პატარა რობოტები ხიდებს, მანქანებსა და შენობებს წარმოქმნიან — კვლევა
ხიდის გაკეთება ორნაირად შეიძლება: ჩვეულებრივი მშენებლობით ან უამრავი პატარა რობოტის გამოყენებით, რომლებიც სხვადასხვა ფორმებად ორგანიზდებიან. აშშ-ის არმიისთვის და MIT-ის მკვლევრებისთვის მეორე გზა უფრო საინტერესოა.
იდეა ასეთია: სასურველ ადგილას მიგაქვთ რობოტებით გამოტენილი ყუთი, რომელსაც გახსნით. ეს რობოტები, ლეგოს სათამაშოების მსგავსად, ერთმანეთს ემაგრებიან და სხვადასხვა ფორმებს იღებენ. შემედგ კი, საჭიროების შემთხვევაში, ეს რობოტები იშლებიან და ყუთში ბრუნდებიან.
ეს შესაძლოა სამეცნიერო ფანტასტიკას გავდეს, თუმცა ტექნოლოგია, რომელიც მსგავსი მშენებლობის შესაძლებლობას მოგვცემს, უკვე არსებობს. MIT-ისა და აშშ-ის არმიის მკვლევრებმა, ცოტა ხნის წინ, ახლადშემუშავებულ ტექნოლოგიაზე სტატია გამოაქვეყნეს, სადაც აღწერენ, როგორ შეიძლება თვითორგანიზებადი რობოტების მასობრივი წარმოება და გამოყენება.
აშშ-ის არმიას ერთი მიზანი აქვს — ააშენოს გადაადგილებისთვის საჭირო კონსტრუქციები მინიმალური დანახარჯით და მაქსიმალური გამოსავლიანობით. თუმცა, ამისთვის თვითორგანიზებადი რობოტები საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია რობოტების საშენი მასალა, რომელიც გამძლე და მრავალჯერადი იქნება. ამასთანავე, რობოტების მოდელების შექმნამდე, მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი გაწვრთნეს, რომელიც მსგავსი ნაგებობებისთვის ყველაზე ოპტიმალურ ფორმებს იმუშავებს.
კვლევის მიხედვით, მას შემდეგ, რაც რობოტები კონსტრუქციას შექმნიან, მათ ხელახალი რეორგანიზაცია და ახალი ფორმის მიღება შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა ჯერ ადრეულ სტადიაზეა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ AI-ის დახმარებით, "ჭკვიანი მშენებლობების" გამოყენება მასობრივად იქნება შესაძლებელი.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები