ევროკავშირმა Pfizer-ისგან წინასწარ 300 მილიონი ვაქცინა შეიძინა
ევროკავშირმა ფარმაკოლოგიურ კომპანიასთან Pfizer წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა და კორონავირუსის ექსპერიმენტული, 300 მილიონი ვაქცინა წინასწარ შეიძინა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ეს მას აშშ-ზე უფრო იაფი დაუჯდა. როგორც ირკვევა, 27 ევროპული სახელმწიფო თავდაპირველად 200 მილიონ ვაქცინას შეიძენს და მათ საშუალება ექნებათ, რომ დარჩენილი 100 მილიონიც მოგვიანებით შეიძინონ.
Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივი პროდუქტი COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ექპერიმენტული ვაქცინაა. მათ ორიოდ დღის წინ კვლევის შუალედური შედეგების შესახებ ამცნეს მსოფლიოს და განაცხადეს, რომ ვაქცინა 90%-ზე მეტი ეფექტიანობით გამოირჩევა.
Pfizer-ისა და BioNTech-ისთვის ეს პირველი წინასწარი შესყიდვა არ გახლავთ. ერთ-ერთი მსხვილი კლიენტი აშშ არის, რომელმაც 100 მილიონი ვაქცინის შეკვეთა უკვე გააკეთა, რაც ევროკავშირთან შედარებით უფრო მოკრძალებული განაცხადია. ერთ ვაქცინაში აშშ $19,5-ს გადაიხდის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აშშ-ს შეუძლია კიდევ დამატებით 500 მილიონი ვაქცინა შეიძინოს. აღნიშნული ცალკე მოლაპარაკების საგანი იქნება და შესაბამისად, ახალ ფასზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
როგორც მოლაპარაკებების პროცესში ჩართულმა ევროკავშირის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში აღნიშნა, მათ თითო ვაქცინაში $19,5-ზე ნაკლების გადახდა მოუწევთ. ეს ყოველივე იმით არის განპირობებული, რომ ევროკავშირი და გერმანია მწარმოებლებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. რადგანაც მოლაპარაკებების პირობები კონფიდენციალურია, ოფიციალური პირები მასზე საჯაროდ არ ისაუბრებენ.
ამ კვირაში გერმანულმა ბიო-ტექ ფირმამ BioNTech მიანიშნა, რომ ერთეულის ფასზე გავლენას შეკვეთის მოცულობა ახდენს და ამგვარად, სხვადასხვა ქვეყნისა თუ რეგიონისთვის ვაქცინის ფასიც განსხვავებული იქნება. ევროკავშირის წარმომადგენელმა ზუსტი რიცხვი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ფასი $20-თან უფრო ახლოს არის, ვიდრე $10-თან.
ფასის შესახებ კომენტირებისგან თავი შეიკავა ორივე მწარმოებელმა. საუბარზე უარი განაცხადა მოლაპარაკებებში ჩართულმა ევროკავშირის კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც.
ივნისში, ევროკავშირის ფინანსურმა ორგანომ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა BioNTech-ს COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად €100 მილიონი სესხი გამოუყო. ამას მოყვა €375 მილიონიანი დაფინანსება გერმანიის კვლევის სამინისტროსგანაც.
ევროკავშირმა ვაქცინების შესყიდვაზე კონტრაქტები სხვა მწარმოებლებთანაც გააფორმა. მათ შორის არიან AstraZeneca, Sanofi, და Johnson & Johnson. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს შემდეგ კომპანიებთან: Moderna, CureVac და Novavax.
კომენტარები