექნოლოგიების უერთიერთობას. მისი თქმით, ტექნოლოგიების გამოყენებით სამყაროს დადებითად შეცვლა ყველას შეუძლია. ამის შემდეგ, მან ორ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა, რომელზეც თავის კომპანიასთან ერთად მუშაობს.
გამომსვლელი შეეცადა უშუალოდ თავისი გამოცდილება გაეზიარებინა და ამით კიდევ ერთხელ ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ ტექნოლოგიებს ბევრი კარგის მოტანა შეუძლია. პირველი პროექტი რაზეც მას ისაუბრა, იყო Meet Q - ციფრული ასისტენტი გენდერის გარეშე.
მართლაც, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მკვეთრად კონკრეტულ გენდერთან თავს არ აკავშირებენ. ამის ფონზე, მათთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს, ის ციფრული არსება, რომელსაც გამორჩეული გენდერი არ გააჩნია. ემილმა ისიც აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებს გენდერი არ გააჩნიათ და უფრო ბუნებრივიცაა თუ ასეთი ციფრული ასისტენტებიც იარსებებს.
Tear down the walls იყო მეორე პროექტი, რაზეც მომხსენებლმა ისაუბრა. თემა ეხებოდა "კედლის" უარყოფით მხარეს და იმას თუ რამდენად აშორებს ის ადამიანებს ერთმანეთისგან. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენებით "კედლების" დანგრევა და არა აშენება.
არანაკლებ საინტერესო იყო შემდეგი მომხსენებლი — კრისტინა კორნილოვა ლატვიიდან, კომპანია Printful-ის კომუნიკაციების მენეჯერი. მისი თემა - Fashion Reimagined - ეხებოდა მოდას.
მან აღნიშნა, რომ მოდის ინდუსტრია ჩვენი პლანეტის რესურსებს გიგანტურ ტვირთად აწევს. თუმცა, ამის პარალელურად, სულ უფრო ხშირად ვხვდებით კომპანიებს, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში არიან, მაგრამ გარემოსაც უფრთხილდებიან.
ის, რომ გარემოს უნდა მოვუფრთხილდეთ, შეიძლება ყველამ ვიცით, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში ამას მაინც ვივიწყებთ. ამ მხირვ საჭიროა პრინციპულობა. სწორედ ასეთი პრინციპულობის კარგი მაგალითია, კრისტინას კომპანია Printful.
Printful აწარმოებს ტანსაცმელს, მაგრამ ზრუნავს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ეკო-მეგობრულად მოხდეს. მომხსენებელმა კლიმატის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დროა ზოგადად ეკო-მეგობრულ მოხმარებაზე გადავიდეთ.
ჩვენი ყურადღება მიიქცია — კოსტას კოუკორავასმა, რომელიც კომპანია Intelistyle-ის დამფუძნებელია. მან მოდის თემა განავრცო და პანდემიის მიერ გამოწვეულ კრიზისზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსოფლიო ეკონომიკა კრიზისშია, შესაბამისად, მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ეკონომიკის გადასარჩენად ახალი გზების ძიებაა საჭირო. კოსტასმა მოდის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
Intelistyle იყენებეს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც მომხმარებლის სტილს, გარეგნობას და გემოვნებას სწავლობს. შედეგად, ხელოვნური ინტელექტი აგენერირებს მიღებულ ინფორმაციას და ადამიანს უშუალოდ მასზე მორგებულ პროდუქტს სთავაზობს.
მართლაც, პანდემიის და გლობალური ჩაკეტვების ფონზე, ასეთი ციფრული ასისტენი ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ამის გარდა, გამომსვლელებმა ისაუბრეს გლობალური მასშტაბის ტექნოლოგიების შექმნაზე და მათი მუშაობის პრინციპებზე. კონფერენციის პირველი ბლოკის ბოლო გამომსვლელი რიკარდო ფრანჩესკი იყო. მან ტიპოგრაფიის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი როლი უდიდესია თანამედროვე ციფრულ სამყაროში.
გამოსვლების პირველი ბლოკის დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო. გამომსვლელები მსმენლის შეკითხვებს პასუხობდნენ. შეკითხვები კი შეეხო იმას თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს ყოველდღიურობაში. ასევე, ბევრი საინტერესო შეკითხვა იყო ტექნოლოგიებზე და მის როლზე თანამედროვე სამყაროში.
