ზოგ ცხოველს ხანდახან უცნაური, სრულიად თეთრი შეფერილობა აქვს. გარკვეული გენეტიკური მდგომარეობა ცოცხალ ორგანზმებს პიგმენტაციას (შეფერილობას) აკარგვინებს, რის გამოც ისინი სრულიად თეთრად გვევლინებიან. სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეულ პიგმენტაციის კარგვას ლეიკიზმი ეწოდება.

მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე თეთრი ჟირაფი არსებობდა, თუმცა ისინი ბოლო წლების მანძილზე ბრაკონიერებმა მოკლეს, ამიტომ მხოლოდ ერთიღა დარჩა, რომელიც რეინჯერებმა ცოტა ხნის წინ ტრეკერით აღჭურვეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ტრეკერის მეშვეუბით მათ ჟირაფის ადგილმდებარეობის მუდმივი მონიტორინგი შეეძლებათ, რაც ბრაკონიერობასთან ბრძოლას გაამარტივებს. ტრეკერი ჟირაფს რქაზე 8 ნოემბერს დაუმაგრდა.

ფოტო: ISHAQBINI HIROLA COMMUNITY CONSERVANCY

თეთრი ჟირაფები პირველად ტანზანიაში, შემდგომ კი კენიაში 2016 წელს გამოჩდნენ. ერთი წლის შემდეგ კი მდედრი ჟირაფის და მისი 7 თვის ნაშიერის გვამს მიაგნეს.

ჟირაფი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ძუძუმწოვარია, რომელიც 15 აფრიკულ ქვეყანაშია გავრცელებული. ბოლო 30 წლის მანძილზე ჟირაფების პოპულაცია 40%-ით შემცირდა, რაც მეტწილად ბრაკონიერობის ბრალია.

მსოფლიოში სულ 68 293 ჟირაფია, პოპულაციის სწრაფი შემცირების გამო ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირმა, ეს ცხოველი "წითელ სიაში" შეიყვანა.