შემდეგი გამომსვლელი, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ნოდარ ივანიძეა. ეს ქართველი სპიკერი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოღვაწეობის 10 წელს ითვლის. Touch-ზე ის კომპანია WiFisher-ს წარმოადგენდა, მისი სასაუბრო თემა კი გაყიდვებში უახლეს ტექნოლოგიურ ტრენდებს შეეხებოდა. მისი სასაუბრო თემა შეეხო როგორც ონლაინ გაყიდვებს, ასევე არაელექტრონულ კომერციასაც, რომელიც, მისი თქმით, ამ ეტაპზე, ვაჭრობის 95%-ს შეადგენს.
ნოდარი ხაზს უსვამდა იმას, რომ ტექნოლოგიური ტრენდებისა და შესაძლებლობების ცოდნა თანაბრადაა აუცილებელი როგორც ელექტრონული კომერციის მიმართულებით მომუშავე კომპანიებისთვის, ასევე, იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც ვაჭრობის ტრადიციულ, ფიზიკურ გამოცდილებას გვთავაზობენ. სპიკერი იმასაც აღნიშნავდა, რომ პანდემიის პერიოდში, ელექტრონული კომერცია უფრო გაიზარდა და ტრადიციული ვაჭრობისთვის დამახასიათებელი უპირატესობებიც აითვისა. მაგალითად, სხვადასხვა პლატფორმაში ინტეგრირდა გაფართოებული რეალობის ტექნოლოგია, რომელიც ტანსაცმლის "მოზომვის", ან იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს, ვნახოთ, მოუხდება თუ არა ესა თუ ის ავეჯი ჩვენს სივრცეს. მიუხედავად ამ შესაძლებლობებისა, ტრადიციული შოპინგი თავის აქტუალურობას არ თმობს, შესაბამისად, სხვადასხვა დაწესებულებას, მეტი ეფექტიანობის მისაღწევად, საკუთარ სივრცეებში ამა თუ ტექნოლოგიის ინტეგრირება უწევს. ნოდარ ივანიძის თქმით, ასეთი მოლები საქართველოშიც არსებობს და ერთ-ერთი ასეთი მაგალითია "ისთ-ფოინთი", სადაც მომხმარებლის ნაკადების აღრიცხვა სპეციალური სისტემებით ხერხდება.
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ შთამბეჭდავი იყო ადამ სილვიენის გამოსვლა, რომელიც Sylvian Labs-ს წარმოადგენდა. გამოსვლის თემა კოლექტიურ ტრავმას ეხებოდა, რომლის ქვეშაც ადამიანთა ჯგუფები ომების, სტიქიური უბედურებისა თუ პანდემიების დროს ვექცევით ხოლმე. როგორ უნდა გავუმკლავდეთ კოლექტიურ ტრავმას და რა როლი უნდა ითამაშონ ამაში ბრენდებმა. როგორია ბრენდების მომავალი კოლექტიური ტრავმის პირობებში? ეს ის კითხვებია, რომლებიც სპიკერმა გასცა და 15 წუთიანი გამოსვლის მიმდინარეობისას, თვითონვე უპასუხა მათ.
მისი პასუხები საკმაოდ ვრცელი იყო, ჩვენ კი შეგვიძლია იმაზე გავაკეთოთ აქცენტი, რაც ასეთ დროს, ტექნოლოგიური კომპანიების როლზე ითქვა. ადამის თქმით, ასეთ დროს, ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდები, როგორიც Netflix ან Apple-ია, საკმაოდ კარგ გზებს პოულობენ მომხმარებელთან ძალიან საჭირო და სწორი კომუნიკაციის დასამყარებლად. კამპანია #metoo კი მისთვის საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ კოლექტიურ ტრავმასთან გამკლავების ძალიან კარგი გზა იყო და ზოგადად, ადამისთვის ტექნოლოგიური სამყარო მსგავს გამოწვევებთან გამკლავების კარგი გზაა.
ადამ სილვიენის რჩევები ბრენდებს ასეთია — კოლექტიური ტრავმის პირობებში, აუცილებელია იპოვოთ აქტუალური ნარატივები, მოძებნოთ საერთო სასაუბრო ენა, შეარჩიოთ შესაბამისი სიტყვები თუ ისტორიები, იმისათვის, რომ სწორად შეძლოთ სოლიდარობის გამოხატვა. ადამისთვის, ჰეშთეგებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში, ყველაფერი შესაძლებელია და როგორც ის ამბობს, თუ კოლექტიური ტრავმის მიღებას ვახერხებთ და ამაში სოციალური ქსელები ძალიან სწრაფად გვეხმარება, ბრენდებს შეუძლიათ ტრავმის უკუეფექტის მიღწევაც. მოკლედ რომ ვთქვათ, თანამედროვე ეპოქაში კოლექტიური ეიფორიის მიღწევა ისევე შესაძლებელია, როგორც კოლექტიური ტრავმის. ეს კი ბრენდებმა სხვადასხვა მოვლენაზე გამოხმაურებისას, თუ კამპანიების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ.
პანდემიის ეპოქაში ტექნოლოგიური ბრენდების რეაქციისა და სოლიდარულობის გამოხატვის მნიშვნელოვან მაგალითად ორი ტექნოლოგიური გიგანტისა და ამავდროულად, კონკურენტის თანამშრომლობა შეგვიძლია მივიჩნიოთ. Apple-მა და Google-მა, პანდემიის პირობებში, ძალიან ბევრ დაბრკოლებას გადააბიჯეს. მათ შეძლეს ერთად ემუშავათ და შეექმნათ ერთობლივი პროდუქტი — აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსის ეპიდკონტაქტების სწრაფ მოძიებაში დაეხმარებოდა ორივე ბრენდის მომხმარებელს.
შემდეგი სპიკერს — ერიკ აგილარს OMNITRON SENSORS-იდან ისეთი კომპანიებისთვის შეუქმნია სენსორები, როგორიცაა Tesla თუ Google. Touch-ზე ის საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდა და პერსპექტივებზე, რომლებიც სამყაროს ავტონომიური ტრანსპორტის ამოქმედების შემდეგ ელის. რა თქმა უნდა, ჩვენს ქუჩებში თვითმართვადი მანქანების გამოჩენა საკმაოდ საინტერესო, ამაღელვებელი და შესაძლოა, ბევრისთვის მიუღებელი მოვლენაა, თუმცა, ცოტანი თუ ვაცნობიერებთ, რა ტექნოლოგიური გადაწყვეტები დგას ამ ყველაფრის უკან. იმისათვის, რომ სახლის აშენება შევძლოთ, ჯერ პირველი აგური უნდა დავდოთ. სენსორები კი, რითაც რობოტები თუ თვითმართვადი მანქანები გარე სამყაროს აღიქვამენ — ხედავენ, გრძნობენ და ესმით, სწორედ ერიკ აგილარის მსგავსი ადამიანების ხელით იქმნება.
შესაძლოა, ბავშვობისას სათამაშო მანქანას, ან პულტს ყიდვისთანავე შლიდით. ეს ძალიან კარგის ნიშანია — თქვენ გაინტერესებდათ შიგნით რა ხდებოდა და როგორ მუშაობდა ესა თუ ის მოწყობილობა. ერიკ აგილარმა სწორედ ასეთი პროცესი გამოგვატარა — გვაჩვენა ჩვენთვის საინტერესო სისტემები რა დეტალების დახმარებით ახერხებენ ეფექტიან ფუნქციონირებას. მისი მთავარი აქცენტი კი, რა თქმა უნდა, სენსორებზე იყო.
კონფერენციის მეორე დღეს, ანუ 22 ნოემბერს არანაკლებ მნიშვნელოვანი თემების განხილვის მომსწრენი და მონაწილენი გავხდით. მაგალითად, MIcompany-ის AI ინჟინერი — ელაიზა კასაპოპოლი გვიყვებოდა ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ეს ტექნოლოგია გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, ვიწინასწარმეტყველოთ ფაქტებზე დაყრდნობით და ასე მივიღოთ კომპანიისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები. ამაში უდიდესი მნიშვნელობა მონაცემებს აქვს, რომელსაც ელაიზა ხელოვნური ინტელექტის მთავარ "საწვავს" უწოდებს. თავის მხრივ, გამოსვლის ფარგლებში სპიკერმა მონაცემები ორ მსხვილ კატეგორიად დაყო — შიდა მონაცემები, რომლებსაც კომპანია ბიზნესპროცესების შედეგად, შიგნით აგროვებს და გარე მონაცემები, რომლებიც ბიზნესს იმ გარემოსა თუ კლიმატის ანალიზსა და პროგნოზირებაში ეხმარება, რომელშიც მას ფუნქციონირება უწევს. ორივე შემთხვევაში, ელაიზას თქმით, სწორ მონაცემებზე დაშენებული ხელოვნური ინტელექტი გვევლინება პროგნოზირების საშუალებად, ისეთ ერთი შეხედვით მარტივ გადაწყვეტილებებშიც კი, როგორიცაა რა რაოდენობის პროდუქტი შევუკვეთოთ. AI-ის საშუალებით ასევე შეგვიძლია, გავცეთ ისეთ კითხვებს პასუხი, როგორიცაა — შეიცვლება თუ არა მომხმარებლის ქცევა უახლოეს მომავალში.
ელაიზას თემის გაგრძელება, ან პასუხი იყო შემდეგი გამოსვლა. ამჯერად, Touch-ის ვირტუალური სცენა Aligned Research Group-ის წარმომადგენელმა — კონსტანტინე ბაიჩენკოვმა დაიკავა. თუ ელაიზა ბიზნესში AI-ის ინტეგრირების აუცილებლობაზე გვიყვებოდა, კონსტანტინმა დაგვანახა, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბიზნესი AI-ის თავდასხმისგან. მართალია, გამოსვლის პარალელურად ჩატარებულ პატარა გამოკითხვაში მსმენელთა 100%-მა მიუთითა, რომ არასდროს სმენია ბიზნესზე, ან რამე სისტემაზე ხელოვნური ინტელექტის თავდასხმის შესახებ, ეს ინფორმაცია შეიძლება მომავალში საკმაოდ გამოსადეგი იყოს. მით უფრო, როცა DeepFake ტექნოლოგია სულ უფრო ვითარდება და სწორედ ამას მიიჩნევს ერთ-ერთ მიმდინარე საფრთხედ კონსტანტინეც. ის DeepFake-ს ყველაზე საშიშ ტექნოლოგიას უწოდებს, ბიზნესებს კი ურჩევს, მეტი დაცულობისთვის, კარგად იცოდნენ საკუთარი მონაცემები და ახერხებდნენ მათ შესაბამის დაცვას.
კვირის კონფერენციის მეორე ნახევარი მერიტ ფლეჩერმა გახსნა. ის კომპანია Meet-ის დამფუძნებელია. Meet-არის ვიდეოჩატის პლატფორმა, რომლის გამოყენება სხვდასხვა ცნობად სახეეებს თუ პროფესიონალებს შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ ამით მათ ფულის გამომუშავების საშუალება ეძლევათ. მომხსენებელი საკუთარ გამოსვლას ფასს ადებს და მსმენელი გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში შეძლებს მის მოსმენას.
აღსანიშნავია, რომ მერიტი მოდის სფეროში მოღვაწეობდა და საბოლოოდ ის ტექნოლოგიების სამყაროში აღმოჩნდა. ამით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ დღეს ტექნოლოგიები ეხება ყველას და ყველაფერს.
მოხსენებები მრავალფეროვანი იყო, ამაზე მეტყველებს ლევის უილიამსის სასაუბრო თემაც. უილიამსი Burrell Communications Group-ის უფროსი კრეატიული ოფიცერია. ის კონფერენციას ჩიკაგოდან ჩაერთო და აფროამერიკული კულტურის გლობალურ გავლენაზე ისაუბრა. უილიამსმა ძალიან ბევრი ცნობილი და გავლენიანი ფერადკანინი ადამიანი გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად დიდი როლი ითამაშეს მათ მუსიკაში, სპორტში, მოდაში, პოლიტიკაში და სოციალურ აქტივიზმში.
მომხსენებლებმა ბრენდების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. პაულ კამპილომ, რომელიც კომპანია Typeform-ის დამფუძნებელია ძლიერი ბრენდის შექმნის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორმულა გაგვანდო. "მიეცით შეკითხვებს დიალოგის ფორმა, ეს იქნება საწვავი თქვენი ბიზნესისთვის." — აღნიშნა მან.
დღე მრგვალი მაგიდით დაიხურა. გამომსვლელებს შორის ამჯერადაც საინტერესო დისკუსია შედგა. მნიშვნელოვანი იყო მაყურებლის შეკითხვებიც, რომელიც ბრენდების მნიშვნელობას, ბიზნესის როლს და ამ ყველაფერში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას ეხებოდა.
ამით Touch-ის ციფრული კონფერენციის პირველი კვირა დასრულდა. ის შაბათს, 28 დეკემბერს კვლავ გაგრძელდება, მანამდე კი მსმენელს შეუძლია ახალი გამომსვლელების სიას და სასაუბრო თემებს გადახედოს. ცხრილის გაცნობამ შეიძლება ყველა გამოსვლაზე დასწრების სურვილი გაგიჩინოთ. Magic Leap, Salesforce, HubSpot, Pipedrive, InVision და Wolt, ეს სულ მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომლის წარმომადგენლებიც კვირის ბოლოს გველიან. რაც იმასაც ნიშნავს, რომ შემდეგ კვირაში, ჩვენგან Touch Digital Summit-ის შეჯამების მეორე ნაწილს უნდა ელოდოთ.
კომენტარები